საჭადრაკო ოლიმპიადის პირველი დღის შედეგები – საქართველოს ექვსივე ნაკრების გამარჯვება

მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის პირველი ტურის შეხვედრებში საქართველოს ექვსივე ნაკრებმა გამარჯვება მოიპოვა.

საქართველოს, როგორც მასპინძელი ქვეყნის სახელით ოლიმპიადაზე 3 ქალთა და 3 ვაჟთა ნაკრები თამაშობს.

24 სექტემბერს საქართველოს ქალთა პირველი ნაკრები პირველ ტურში სამხრეთ კორეის გუნდს დაუპირისპირდა და 3:1 გაიმარჯვა. პირველ დაფაზე ნანა ძაგნიძემ თეთრი ფიგურებით, ხოლო მესამეზე ასევე თეთრებით გაიმარჯვა ბელა ხოტენაშვილმა. შავი ფიგურებით მოთამაშე მერი არაბიძემ მეოთხე დაფაზე იმარჯვა. მეორე დაფაზე ლელა ჯავახიშვილმა დიდი მცდელობის მიუხედავად თავისი შეხვედრა დათმო.

ვაჟები სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებით დაკომპლექტებულ შშმ პირთა ნაკრებს ეთამაშნენ. ბაადურ ჯობავამ შავი ფიგურებით პირველ დაფაზე ყაიმი ითამაშა, დანარჩენებმა კი გაიმარჯვეს.

ქალთა მეორე ნაკრებმა 4:0 აჯობა სამხრეთ აფრიკის გუნდს. ასეთივე ანგარიშით დაამარცხა საქართველოს მესამე ნაკრებმა სეიშელის კუნძულების გუნდი.

საქართველოს ქალთა და ვაჟთა მესამე ნაკრებები 20-წლამდელთა ნაკრების მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული.

43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმში 6 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

_______________

მთავარ ფოტო: batumi2018.fide.com

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.