კომპანია „სოკარმა“ ქართველი და აზერბაიჯანელი მოჭადრაკეები დაასაჩუქრა

2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ფარგლებში, დღეს, 24 სექტემბერს, კომპანია „სოკარმა“ და მისმა გენერალურმა დირექტორმა, მაირ მამედოვმა,  საქართველოს ექვსი და აზერბაიჯანის ორი საჭადრაკო გუნდის ყველა წევრს საჩუქრები გადასცა.

მაირ მამედოვმა ყველა გუნდს წარმატება უსურვა და საჭადრაკო ოლიმპიადის ბათუმში გამართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ოლიმპიადა უზარმაზარი სპორტული მოვლენაა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ადამიანები ჩამოდიან ერთმანეთის, ქვეყნის გასაცნობად. ხედავენ რა მშვენიერია აქაურობა, როგორ თამაშობენ ქართველები ჭადრაკს, როგორი ლეგენდარული გვარები იცის მსოფლიომ საქართველოდან: გაფრინდაშვილი, ჩიბურდანიძე, ალექსანდრია, იოსელიანი და ა.შ.

ბედნიერები ვართ, რომ ჩვენი ქვეყნიდან, აზერბაიჯანიდან, არის მოჭადრაკეთა გუნდი ჩამოსული სათამაშოდ და ჩართულები ვართ საერთაშორისო დღესასწაულში. იმის მიუხედავად გუნდები მოიგებენ თუ წააგებენ, ჩვენ გადავწყვიტეთ საჩუქრებით გაგვემხნევებინა ოლიმპიადის მონაწილე ქართველი და აზერბაიჯანელი მოჭადრაკეები.“

წელს საქართველო რიგით 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადას მასპინძლობს, რომლის გენერალური სპონსორიც 2008 წლიდან კომპანია „სოკარია“. ოლიმპიადა გუშინ, 23 სექტემბერს, ბათუმში გაიხსნა. საჭადრაკო ოლიმპიადაზე წელს 190-მდე ქვეყნის მოჭადრაკე ქალთა და ვაჟთა გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი