რა ხორცი შედის ხელვაჩაურის საბავშვო ბაღებში – პოლიციამ ფაქტის შესწავლა დაიწყო

„საიდან მარაგდება ხელვაჩაურის საბავშვო ბაღები ხორცით, გაურკვეველია. დღეს საბავშვო ბაღების გაერთიანების ეზოში მოტანილი ხორცი უკან დააბრუნეს, ვიზუალურადაც ეტყობოდა, რომ გაფუჭებული იყო,“ – ამბობს მერაბ ღოღობერიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელი. მან საქონლის ხორცის წარმომავლობის რამდენიმე დოკუმენტი გვაჩვენა, რომელიც მას ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში მიაწოდეს. დოკუმენტებით ჩანს, რომ ხორცი სასაკლაოდან იმ კომპანიას არ მოაქვს, რომელსაც ტენდერი აქვს მოგებული.

დოკუმენტების ნამდვილობა და ის, რომ ხორცი უკან დააბრუნეს, „ბათუმელებს“ ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში დაუდასტურეს.

„დავაბრუნეთ ხორცი, რადგან ცენტრალურ ბაღში ვიზუალური დათვალიერების დროს სანიტარულმა ზედამხედველმა ხორცი დაიწუნა. ხორცის წარმომავლობაზე დოკუმენტი ჯერ არ მიგვიღია. დღის განმავლობაში ახალი ხორცი მოგვაწოდეს და პრობლემა არ შექმნილა, მხოლოდ ერთი ბაღიდან დავაბრუნეთ ხორცი,“ – აცხადებს ნატო შერვაშიძე, ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი.

ხელვაჩაურის საბავშვო ბაღებს საქონლის ხორცით შპს „სოფო“ ამარაგებს. ამ კომპანიამ ტენდერი მოიგო და მასთან კონტრაქტი 60 732 ლარზე 2018 წლის 29 აგვისტოს გაფორმდა.

„ჩვენ გაფრთხილება მივეცით ამ კომპანიას წინა კვირას. ოფიციალურად წერილობით ჩავაბარეთ გაფრთხილება. ახლა არ ვიცი, რა მოხდა, სატენდერო კომისია შეისწავლის საკითხს და ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს,“ – გვითხრა ნატო შერვაშიძემ.

გასულ კვირას შპს „სოფო“ ვეტერინარული მოწმობის გამო გააფრთხილეს. სატენდერო პირობების მიხედვით, კომპანიას ხორცი ქედის სასაკლაოდან, შპს „გიო 2001“-მა უნდა მიაწოდოს.

„ეს პირობა დაირღვა. ვეტერინალური მოწმობის მიხედვით, 16 სექტემბერს ხორცი, რომელიც მოგვაწოდეს, კომპანიამ ქობულეთში, ციხისძირის სასაკლაოდან წამოიღო,“ – ამბობს ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი.

ნატო შერვაშიძე ადასტურებს იმ დოკუმენტების ნამდვილობას, რომელიც მერაბ ღოღობერიძემ მოგვაწოდა. 16 სექტემბერს სურსათის ეროვნული სამსახურის მიერ გაცემული ვეტერინარული მოწმობის მიხედვით, ვინმე ყურბან გიოჯაევამ მიიღო ხორცი ციხისძირის სასაკლაოზე, 22 სექტემბერს კი ხორცი მუხამედ ბერიძემ მიიღო ქედის სასაკლაოზე და იგი ბათუმში, ლორიას 6-ში მიიტანა. ამ მოწმობებით არ ჩანს, რა კავშირი აქვთ დასახელებულ პირებს შპს „სოფოსთან“, რომელიც ხელვაჩაურის საბავშვო ბაღებს ხორცით ამარაგებს. ნატო შერვაშიძე ადასტურებს, რომ საქონლის ხორცის წარმოშობის ეს მოწმობები გაერთიანებას ნამდვილად შპს „სოფომ“ მიაწოდა.

„არ ვიცი, რატომ ფიგურირებენ სხვა პირები… ეს იყო პირველი შემთხვევა. კომპანიის წარმომადგენელი იყო ჩვენთან მოსული და გვითხრა, რომ რაღაც პრობლემა იყო ქედის სასაკლაოზე, კონკრეტულად რა – ვერ გავიგეთ. რატომ მიიტანეს ხორცი ლორიას 6-ში, ესეც უცნობია, ჩვენ ვიკვლევთ ამას,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ნატო შერვაშიძემ.

ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანებას საგამოძიებო ორგანოებისთვის არ მიუმართავს. პოლიციას მერაბ ღოღობერიძემ ქედაში მიმართა. ამბობს, რომ ეს მას შემდეგ გააკეთა, როცა დარწმუნდა, რომ ქედის სასაკლაო შპს „სოფოს“ არ გამოუყენებია.

„მიმდინარეობს ფაქტის შესწავლა ქედის პოლიციაში, გამოძიება ჯერ არ დაწყებულა,“ – გვითხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

„ბათუმელები“ შპს „სოფოს“ დირექტორს – სოფო გორგაძეს ტელეფონით დაუკავშირდა. „ჩვენ ყველა დოკუმენტს წარმოგიდგენთ, მერაბ ღოღობერიძე რასაც იძახის, აბსურდია და ჩვენ ამას დავადასტურებთ. დღეს პოლიციაშიც დაგვიბარეს, მაგრამ ვერ ვახერხებთ მისვლას,“ – გვიპასუხა ქალმა, რომლის თქმითაც ის სოფოს ახლობელია და თავად სოფო გორგაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გაგვესაუბრებოდა.

_______________________________

მთავარ ფოტოზე: დაწუნებული ხორცი ხელვაჩაურის მე-2 საბავშვო ბაღში. მერაბ ღოღობერიძის ფოტო.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი