მთავარი,სიახლეები

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე: საპრეზიდენტო კანდიდატის სიმაღლეს ვზომავთ მისი ფესვებიდან

24.09.2018 • 5680
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე: საპრეზიდენტო კანდიდატის სიმაღლეს ვზომავთ მისი ფესვებიდან

დღეს, 24 სექტემბერს,  საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მხარდამჭერებს შეხვდა ბათუმში. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ: აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, მინისტრები, უმაღლესი საბჭოს წევრები, ბათუმის მერი და საკრებულოს წევრები.

შეხვედრაზე თორნიკე რიჟვაძემ და დავით გაბაიძემ ისაუბრეს იმაზე, თუ რატომ უჭერს აჭარის მთავრობა მხარს სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებას.

დავით გაბაიძე, თორნიკე რიჟვაძე, სალომე ზურაბიშვილი

დავით გაბაიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე: „რატომ ვუჭერთ ქალბატონ სალომეს მხარს? იმიტომ, რომ ის არის ძალიან კარგი განათლების პატრონი, ძალიან კარგი პოლიტიკური კარიერის მქონე, კარგი პროფესიული კარიერის მქონე და ასევე ძალიან კარგ ფესვებზე გაზრდილი.

აქ ბევრი ვისაუბრეთ ემიგრაციაზე, ვნახეთ ფილმი, სადაც ძალიან კარგად ნათქვამი სიტყვები მინდა შეგახსენოთ, რომ ხის სიმაღლე ზედაპირიდან კი არა, ფესვებიდან იზომება და ამ შემთხვევაში, ჩვენ ის მდგომარეობა გვაქვს, როდესაც საპრეზიდენტო კანდიდატის სიმაღლეს ვზომავთ მისი ფესვებიდან და ვფიქრობთ, ძნელად მოიძებნება საქართველოში ადამიანი, რომელიც ისეთ ფესვებზეა გაზრდილი, როგორც სალომე ზურაბიშვილი“.

თორნიკე რიჟვაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე: „რატომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი? ის გახლავთ ღირსეული წინაპრების ღირსეული შთამომავალი, წინაპრების, რომლებმაც დაუდეს საფუძველი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიას, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას და სახელმწიფოებრიობას.

საპარლამენტო რესპუბლიკის მშენებლობა გულისხმობს დაბალანსებული, პრაგმატული პრეზიდენტის ინსტიტუტის არსებობას ჩვენს ქვეყანაში, სწორედ ამიტომ „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა ჰყავდეს ქვეყანას ზეპარტიული ლიდერი, მიუკერძოებელი პრეზიდენტი, რომელიც ღირსეულად შეძლებს ქვეყნის შიგნით და გარეთ ღირსეულად გაართვას თავი არსებულ გამოწვევებს, მას გააჩნია განსაკუთრებული გამოცდილება როგორც პოლიტიკის, ასევე დიპლომატიის განხრით და მისი ეს გამოცდილება ჩვენს ქვეყანას დაეხმარება ევროინტეგრაციის გზაზე.“

მაია ცქიტიშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი: „ქალბატონი სალომე წარმოადგენს შთამომავალს იმ პატრიოტების, იმ პირველი დემოკრატიის რესპუბლიკის დამფუძნებელი მამების შთამომავლობას. ჩვენ ვხედავთ რა ოჯახში, რა გარემოში და ხალხში გაიზარდა ქალბატონი სალომე, მთელი მისი ცხოვრება გამსჭვალული იყო პატრიოტიზმით და ემიგრაციაშიც კი მოახერხეს ქართველობის შენარჩუნება.

ქალბატონ სალომეს ვიცნობ ჯერ კიდევ 2012 წლიდან, როდესაც ერთად დავიწყეთ საქართველოში ახალი დემოკრატიის განახლება. ახალი ბრძოლა სამართლიანობისთვის, ჩვენ მაშინაც ერთად ვიბრძოდით სამართლიანობისთვის“.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ პროფესორი შუშანა ფუტკარაძე, ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის ლექტორი გულიკო შერვაშიძე და სხვები.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: