მოქალაქე: მამაჩემის სიცოცხლე დაზღვეული იყო, ბანკი სესხის დაფარვას მაინც მემკვიდრეებს გვთხოვს

„იმედს ვიტოვებთ, გაგებით მოეკიდებით სადაზღვევო კომპანიის და ბანკის პოზიციას,“ – ამ ფრაზით სრულდება „საქართველოს ბანკის“ წერილი, რომელიც ბათუმში მცხოვრებმა ზვიად ბერიძემ 27 აგვისტოს მიიღო. ზვიად ბერიძის მამა 7 ივლისს გარდაიცვალა. იმის მიუხედავად, რომ მისი სიცოცხლე დაზღვეული იყო, ბანკი სესხის დაფარვას მემკვიდრეებს სთხოვს. მოქალაქე ბანკის წინააღმდეგ სასამართლო დავას აპირებს.

„დაკრძალვამდე შევატყობინე ბანკს, რომ მამა გარდაიცვალა,“ – გვიყვება ზვიად ბერიძე. მას ბანკში სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის მიერ შედგენილი სამედიცინო ცნობა წარუდგენია, სადაც ეწერა, რომ „გერასიმ ბერიძე ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა“ და პოლიციის მოწმობაც – სამართალდამცველებს გამოძიება არ დაუწყიათ.

გერასიმ ბერიძე 63 წლის იყო. მას ბანკის ვალი დაახლოებით 35 ათასი ლარი ჰქონდა. გარდაცვალებამდე გერასიმს ბანკთან სესხის დაფარვის კუთხით დავალიანება არ ჰქონია. სიცოცხლის დაზღვევისთვის გერასიმ ბერიძე თვეში 8 ლარს იხდიდა.

„გარდაცვალებიდან დაახლოებით ერთ თვეში, აგვისტოში, ბანკიდან შეგვატყობინეს, რომ დაზღვევა არ ანაზღაურდებოდა, რადგან გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია. ბანკში მისულს მითხრეს, რომ გვამის ექსპერტიზა უნდა ჩატარებულიყო. მე როგორ უნდა ჩამეტარებინა ექსპერტიზა?“ – კითხულობს ზვიად ბერიძე.

„ბანკის ეს მოთხოვნა კანონსაწინააღმდეგოა,“ – მიიჩნევს მირზა მამულაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი. მისი განმარტებით, გვამის გაკვეთას შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი სჭირდება და სურვილის არსებობის შემთხვევაშიც კი, გვამს ოჯახის გადაწყვეტილებით ვერ გაკვეთავდნენ.

„დოკუმენტებიდან ჩანს, რომ პოლიციას არ დაუწყია გამოძიება, არც წინასაგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულა. სასწრაფო-სამედიცინო სამსახური კი სიკვდილის ზუსტ მიზეზს ვერ დაადგენდა. დაზღვევა, ბუნებრივია, ითვალისწინებს გამომრიცხველ გარემოებებს, როგორიცაა, მაგალითად, თვითმკვლელობა, ფსიქიკური აშლილობა, სისხლის სამართლის დანაშაული, საომარ ვითარებაში გარდაცვალება, მაგრამ ამ შემთხვევაში გამომრიცხავი გარემოება არ არსებობდა. ოჯახი თავისი სურვილით გვამის გაკვეთის თხოვნით ექსპერტიზას ვერ მიმართავდა, რეალურად ოჯახი ამ მტკიცებულებას ვერ შექმნიდა,“ – ამბობს იურისტი მირზა მამულაძე.

„გარდაცვლილი მსესხებლის ვალდებულების შესრულება ეკისრება მემკვიდრეს… ამასთანავე, ბანკი მზად არის კიდევ ერთხელ მიმართოს მზღვეველ კომპანიას სადაზღვევო ანაზღაურების მოთხოვნით, თუკი მოპოვებული იქნა სამედიცინო მოწმობა, სადაც მითითებული იქნება გერასიმ ბერიძის გარდაცვალების კონკრეტული, უტყუარად დადგენილი მიზეზი,“ – წერია ბანკის მიერ ზვიად ბერიძისთვის გაგზავნილ წერილში.

როგორ უნდა დადგინდეს გერასიმ ბერიძის გარდაცვალების „უტყუარი მიზეზი“, თუკი გამოძიება არ დაწყებულა და სამართალდამცავ ორგანოს გვამის გაკვეთის ვალდებულება არ მიუღია – განმარტება „საქართველოს ბანკს“ ვთხოვეთ, თუმცა წერილობით გვიპასუხეს: „აღნიშნული ინფორმაცია კონფიდენციალურია და სამწუხაროდ, არ გაიცემა მესამე პირზე.“

საია-ს იურისტი მირზა მამულაძე კიდევ ერთი მიმართულებით ხედავს პრობლემას: სიცოცხლის დაზღვევის კუთხით „საქართველოს ბანკს“ ხელშეკრულება „ალდაგთან“ ჰქონია გაფორმებული, რომელიც მისი შვილობილი კომპანიაა.

„დაზღვევის პირობების შესახებ ბანკსა და კლიენტს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში პრაქტიკულად არაფერი წერია. ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ სადაზღვევო პირობების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურ ინტერნეტგვერდზეა ხელმისაწვდომი. ამ კუთხით არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა. მსგავს ვითარებაში სასამართლომ მტკიცების ტვირთი დააკისრა სადაზღვევო კომპანიას, რადგან დაინტერესებული პირისთვის პირდაპირ ხელმისაწვდომი არ იყო შეთანხმება. გამოდის, რომ მთავაზობ კონკრეტულ პირობაზე შეთანხმებას ისე, რომ პირობის დეტალები ჩემთვის უცნობია,“ – აღნიშნავს მირზა მამულაძე.

„კაბალური პირობები“ – ასე აფასებს საია-ს იურისტი ბანკსა და მოქალაქეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების კიდევ ერთ პუნქტს: თუკი მემკვიდრემ დასაბუთებული უარი მიიღო, მას უფლება აღარ აქვს სადაზღვევო ანაზღაურება მოითხოვოს.

„მზღვევლის მიერ სადაზღვევო ანაზღაურებაზე მოტივირებული უარის თქმის შემთხვევაში „საქართველოს ბანკის“ წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულება დაზღვეულის მემკვიდრეების ვალდებულებად რჩება. ამგვარ შემთხვევაში, დაზღვეულის მემკვიდრეებს არ აქვთ უფლება მოსთხოვონ მზღვეველს სადაზღვევო ანაზღაურება,“ – ვკითხულობთ ხელშეკრულებაში.

„ფაქტობრივად სადაზღვევო კომპანია და ბანკი შეეცადნენ, დაინტერესებული პირისთვის წაერთმიათ სასამართლოსთვის მიმართვის უფლება, რაც წინააღმდეგობაში მოდის სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ უფლების სასამართლო წესით დაცვის საყოველთააობის პრინციპთან,“- დასძენს მირზა მამულაძე.

„დღემდე ჯარიმები ირიცხება, მამაჩემის პირადი ნომრით ვამოწმებ… 6 ათასი ლარი უკვე დამატებულია სესხს. უახლოეს დღეებში სასამართლოში ვაპირებ სარჩელის შეტანას,“ – გვითხრა ზვიად ბერიძემ.

„საქართველოს ბანკის“ წერილი ზვიად ბერიძეს

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი