მთავარი,სიახლეები

ენმ: საუბნო კომისიების „დამოუკიდებელი“ წევრები რეალურად „ქართულმა ოცნებამ“ შეარჩია

24.09.2018 • 1894
ენმ: საუბნო კომისიების „დამოუკიდებელი“ წევრები რეალურად „ქართულმა ოცნებამ“ შეარჩია

„საუბნო კომისიების ე.წ. დამოუკიდებელი წევრები რეალურად „ქართულმა ოცნებამ“ დააკომპლექტა,“ – აცხადებს ირმა ხოროიშვილი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. მან დღეს გამართულ ბრიფინგზე მუნიციპალიტეტების მიხედვით საუბნო კომისიების წევრების ჩამონათვალი წარმოადგინა, რომლებიც სხვადასხვა საჯარო სამსახურში დასაქმებული საჯარო მოხელეების ოჯახის წევრები არიან.

„საუბარია ოლქის მიერ არჩეულ წევრებზე. ათობით არის ასეთი შემთხვევა, როცა საუბნო კომისიის წევრი მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლის ნათესავი, ან ოჯახის წევრია. მათ ნაწილს საარჩევნო გამოცდილება აქვს, მაგრამ კანონში პირდაპირ წერია, რომ ოლქის მიერ არჩეული წევრები ნეიტრალურები უნდა იყვნენ, მათ არ უნდა ჰქონდეთ პოლიტიკური გავლენა,“ – ამბობს ირმა ხოროიშვილი.

საუბნო კომისიებში 6-6 დამოუკიდებელი წევრი საოლქო კომისიებმა კონკურსის წესით შეარჩიეს, თუმცა გასაუბრება კანდიდატებთან არ შემდგარა. საოლქო კომისიებმა განმარტეს, რომ კანდიდატების სიმრავლის გამო ვერ მოხერხდა გასაუბრება.

რატომ უნდა ეთქვა უარი საოლქო კომისიას კონკრეტული პირის არჩევაზე, თუკი იგი რომელიმე საჯარო მოხელის მეუღლეა? – ირმა ხოროიშვილმა გვიპასუხა, რომ საჯარო მოხელეების ოჯახის წევრებს პოლიტიკური გავლენა ექნებათ.

„ზოგიერთი მათგანი წინა არჩევნებზე „ქართულ ოცნებასაც“ წარმოადგენდა. საოლქო კომისიები იტყვიან, რომ მათ ამის უფლება ჰქონდათ და კანონი არ დაურღვევიათ, მაგრამ ჩანს, რომ „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური გავლენა აქვს საარჩევნო ადმინისტრაციაზე,“ – დასძინა ირმა ხოროიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: