მთავარი,სიახლეები

სარფი-ქემალფაშას გზაზე ავარიის შედეგად საქართველოს 11 მოქალაქე დაშავდა

23.09.2018 • 12341
სარფი-ქემალფაშას გზაზე ავარიის შედეგად საქართველოს 11 მოქალაქე დაშავდა

ტრაბზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცნობით, დღეს, 23 სექტემბერს, დაახლოებით დილის 10 საათზე, სარფი-ქემალფაშას გზაზე, სარფის საზღვრიდან ერთ კილომეტრში, თურქული სანომრენიშნიანი მიკროავტობუსი ავტობუსს შეეჯახა, რის შედეგადაც დაშავდა მიკროავტობუსში მყოფი საქართველოს  11 მოქალაქე.

საკონსულოს ცნობით, საქართველოს მოქალაქეები გადაყვანილ იქნენ ხოფისა და არხავის სახელმწიფო საავადმყოფოებში,  სადაც მიიღეს პირველადი სამედიცინო დახმარება.

ამ დროისათვის საქართველოს მოქალაქეთა ერთი ნაწილი, პირადი სურვილით, გაწერილია საავადმყოფოებიდან, ხოლო 7 მოქალაქე, სამედიცინო დაკვირვების მიზნით, რჩება საავადმყოფოებში. სასწრაფოს დახმარების მთავარი ექიმის მოადგილის იაშარ დაღის განცხადებით, დამატებითი გამოკვლევის მიზნით,  ორი მოქალაქე გადაყვანილია ართვინის რეგიონალურ სახელმწიფო საავადმყოფოში.

საკონსულოს ცნობით, საქართველოს მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და დღის ბოლომდე მოხდება მათი გაწერა სამედიცინო დაწესებულებებიდან.

„გენერალური საკონსულო კონტაქტზეა სამედიცინო დაწესებულებების ექიმებთან და თვალყურს ადევნებს საქართველოს მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობას,“ – აღნიშნულია საკონსულოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: