მთავარი,სიახლეები

საია წინასაარჩევნო გარემოსა და საარჩევნო ადმინისტრაციებში ნეპოტიზმის შემთხვევებზე 

22.09.2018 • 2893
საია წინასაარჩევნო გარემოსა და საარჩევნო ადმინისტრაციებში ნეპოტიზმის შემთხვევებზე 

მეორე თვეა წინასაარჩევნო გარემოს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ აკვირდება. ირმა პავლიაშვილი, საია-ს აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ სიმშვიდის მიუხედავად, პრობლემები ღიად ჩანს. ზოგიერთი მათგანი დაუხვეწავ კანონმდებლობას უკავშირდება, ზოგი – პოლიტიკურ ნებას.

საია ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად ისევ საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების საკითხს მიიჩნევს – საარჩევნო კომისიებს, რომლებსაც არჩევნების ჩატარების ვალდებულება აქვთ, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება კიდევ უფრო გაუჭირდებათ – ფიქრობენ საია-ში. რა რჩება პრობლემად – „ბათუმელები“ ირმა პავლიაშვილს ესაუბრა, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აღმასრულებელ დირექტორს.

ქალბატონო ირმა, თქვენ აგვისტოდან აკვირდებით წინასაარჩევნო პერიოდს. რა დარღვევები დაფიქსირდა, რამდენად შეიცვალა საარჩევნო გარემო? 

საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა: საარჩევნო პერიოდი მშვიდად მიმდინარეობს, მას პიკისთვის არ მიუღწევია, როცა საარჩევნო სუბიქტები დაპირისპირებულ მდგომარეობაში არიან, გარკვეული გამონაკლისის გარდა. თუმცა კონკრეტულ გამოწვევებს წელსაც ვხედავთ, მაგალითად, საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტება. ჩვენ გამოვითხოვეთ საჯარო ინფორმაცია საარჩევნო ოლქებიდან, თუ რა გამოცდილების მიხედვით შეარჩიეს ადამიანები, რამდენად ჰქონდათ მათ საარჩევნო კუთხით გამოცდილება. გამოიკვეთა, რომ 73-დან 10 შემთხვევაში ადამიანები, რომლებიც ოლქში ნეიტრალურ წევრებად აიყვანეს, წინა არჩევნებში მმართველ პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენდნენ.

გამოიკვეთა ნეპოტიზმის და პოლიტიკურ პარტიებთან სავარაუდო აფილირების შემთხვევებიც. ხუთ შემთხვევაში ოლქში წარმოდგენილი ადამიანი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის, ერთ შემთხვევაში კი, სუს-ის მაღალჩინოსნის ნათესავია. კანონის დარღვევასთან არ გვაქვს საქმე, მაგრამ ჩნდება კითხვა: როგორ მოხდა ამ კანდიდატებისთვის უპირატესობის მინიჭება?

საარჩევნო კანონმდებლობით გასაუბრების კომპონენტიც აღარ არის სავალდებულო. შესაბამისად, გამჭვირვალედ ვერ ვხედავთ: რამდენიმე კანდიდატის არსებობის შემთხვევაში, ვის რატომ ანიჭებს უპირატესობას კომისია.

საოლქო კომისიას ბათუმში ჰქონდა არგუმენტი, რომ საუბნო კომისიების წევრების შერჩევის დროს კანდიდატებს ვერ გაესაუბრებიან, მათი სიმრავლის გამო. 

სხვა საოლქო კომისიებსაც იგივე არგუმენტი ჰქონდათ. ამ არგუმენტის საპირწონედ ჩვენ 73 საარჩევნო ოლქიდან გამოვითხოვეთ ინფორმაცია იმის გასარკვევად, თუ საუბნო კომისიების დონეზე რამდენი კონკურსანტი იყო. ამის მიხედვით იქნება შესაძლებელია იმის თქმა: იყო თუ არა შესაძლებელი გასაუბრების ჩატარება. ჩვენ დეტალურ დასკვნებს ინფორმაციის დამუშავების შემდეგ წარვუდგენთ საზოგადოებას.

აქვეა მეორე კომპონენტი: ამ პირებს უნდა ჰქონდეთ საარჩევნო გამოცდილება და ზოგიერთ შემთხვევაში, არც კი ხდებოდა გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა კომისიებისთვის. გამოცდილების შესახებ კანდიდატებმა მხოლოდ საკონკურსო განაცხადებში მიუთითეს.

ფიქრობთ, რომ გასაუბრებას საოლქო კომისიებმა მიზანმიმართულად აარიდეს თავი? 

ჩვენ ვვარაუდობთ, რომ იმ ვადებში, რაც საოლქო კომისიებს საუბნო კომისიების წევრების შესარჩევად ჰქონდათ, გასაუბრების ჩატარება შესაძლებელი იყო. მთავარი იყო ამის სწორად ორგანიზება და ნება. ჩვენ გვქონდა ინიციატივაც, თუ რა ფორმით არის შესაძლებელი ამ პროცესის გამართვა შედარებით მოკლე დროში და იმგვარად, რომ პოლიტიკური გავლენებიც მეტნაკლებად გამოირცხოს.

ჩვენ ვთავაზობდით საარჩევნო ადმინისტრაციას ორდონიან ტესტირებას. ერთი – ეს იყო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის და მეორე საოლქო და ცენტრალური საარჩევნო კომისიებისთვის, შესაბამისი კომპეტენციის დასადგენად. კანდიდატები, რომლებიც წარმატებით ჩააბარებდნენ ამ ტესტირებას, კანონმდებლობაში შესაბამისი პროცედურების ცოდნის კუთხით, შეიქმნებოდა ბაზა და შემდეგ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეარჩევდნენ ამ ბაზიდან პირებს საარჩევნო კომისიებისთვის, ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით. სამწუხაროდ, ამ ინიციატივის გაზიარებაზე უარი გვითხრეს.

სიტუაციას რამდენად ართულებს ის, რომ წელს უკვე მმართველ პოლიტიკურ პარტიას საარჩევნო კომისიებში სამი წევრი ეყოლება ერთის ნაცვლად. მესამე სექტორს კი არაერთხელ გამოგითქვამთ მოსაზრება, რომ კომისიის დანარჩენ დამოუკიდებელ ექვს წევრსაც ხშირად პოლიტიკური გავლენა ეტყობა. 

2017 წელს შეიცვალა ეს მდგომარეობა და განისაზღვრა, რომ შედეგობრივად პროპორციულად ხდება კომისიებში წევრთა რაოდენობის განსაზღვრა. კომისიის იმ წევრების შერჩევა, რომელიც ირჩევა პროფესიონალიზმიდან გამომდინარე, ხშირად დაკავშირებული იყო და გადაწყვეტილებებს იღებდა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ. ჩვენ ხშირად გვინახავს შემთხვევა, როცა კანონის ჩანაწერი ირღვევა და ეს პირები დამოუკიდებლად და მხოლოდ კანონიდან გამომდინარე არ იღებენ გადაწყვეტილებას.

იზრდება რისკი, რომ საარჩევნო კომისიებს კიდევ უფრო გაუჭირდებათ დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება? 

რისკი, რა თქმა უნდა, მაღალია. ჩვენ განგრძობითად დავაკვირდებით ამ საქმიანობას. რეალურად კომისიებში პროფესიონალური ნიშნით არის ვინმე არჩეული, თუ პოლიტიკური პარტიის მიერ, კანონი კომისიის ყველა წევრს ნეიტრალურობის და ობიექტურობის პრინციპის დაცვას ავალდებულებს. ერთიანობაში დააკვირდება საია საარჩევნო ადმინისტრაციების საქმიანობას.

დღეს როგორია საიას შეფასება, რამდენად სამართლიანი საარჩევნო გარემო გვაქვს? მოგვისმენია სხვადასხვა განმარტება პრობლემურ სიტუაციაში, რომ „კანონი არ დარღვეულა“. იგივე გვითხრა, მაგალითად, ბათუმის საოლქო კომისიის თავმჯდომარე – ციალა შავაძემაც, როცა მისი და ქედის საოლქო კომისიის წევრად აირჩიეს. 

ბევრი ასპექტი უნდა გავითვალისწინოთ. წინასაარჩევნო გარემო შეიძლება ითქვას სამართლიანია, მაგრამ გარკვეული გამოწვევები ისევ არის. ეს ეხება საარჩევნო კანონმდებლობასაც, რომელიც დახვეწას საჭიროებს. პრობლემა იყო, მაგალითად, ბათუმში ისიც, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობამ ვერ უზრუნველყო საარჩევნო სუბიექტებისთვის პლაკატების სტენდების განთავსება. პრობლემური საკითხია იგივე მედია მდგომარეობა, რამდენად თანაბრად ხელმისაწვდომია მედია ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის და ბალანსის პრობლემა, ასევე კომუნიკაციის ეროვნული კომისია, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში არასწორ განმარტებებს აკეთებს. კომისიამ მიიჩნია, რომ წინასაარჩევნო პერიოდი დაიწყო პირველი აგვისტოდან, ანუ როცა პრეზიდენტმა არჩევნები გამოაცხადა და არა 28 აგვისტოს, არჩევნებამდე 60 დღით ადრე.

კანონში პირდაპირ წერია, რომ მხარეებს თანაბარი უფლებები და ვალდებულებები სწორედ არჩევნებამდე 60 დღეში წარმოეშობათ. ასევე კომუნიკაციების კომისიამ „რუსთავი 2“-ის შემთხვევა საარჩევნო კოდექსის ნორმების შესაბამისად განიხილა, „ობიექტივთან“ მიმართებაში კი მაუწყებლობის შესახებ კანონი გამოიყენა…

საზოგადოებრივი აზრის კვლევის კუთხითაც პრობლემური ნაწილი ისევ ღიად დარჩა. ამ შემთხვევაში კანონი ზუსტად არ განმარტავს, რა მეთოდოლოგიით, რა ფორმით უნდა შემოწმდეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების სანდოობა. ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ, საბოლოოდ კომისიამ გვითხრა, რომ ისინი გამოკითხულ პირთა პერსონალურ მონაცემებს არ გაამჟღავნებდნენ, მაგრამ ანკეტებთან წვდომა უნდა ჰქონდეთ.

რამდენად გაძლიერდნენ ის ინსტიტუტები, რომლებმაც სამართლიანი საარჩევნო გარემო უნდა უზრუნველყონ? 

ამ კითხვის საპასუხოდ მინდა გავიხსენო ახლახანს ჩვენი მონიტორინგის შედეგის პრეზენტაცია, რასაც არაეთიკური გამოხმაურება მოჰყვა იგივე ცესკოს თავმჯდომარის მხრიდან. ეს იყო არაეთიკური გამოხმაურება, რადგან კანონის მიხედვით მას შეეძლო მხოლოდ ობიექტურ და დასაბუთებულ კრიტიკაში შემოსულიყო.

მანდატიდან გამოვიდა და ობიექტური არბიტრის ფუნქცია დაკარგა, ასევე უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ, რომელმაც ის  გაგვაკრიტიკა, რომ ჩვენი მონიტორინგის შედეგს არც კი გასცნობია – მან სხდომაზე მოითხოვა შედეგების ამობეჭდვა. ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ როდესაც საჭიროა გარკვეული სენსიტიური გადაწყვეტილებების მიღება, შესაძლოა, ეს გადაწყვეტილებები არ იყოს კანონთან შესაბამისობაში და იყოს გარკვეული დისბალანსი.  ჩვენთან არსებობს როგორც კანონის დახვეწის, ისე მისი აღსრულების და ნებელობის პრობლემა.

უკვე 44 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია დარეგისტრირდა დამკვირვებლად. რეგისტრაციის პროცესი გრძელდება. რამდენად არსებობს რისკი, რომ ამ ორგანიზაციების დიდი ნაწილი რეალურად პოლიტიკური დაკვეთას ახორციელებდეს? 

ასეთი ორგანიზაციების რაოდენობა იზრდება. არაერთხელ ყოფილა შემთხვევა წინა არჩევნებზე, როცა ვითომდა სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელს უთქვამს, რომ ის რეალურად კონკრკეტულ პარტიას წარმოადგენს. იყო შემთხვევები, როცა ისინი ჩვენს წარმომადგენლებს ხელს უშლიდნენ უფლებამოსილების განხორციელებაში. ვხედავთ ისეთი ორგანიზაციების მომრავლებას, რომელთა ინტერესს არ წარმოადგენს ობიექტური, ნეიტრალური დაკვირვება და საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდება.

ვლევების მიხედვით, ისევ დიდია იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, ვისაც არჩევანი გამოკვეთილი არ აქვს. თქვენი აზრით, უნდა დაფიქსირდეს თუ არა იმ ამომრჩევლის პროტესტი, რომელიც არჩევნებზე მიდის და პროტესტის ნიშნად ყველა კანდიდატს ხაზავს? 

თუკი დავაკვირდებით, მართლაც დიდია ნიჰილისტური განწყობები. კანონის მიხედვით, როცა ყველა კანდიდატი გადახაზულია, ბიულეტენი ითვლება ბათილად და არ ფიქსირდება ამომრჩევლის პროტესტი. ჩვენი აზრით, ამას სჭირდება კვლევა: რეალურად რამდენია ბათილად მიჩნეულ ბიულეტენში ისეთი ბიულეტენი, სადაც ამომრჩევლებმა პროტესტის ნიშნად ყველა გადახაზეს. გარკვეულ ქვეყნებში ამ მიმართულებით არსებობს საკანონმდებლო რეგულაციები. ჩვენ ამ საკითხის შესწავლას ვაპირებთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: