მთავარი,სიახლეები

გამოსავალი ისევ ქალებშია, ანუ მეტი ქალი ბიზნესში

21.09.2018 • 3369
გამოსავალი ისევ ქალებშია, ანუ მეტი ქალი ბიზნესში

„იმ კომპანიებში, რომლებშიც ქალთა ჩართულობა მაღალია, ბიზნესმომგებიანობა 24 %-ით მაღალია,“ – ეს მონაცემი „სიდას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე ზურაბიშვილმა ბიზნესში ჩართულ ქალებთან შეხვედრის დროს გააჟღერა. რატომ არის საჭირო მეტი ქალი ბიზნესში – ამ თემაზე დღეს, 21 სექტემბერს, სასტუმრო „ჰილტონში“ ისაუბრეს. „სიდამ“ ბიზნესკომპანიები ქალთა გაძლიერების კუთხით პროგრამაში ჩასართავად მიიწვია. კომპანიებმა შეხვედრაზე დასასწრებად, ძირითადად, ქალი თანამშრომლები გამოუშვეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“ [სამოქალაქო განვითარების სააგენტო] ბიზნესსექტორში ქალთა გაძლიერების კუთხით კომპანიებს საკონსულტაციო მომსახურებას სთავაზობს. გაეროს ქალთა ფონდი „საქართველო“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტს ახორციელებს. ამ პროექტის ნაწილია ბიზნესსექტორში ქალების გაძლიერება, რასაც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით „სიდა“ ახორციელებს. პროგრამაში 2018 წლის იანვრიდან უკვე ჩართულია 18 კომპანია, აჭარიდან – არც ერთი. აჭარაში „სიდა“ ამ პროექტის განხორციელებას სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან თანამშრომლობით გეგმავს.

„თანამშრომლობისთვის კომპანიების მხრიდან მხოლოდ ხელის მოწერა არ კმარა. ჩვენი სამუშაო ჯგუფი შედის ორგანიზაციაში და იწყებს შეფასებას, წერს ინტერვიუებს, როგორც ქალ, ასევე კომპანიის მამაკაც თანამშრომლებთან. ამ შეფასების შემდეგ დგება სამოქმედო გეგმა კომპანიაში ქალთა გაძლიერების კუთხით. სამოქმედო გეგმას ხელს აწერს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი. ჩვენ ამ კომპანიებს უფასო ტრენინგებს და საკონსულტაციო მომსახურებას ვთავაზობთ,“ – უთხრა დარბაზში შეკრებილებს „სიდას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე ზურაბიშვილმა.

რა სახის დახმარება შეიძლება გაუწიოს „სიდამ“ კომპანიებს – სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, ეს სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს, მაგალითად, რეკლამის დაგეგმავს, სადაც ხშირად ქალი სამზარეულოში ჩანს, კაცი – ავტომანქანაში. კონსულტაცია შესაძლოა გაიცეს ასევე ვაკანსიის გამოცხადებაზეც, რომელიც, „სიდას“ დაკვირვებით, ხშირად იმ ფორმით ქვეყნდება, რომ მასში მონაწილეობა ქალებს უკვე აღარ სურთ – დისკრიმინაციული დამოკიდებულებების გამო.

„ჩვენ ვმუშაობთ კომპანიის შიგნით არსებულ დოკუმენტაციაში დისკრიმინაციული ჩანაწერების იდენტიფიცირებასა და მათ აღმოფხვრაზე. ტარდება, მაგალითად, ტრენინგები ადამიანური რესურსების სამსახურის ხელმძღვანელისთვის იმ კუთხითაც, რომ მას შეეძლოს სამსახურში იმის დაფიქსირება, არის თუ არა რომელიმე თანამშრომელი სექსუალური ძალადობის, ან ოჯახში ძალადობის მსხვერპლი. სხვადასხვა მიდგომაა, რითაც შეიძლება ქალთა გაძლიერება, მათი დაწინაურება, მენეჯერულ პოზიციებზე დანიშვნა. ჩვენ ყოველწლიურად დავაჯილდოებთ იმ კომპანიებს, რომლებიც სამოქმედო გეგმას წარმატებით შეასრულებენ,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ სალომე ზურაბიშვილმა.

„სიდას“ წარმომადგენლები ბიზნესში ჩართულ ქალებს მსოფლიოს სხვადასხვა ბიზნესკომპანიის მაგალითებს მოუყვნენ იმის შესახებ, თუ როგორ გააძლიერეს ქალები. მაგალითად, „ნესტლეს“ პაკისტანის ოფისს გამოცხადებული აქვს, რომ ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში ინტერვიუზე დაბარებული ადამიანების 50 % ქალი უნდა იყოს. ამ ორგანიზაციამ ასევე დანერგა „მიკერძოებულობის ტრენინგი ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის [HR] თანამშრომლებისთვის.

„დადასტურებულია, რომ HR-ის განწყობა ხშირად ბევრ რამეს ცვლის. მაგალითად, თუკი HR-ს ჰგონია, რომ სამშენებლო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსად აუცილებლად კაცი თანამშრომელი სჭირდება, იქ აუცილებლად კაცი დასაქმდება,“ – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

ქალთა გაძლიერების კუთხით კიდევ ერთი მაგალითი „ეთიოპიის ავიახაზებმა“ შექმნა: ბანგკოკის მიმართულებით დანიშნულ რეისზე სრული შემადგენლობა ქალები არიან – პილოტიდან დაწყებული, ტექნიკური თანამშრომლების ჩათვლით.

როგორ დადგინდა, რომ ქალთა მეტი ჩართულობით ბიზნესი უფრო მომგებიანი ხდება? -„ბათუმელების“ ამ შეკითხვაზე „სიდას“ აღმასრულებელმა დირექტორმა გვითხრა, რომ კვლევა მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით ცნობილმა კომპანიამ – „მაკენზი კომ“ ჩაატარა  და შეისწავლეს მსოფლიო მასშტაბით 500-ზე მეტი კომპანია.

„კვლევით დადგინდა, რომ ქალების მენეჯერულ პოზიციებზე დანიშვნით ამ კომპანიებში ფინანსური სარგებელი გაიზარდა. ასევე დადგინდა, რომ, ზოგადად, თანამშრომლების მოტივაციას ზრდის ქალების ჩართულობა ბიზნესსაქმიანობაში, თანამშრომლების პროდუქტუნარიანობა იმავე კომპანიებში 22 %-ით გაიზარდა,“ – ამბობს სალომე ზურაბიშვილი, „სიდას“ აღმასრულებელი დირექტორი.

შეხვედრაზე კომპანია „m2“-ის მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა თამარ რამიშვილმაც წარმოადგინა პრეზენტაცია. ეს კომპანია უკვე ჩართულია „ქალთა გაძლიერების პროგრამაში“ და 2016 წელთან შედარებით, როცა კომპანიაში მხოლოდ 2 ქალი მენეჯერი  იყო, ახლა იგი ხუთამდე გაიზარდა.

შეხვედრაზე ბიზნესში ჩართულ ქალებს, ასევე კომპანიებში დასაქმებულ ქალებს კითხვები არ დაუსვამთ. „ხომ არ აპირებთ მიკროგრანტების გაცემას?“ – იკითხა შეხვედრის დასრულებამდე ასლან ლორთქიფანიძემ, აჭარის მცირე და საშუალო ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარემ.

„ამ პროექტის ფარგლებში ეს არ იგეგმება, თუმცა ეს კარგი იდეაა,“ – უპასუხა შეკითხვას „სიდას“ აღმასრულებელმა დირექტორმა.

სალომე ზურაბიშვილი, „სიდას“ აღმასრულებელი დირექტორი

„თითქმის იგივე შეუძლია ქალს“ – ეს ფრაზა ახსენა ბიზნესში სქესის უპირატესობაზე საუბრის დროს ერთ-ერთმა მეწარმემ, მაყვალა კვირიკაძემ. მას 1993 წლიდან ყვავილები მოჰყავს და ყიდის. მას ვკითხეთ, რატომ ახსენა „თითქმის“.

მაყვალა კვირიკაძე, მეწარმე

„მეუღლე რომ არ მყოლოდა გვერდით, ვერაფერს მივაღწევდი… მე თანასწორუფლებიანობის მომხრე ვარ. ქალებს ხშირად ეშინიათ საქმის დაწყების. თუ მოინდომებ, ყველაფერი გამოვა. არ უნდა იყოს განსხვავება ქალსა და კაცს შორის. ჩემს სოფელში, ახალსოფელში, ბერძნებს მოჰყავდათ ყვავილები, მერე მეც მომინდა და შემიყვარდა ეს საქმე,“ – გვითხრა მაყვალა კვირიკაძემ.

„თავდაპირველად ფუტკრების დედოფალს მეძახდნენ, ახლა მეფუტკრე მანანას. დაიჯერეს, რომ ბიზნესის კეთება შემიძლია,“ – ამბობს მანანა ბოლქვაძე. ის ფუტკრის ბიზნესშია ჩართული.

მანანა ბოლქვაძე მიიჩნევს, რომ მამაკაცისთვის უფრო ხელსაყრელია ბიზნესგარემო, ვიდრე ქალებისთვის და დისკრიმინაციულობის კუთხით არსებითად არაფერი შეცვლილა.

„ვგულისხმობ ფინანსებზე ხელმისაწვდომობას. ქალი ბიზნესმენი ხშირად ვერ იღებს ბანკისგან სესხს, რადგან ამას საბანკო უზრუნველყოფა სჭირდება, ქალი კი უძრავი ქონების მესაკუთრე არ არის. მე ქალ ბიზნესმენთა კოოპერატივების ასოციაციის კოორდინატორი ვარ და იქაც უთქვამთ, რომ ეჭვის თვალით უყურებენ, როცა ქონების გადაფორმებას ითხოვ. უთქვამთ, რომ ეს ოჯახში კონფლიქტის მიზეზი გამხდარა და ასე სესხის მიღება აღარ უნდათ.

საზოგადოება ეჭვის თვალით უყურებს ჯერ კიდევ იმას, რომ ქალს ბიზნესი გამოუვა. მეც თავდაპირველად „ფუტკრების დედოფალს“ მეძახდნენ ხუმრობით მამაკაცი ბიზნესმენები. დიდხანს ვგრძნობდი ეჭვს ჩემ მიმართ, არ მენდობოდნენ. ახლა მხვდებიან და ამბობენ, რომ ეს მეფუტკრე მანანაა. ქალს მეტი ძალისხმევის გაღება სჭირდება იმისთვის, რომ ეს დაამტკიცოს.

ვფიქრობ, გამოსავალი ისევ ქალებშია. ქალებმა უნდა გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები, „კუხნაში“ მათ არავინ დაინახავს, იქ არავინ მიაკითხავს მათი ნიჭის აღმოსაჩენად. ჩემზე ბევრად ძლიერი ქალები არსებობენ, მაგრამ ისინი იკარგებიან,“ – გვითხრა მანანა ბოლქვაძემ.

მანანა ბოლქვაძე, მეწარმე

„ხშირ შემთხვევაში, როცა ქალების ჩართულობაზე მიდის საუბარი, ორგანიზაციები ქალ თანამშრომელს უშვებენ შეხვედრაზე. ეს აჩვენებს დამოკიდებულებას, რომ კაცები არ, ან ნაკლებად საუბრობენ, ფიქრობენ ამ პრობლემაზე. ისინი თვლიან, რომ ქალებს აინტერესებთ მხოლოდ ეს თემა,“ – გვითხრა „სიდას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე ზურაბიშვილმა. მას ვკითხეთ მოსაზრება, თუ რატომ მოვიდნენ შეხვედრაზე ძირითადად ქალები.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: