20 ათასი ლარის უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ოთხი ფაქტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ოთხი  ფაქტი გამოავლინა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ სამეგრელოს, ქვემო ქართლისა და აჭარის რეგიონებში, დანაშაულში მხილებული პირები, შემდგომი რეალიზაციის მიზნით,  სხვადასხვა დასახელების, საერთო ჯამში, 4 211 კოლოფი უაქციზო სიგარეტის გადაზიდვას ახდენდნენ.

ხოლო,  კახეთის რეგიონში, ამოღებულია ე.წ. ელექტროსიგარეტის IQOS-ისთვის  განკუთვნილი „HEETS“ ფირმის 800 კოლოფი თამბაქოს  ნაწარმი.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული უაქციზო საქონლის საერთო საბაზრო ღირებულება 20 000 ლარს აღემატება,“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება მიმდინარეობს  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე  ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com