მთავარი,სიახლეები

ვის შეეძლება დედების თავშესაფრით სარგებლობა აჭარაში – პროგრამა ფართოვდება

20.09.2018 • 3325
ვის შეეძლება დედების თავშესაფრით სარგებლობა აჭარაში – პროგრამა ფართოვდება

2019 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მარტოხელა დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამის გაფართოებას გეგმავს. პროგრამით სარგებლობას მომავალი წლიდან აჭარაში რეგისტრირებული ის დედებიც შეძლებენ, რომელთაც მარტოხელა დედის სტატუსი არ აქვთ, თუმცა რთულ მდგომარეობაში იმყოფებიან: არ აქვთ უსაფრთხო საცხოვრებელი და საჭირო თანადგომა.

„სამინისტროს მომართავდნენ ქალები არასრულწლოვანი შვილებით, რომლებიც არ იყვნენ მარტოხელა დედები, თუმცა იყვნენ მიუსაფრები, არ ჰყავდათ თანამდგომი და აუცილებელი იყო მათთვის რაღაც გარემოს შექმნა, რომ დაცული ყოფილიყო მათი უსაფრთხოება და ბავშვთა მიტოვების პრევენციის საკითხები. რადგან ეს პრობლემა გამოიკვეთა, გადავწყვიტეთ ასეთ დედებსაც გავუწიოთ დახმარება – ესენი იქნებიან მიუსაფარი, ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი დედები. ერთ-ერთი შემთხვევა იყო, მაგალითად, რომ ბავშვი არის მამის გვარზე, ანუ დედას მარტოხელა მშობლის სტატუსი არ აქვს, ამავე დროს ბავშვი შეზღუდული შესაძლებლობისაა, ქალს არ ჰყავს მხარდამჭერი ოჯახიდან, მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება. ასეთ დროს იზრდება ბავშვის მიტოვების რისკი. გვინდა, რომ ბიოლოგიური ოჯახი გაძლიერდეს და ბავშვი იყოს დედასთან – ეს არის ჩვენი პირველი მიზანი, ამიტომ გადავწყვიტეთ პროგრამა იყოს არა მხოლოდ მარტოხელა დედებისთვის, არამედ სხვა, მიუსაფარი დედებისთვის, რომელთაც მცირეწლოვანი შვილი ან შვილები ჰყავთ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ინდირა ნაკაიძემ, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსმა.

მისივე თქმით, პროგრამაში ჩართვა შეიძლება სოციალური სააგენტოს მონაწილეობით. ჯერ სააგენტო შეისწავლის პრობლემას და მისი დასკვნის საფუძველზე, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში კომისია განიხილავს ბენეფიციარის პროგრამაში ჩართვის აუცილებლობას.

პროგრამა უზრუნველყოფს დედა-შვილს უსაფრთხო საცხოვრებლით, კვებით, ჰიგიენური ნივთებით და სამედიცინო მომსახურებით, საჭიროების შემთხვევაში. ამავე პროგრამის ფარგლებში ხდება მშობელთა პროფესიული გადამზადება და მათი დასაქმების ხელშეწყობა. ერთ ბენეფიციარზე დღეში 17 ლარია გათვალისწინებული.

მარტოხელა დედები მახინჯაურში, სამედიცინო ასოციაცია „თანას“ მიერ მოწყობილ დედათა და ბავშვთა თავშესაფარში ცხოვრობენ. ინდირა ნაკაიძის თქმით, ამ დრომდე ეს ორგანიზაცია საუკეთესო პირობებს სთავაზობს მარტოხელა დედებს:

„ვფიქრობთ, დედები აქ დარჩებიან იმ დრომდე, სანამ ბავშვი არასრულწლოვანია. წესით, ათ წლამდე უნდა იყოს ერთი ბავშვი მაინც, რომ ბენეფიციარი პროგრამაში მოხვდეს, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს სოციალური მუშაკის დასკვნას, მისი დასკვნის საფუძველზე შეიძლება გამონაკლისის დაშვება“.

დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2013 წლიდან ახორციელებს. ამ დრომდე პროგრამა 20 ბენეფიციარზე იყო გათვლილი, 2019 წლიდან კი 40 ბენეფიციარს [დედები და შვილები] შეეძლება მისით სარგებლობა. სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, პროგრამაში ცვლილებები შევიდეს.

პროგრამის წლიური ბიუჯეტი 248 200 ლარი იქნება. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით ისარგებლებენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

_______________

მთავარ ფოტოზე: სამედიცინო ასოციაცია „თანას“ შენობა, სადაც დედათა და ბავშვთა თავშესაფარი ფუნქციონირებს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: