„აჭარის ტელევიზიის“ კამერა ქორწილში – სასამართლოს გადაწყვეტილება

მოსამართლე ირმა ტოგონიძემ “აჭარის ტელევიზიის” მიმდინარე მაუწყებლობის ყოფილი უფროსის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ირაკლი ბარამიძე სამსახურში უნდა აღადგინონ და განაცდური ხელფასი – თვეში 2300 ლარი გადაუხადონ სამსახურში აღდგენამდე. ირაკლი ბარამიძე “აჭარის ტელევიზიის” დირექტორმა – ნათია კაპანაძემ გასულ წელს გაათავისუფლა.

ირაკლი ბარამიძეს “აჭარის ტელევიზიამ” მას შემდეგ შეუწყვიტა შრომითი კონტრაქტი, რაც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვიდეოკამერა ქორწილში აღმოჩნდა. ეს შემთხვევა გასული წლის 23 მარტს მოხდა. არასამუშაო დღეს ირაკლი ბარამიძემ საინფორმაციო სამსახურის ოპერატორს – მინდია მალაყმაძეს, რომელიც იმ დღეს ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ქორწილს იღებდა, ტელევიზიის ვიდეოკამერა გაატანა და ბოტანიკურ ბაღში ე.წ. სატელევიზიო არტის გადაღება დაავალა.

“აჭარის ტელევიზია” სასამართლოში აცხადებდა, რომ ირაკლი ბარამიძეს არ ჰქონდა უფლებამოსილება, რომელიმე თანამშრომლისთვის ვიდეოკამერა გაეტანებინა. ირაკლი ბარამიძე კი ამბობდა, რომ კამერა თანამშრომელს არტის გადასაღებად გაატანა.

“სასამართლოს ამ შემთხვევისთვის უხეში სამართალდარღვევის შეფასება არ მიუცია,” – განმარტა მოსამართლე ირმა ტოგონიძემ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ.

მოსამართლემ ასევე თქვა, რომ სასამართლომ ტელევიზიის შინაგანაწესის დარღვევა დაინახა, მაგრამ დისციპლინირების ყველაზე მკაცრი ფორმა – სამსახურიდან გაშვება, შესაბამის ღონისძიებად არ მიიჩნია.

სასამართლომ არ დააკმაყოფილა ირაკლი ბარამიძის სარჩელი საქმიანი რეპუტაციის შელახვის ნაწილში. საუბარია ნათია კაპანაძის ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარებზე ირაკლი ბარამიძის სამსახურიდან გაშვების შემდეგ.

“ეს ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში,” – დასძინა მოსამართლემ.

მოსამართლე ირმა ტოგონიძემ ასევე არ დააკმაყოფილა სარჩელი მისი დაუყონებლივი აღსრულების ნაწილში. შესაბამისად, ირაკლი ბარამიძეს სამსახურში არ აღადგენენ, თუკი გადაწყვეტილებას “აჭარის ტელევიზია” გაასაჩივრებს. ასეთ შემთხვევაში საქმეზე სასამართლოს ზემდგომმა ინსტანციებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება.

ამ დროისთვის უცნობია, გაასაჩივრებს თუ არა რომელიმე მხარე ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

 

ამ თემაზე:

„აჭარის ტელევიზიის“ კამერა ქორწილში – მხარეთა არგუმენტები სასამართლოში

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი