დავა 6-მილიონიანი ტენდერისთვის და მოსაწესრიგებელი ქუჩები „ჭაობის“ დასახლებაში

ბათუმში, „ჭაობის“ დასახლებაში, რამდენიმე ქუჩის კეთილმოწყობაზე საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 6 587 866 ლარი გამოყო და შესაბამისი ტენდერიც გამოაცხადა, რომელიც მიმდინარე წლის 30 ივლისს დასრულდა.

სამმართველოს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების გამო კი, სატენდერო პროცედურები ამ დრომდე გრძელდება. შესაბამისად, ვერ ხერხდება გამარჯვებულის გამოვლენა, ხელშეკრულების გაფორმება და სამუშაოების დაწყება.

ამ ტენდერზეა დამოკიდებული შემდეგი ქუჩების მოწესრიგება: ბაგრატიონის შესახვევი; გურამიშვილის ქუჩა; გურამიშვილის შესახვევი; მელიქიშვილის I შესახვევი; ოსტროვის I შესახვევი; სააკაძის ქუჩა; სააკაძის შესახვევი; ჩოლოყაშვილის II შესახვევი.

ელექტრონულ ტენდერში ორი კომპანია [„დაგი“ და „ზიმო 7“] მონაწილეობდა, რომელთაგან სატენდერო კომისიამ ერთს – „დაგს“, დისკვალიფიკაცია მისცა.

კომპანიამ კომისიის გადაწყვეტილება დავების საბჭოში გაასაჩივრა, საბჭომ კი მისი საჩივარი დააკმაყოფილა. აქედან გამომდინარე, კეთილმოწყობის სამმართველოს სატენდერო კომისია იძულებული გახდა შეეცვალა თავისი გადაწყვეტილება და „დაგი“, რომელსაც ადრე დისკვალიფიკაცია მისცა, ხელახლა მოიწვია ხელშეკრულების გასაფორმებლად.

თავის მხრივ, კომისიის ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა ტენდერში მონაწილე მეორე პრეტენდენტმა. „ზიმო 7“ ტენდერიდან „დაგის“  დისკვალიფიკაციას კვლავ ითხოვს. ამასთან, მოითხოვს დაევალოს საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს მუდმივმოქმედ სატენდერო კომისიას შეაფასოს მომდევნო, ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტი.

დავების საბჭოს „ზიმო 7“-ის საჩივარი გუშინ, 18 სექტემბერს, უნდა განეხილა. გადაწყვეტილება საბჭოს ვებგვერდზე ატვირთული ჯერ არ არის.

კეთილმოწყობის სამმართველოს შესყიდვების განყოფილების უფროსის, ზაზა ღორჯომელაძის ინფორმაციით, მათ საბჭოს გადაწყვეტილება დღეიდან 10 დღის ვადაში უნდა ჩაბარდეთ: „შესაბამისად, სატენდერო პროცედურები შეჩერებულია და საბჭოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განახლდება. როგორც კი საბჭოს გადაწყვეტილება ცნობილი გახდება, შემდეგ მიიღებს ჩვენი კომისია თავის გადაწყვეტილებას“.

ზემოთ აღნიშნული ქუჩების კეთილმოწყობას ბათუმის მერიას „დაგი“ 6 294 702 ლარად სთავაზობს, ხოლო „ზიმო 7“ – 6 521 715 ლარად.

ა[ა]იპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს“ ხელმძღვანელის, სულხან ევგენიძის ინფორმაციით, „ჭაობის დასახლებაში“ ქუჩების კეთილმოწყობა ეტაპობრივადაა დაგეგმილი.

„ქუჩების კეთილმოწყობა, პუშკინის ქუჩიდან ბაგრატიონის ქუჩამდე მონაკვეთში, დაგეგმილია, რომ დასრულდეს 2019 წელს. რაც შეეხება ბაგრატიონის ქუჩის იქეთა ტერიტორიას, დამოკიდებული ვართ მიწისქვეშა კომუნიკაციების სამუშაოებზე. იქ, სადაც წყლისა და კანალიზაციის სამუშაოები უკვე დასრულებულია, ვაწესრიგებთ, ხოლო სადაც არ არის გაკეთებული, კანალიზაციის ქსელის დასრულების შემდეგ მივყვებით და კეთილმოვაწყობთ,“ – აცხადებს სულხან ევგენიძე.

 

მთავარი ფოტო: მოსაწესრიგებელი ქუჩები „ჭაობში“/სატენდერო დოკუმენტებიდან
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com