რა სჭირდებათ მეზღვაურებს გერმანულ და ხორვატიულ გემებზე დასაქმებისთვის – რეკომენდაციები

იმ მეზღვაურებს, რომლებსაც განათლება ქართულ საზღვაო სასწავლებლებში აქვთ მიღებული, 13 სექტემბრის შემდეგ საშუალება ეძლევათ გერმანულ და ხორვატიულ გემებზეც დასაქმდნენ.  ამიერიდან ქართული დიპლომით მსოფლიოს 47 ქვეყანაშია დასაქმება შესაძლებელი, აქედან 19 ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში.

გერმანული და ხორვატიული დროშის ქვეშ მცურავ გემებზე დასაქმების  შესაძლებლობა მეზღვაურებს საზღვაო ფორუმზე ხელმოწერილი მემორანდუმით მიეცათ, რითაც ამ ორმა სახელმწიფომ ქართველ მეზღვაურთა კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატები  აღიარა.

„ახლა ყველაფერი კომპეტენტური მეზღვაურების და კომპეტენტური საკრუინგო კომპანიების ხელშია. მთავარი წინაღობა რომ არ გვაღიარებდნენ, მოხსნილია,“ –  ამბობს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო დირექტორის მოადგილე ივანე აბაშიძე „ბათუმელებთან“. ის პირადად იყო მოლაპარაკებებში ჩართული, რომლის შედეგადაც ქვეყნებს შორის მემორანდუმის გაფორმება გახდა შესაძლებელი.

მისი თქმით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საზღვაო და სანაოსნო ადმინისტრაციას მემორანდუმზე ხელმოწერის გადაწყვეტილება გერმანიის გემთმფლობელთა ასოციაციასთან კონსულტაციის გარეშე არ მიუღია. გერმანულმა მხარემ გერმანელ გემთმფლობელთა ასოციაციასთან აწარმოა მოლაპარაკებები და მოიკვლია რამდენად იყო გემთმფლობელთა მხრიდან ინტერესი ქართველი მეზღვაურების დასაქმებაზე მათ კომპანიებში. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ მემორანდუმი ხელმოწერილია, ქართველ მეზღვაურებს გერმანულ გემებზე დასაქმების რეალურ შანსს აძლევს.

ივანე აბაშიძე დეტალურად ხსნის, თუ რა უნდა გააკეთონ მეზღვაურებმა იმისათვის, რომ სასურველ გერმანულ ან ხორვატიულ გემზე მოხვდნენ.

ივანე აბაშიძე: „დღევანდელი მდგომარეობით, როდესაც ქართველი მეზღვაური გადაწყვეტს დასაქმდეს გერმანიაში, არის ორი ვარიანტი: ან გემთმფლობელი თავად მოიძიოს, ან გემთმფლობელმა მოიძიოს საკრუინგო კომპანიის მეშვეობით.

ორი აქტორი შემოდის მოქმედებაში – უშუალოდ მეზღვაური, რომელსაც შეუძლია პირდაპირ დასაქმდეს გემთმფლობელზე გასვლით და საკრუინგო კომპანია, რომელმაც ხელშეკრულება უნდა გააფორმოს გემთმფლობელთან საშუამავლო დასაქმების შესახებ.

ახლა ბურთი არის ქართული საკრუინგო კომპანიების მოედანზე. ქართულმა საკრუინგო კომპანიებმა დროულად უნდა გააკეთონ ის, რომ გერმანელ გემთმფლობელებზე გავიდნენ. სამართლებრივი პრობლემა დასაქმებასთან დაკავშირებით, მოხსნილია.

მეზღვაურს საკრუინგო კომპანიის გარეშეც შეუძლია გერმანიის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე დასაქმება. შეუძლია მოიძიოს გემთმფლობელი, გააგზავნოს მისი საბუთები, მოთხოვნილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების და ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში უკვე გერმანიის საზღვაო ადმინისტრაცია მართვის დონის მეზღვაურზე გასცემს ე.წ. სერტიფიკატის აღიარების დადასტურებას.

საკრუინგო კომპანია ასრულებს შუამავლის როლს. ამ შუამავალმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ყველანაირი დოკუმენტაციის ისე მომზადება და გაფორმება, რომ გემთმფლობელს ნაკლები ზრუნვა მოუწიოს. მაგალითად, მეზღვაურს ჩაუტაროს კომპეტენციის ტესტი, მოუწესრიგოს ყველა საბუთი, პასპორტი, ვიზა, მოუმზადოს ხელშეკრულება და ა.შ.  საკრუინგო კომპანია ამაში ანაზღაურებას გემთმფლობელისგან იღებს.

ამ მემორანდუმით ქართველ მეზღვაურებს ეძლევათ შეუზღუდავი დასაქმების საშუალება გერმანიის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე. ეს არის რამდენიმე ასეული, ძალიან მაღალი ხარისხის, ძალიან სანდო ორგანიზაციების და გემთმფლობელების საკუთრებაში არსებული გემები, ძალიან მაღალი ანაზღაურებით“.

გარდა დასაქმებისა, გერმანული მხარე ქართულ მხარეს საგანმანათლებლო პროცესშიც დაეხმარება.

„ჩვენ დავეხმარებით საქართველოს პირადი შემადგენლობის მომზადებასა და სწავლებაში. დარწმუნებული ვარ, ეს მოიტანს იმ შედეგს, რომ საქართველო თავისი მეზღვაურებით და ნაოსნობაში დასაქმებული ადამიანებით გავა საერთაშორისო ასპარეზზე,” – ეს განცხადება მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საზღვაო და სანაოსნო ადმინისტრაციის გენერალურმა დირექტორმა,  რეინჰარდ კლინგელმა გააკეთა.

იგივე მოდელი ვრცელდება ხორვატიასთან მიმართებაშიც.

ამავე თემაზე:

ქართველი მეზღვაურების კომპეტენციის სერტიფიკატი გერმანიამ და ხორვატიამ აღიარეს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი