ბანკთაშორისი გადარიცხვები 1 საათით ხანგრძლივდება

საქართველოს ეროვნული ბანკის [სები] განცხადებით, 2018 წლის 17 სექტემბრიდან ბანკთაშორისი საგადახდო სისტემის სამუშაო გრაფიკი 1 სთ-ით გახანგრძლივდება, რაც საშუალებას მისცემს კომერციულ ბანკებს მომხმარებლების გადარიცხვები სამუშაო დღის 18:00 საათამდე შეასრულონ.

„ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემის ახალი სამუშაო გრაფიკი დადგინდა ბანკთაშორისი საგადახდო სისტემის [RTGS სისტემის] წესებით, რომლის მიხედვით, კლიენტის გადარიცხვების შესრულების ზღვრულ დროდ განისაზღვრა 18:00 სთ. დღემდე ასეთ გადახდებს RTGS სისტემა მხოლოდ 17:00 საათამდე ამუშავებდა. აღნიშნული ცვლილება ზრდის ბანკების შესაძლებლობას, კლიენტებისგან მიღებული საგადახდო დავალებები შეასრულონ იმავე დღესვე,“ – აცხადებს ეროვნული ბანკი.

RTGS სისტემის მართვას საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებს. აღნიშნული სისტემის მონაწილეები საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკები და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურია, რაც, სების განცხადებით, გულისხმობს, რომ ზემოთ აღნიშნული ცვლილება შეეხება როგორც ბანკიდან ბანკში გადარიცხვებს, ასევე ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში მიმართულ გადახდებს.

„RTGS სისტემა ბანკთაშორისი ეფექტიანი საგადახდო სისტემაა, რომლის დანერგვითაც მინიმუმამდეა დაყვანილი საოპერაციო რისკები, მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული სისტემაში გადარიცხვების დამუშავების პროცესი, საოპერაციო საათების განმავლობაში ბანკთაშორისი გადარიცხვები იწარმოება დავალებათა დამუშავების უწყვეტ რეჟიმში, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უზრუნველყოფილია წვდომის უსაფრთხოება და სისტემაში გამავალი ინფორმაციის დაცულობა.“ – აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი

ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com