კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

ძეგლის მცირე რეაბილიტაცია – 135 ათასი ლარი სააგენტოსგან დაცვის სამსახურის ოფისის რემონტისთვის

16.09.2018 • 2910
ძეგლის მცირე რეაბილიტაცია – 135 ათასი ლარი სააგენტოსგან დაცვის სამსახურის ოფისის რემონტისთვის

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მცირე რეაბილიტაციის პროექტი – ასე ჰქვია დოკუმენტს, რომელიც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაკვეთით მომზადდა და რომლის მიხედვითაც ბათუმში, ე.წ. „საბაევის სახლი“ უნდა გაარემონტონ. შენობაში, რომელიც მემედ აბაშიძის გამზირისა და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის კვეთაში მდებარეობს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფისია განთავსებული.

„საბაევის სახლის“ ფასადის რეაბილიტაციაში წინა წლებში სააგენტომ 415 200 ლარი გადაიხადა. რაც შეეხება შენობის შიდა რემონტს, 2017 წელს გამოცხადებული ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა. ტენდერში, სადაც თანხა 96 500 ლარი იყო, სამი კომპანია მონაწილეობდა, თუმცა სააგენტოს სატენდერო კომისიამ სამივეს დისკვალიფიკაცია მისცა ტექნიკური დოკუმენტაციის გამო.

ამჯერად, „საბაევის სახლის“ „მცირე რეაბილიტაციისთვის“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს 135 ათას 500 ლარი ლარი აქვს გამოყოფილი. წინა ტენდერიდან განსხვავებით თანხა 39 ათასი ლარითაა გაზრდილი. შესასრულებელი სამუშაოები ორივე ტენდერში, ფაქტობრივად, ანალოგიურია, თუმცა ბოლო ტენდერის ხარჯთაღრიცხვაში მათი ჩამონათვალი ოდნავ არის გაზრდილი.

შენობის შიგნით არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

შენობის გასარემონტებლად გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2018 წლის 30 სექტემბერს დაიწყება და 5 ოქტომბერს დასრულდება. შენობა 2018 წლის 15 დეკემბრამდე უნდა გარემონტდეს. საგარანტიო ვადა 3 წელია.

რატომ ატარებს ამ შემთხვევაში სამუშაოებს სააგენტო  და არა სახელმწიფო დაცვის სამსახური? – ამ კითხვის პასუხად სააგენტოში გასულ წელს გვითხრეს, რომ „რადგან საქმე ეხება ძეგლს, გასულ წელს შესრულდა გარე ფასადზე სამუშაოები; გარკვეული სამუშაოები ჩასატარებელია შენობის შიგნითაც. ვინაიდან სააგენტოც და დაცვის სამსახურიც ორივე სახელმწიფო სსიპ-ებია, ამ შიდა სამუშაოებისთვის თანხა გათვალისწინებული იქნა ჩვენს ბიუჯეტში და არა დაცვის სამსახურის ბიუჯეტში. ამაზე წინასწარი შეთანხმება სამსახურებს შორის იყო.“

ამავე თემაზე:

სახელმწიფო დაცვის სამსახურის ოფისს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო გაარემონტებს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: