ოჯახში ძალადობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს

შსს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბოლო პერიოდში აჭარაში, იმერეთში, შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში ოჯახში ძალადობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს.

ოჯახში ძალადობის ბრალდებით აჭარაში, შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში 3 პირია დაკავებული. მათ მიმართ გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლით და 11-პრიმა 151-ე მუხლით მიმდინარეობს.

ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1954 წელს დაბადებული რ.ს. ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ რ.ს.-მ შვილს – 1974 წელს დაბადებულ მ.ს.-ს დანით სხეულზე დაზიანება მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიციამ ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავა, დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა კი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11-პრიმა 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com