მთავარი,სიახლეები

„სან რემოს“ მესაკუთრე ბათუმის მერიისგან ნებართვას ელოდება – რა კეთდება რესტორნის ადგილზე

16.09.2018 • 23776
„სან რემოს“ მესაკუთრე ბათუმის მერიისგან ნებართვას ელოდება – რა კეთდება რესტორნის ადგილზე

რესტორანი „სან რემო“, რომელიც ბათუმის ბულვარში მდებარეობს, მუშაობას ამავე სახელით გააგრძელებს. რაც შეეხება რესტორნის შენობას და მის მიმდებარე ტერიტორიას, რომელიც რესტორნის მესაკუთრეზე 49-წლიანი იჯარითაა გაცემული, დაგეგმილია მისი რეკონსტრუქცია.

„ბათუმელებმა“ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ორჯერ მიმართა მერიას იმის გასარკვევად, თუ რა იგეგმება „სან რემოს“ ტერიტორიაზე, თუმცა ორივე ჯერზე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ შენობის რეკონსტრუქცია ან ამ ადგილას რაიმე ტიპის მშენებლობა არ იგეგმება და მათთან პროექტი არ შესულა, „სან რემოს“ მესაკუთრე კომპანიაში კი ამბობენ, რომ პროექტი უკვე მერიაშია და ნებართვას ელოდებიან:

„ბათუმის მერიაში შევიტანეთ პროექტი და ამ თვის ბოლოს ველოდებით ნებართვას. პროექტთან დაკავშირებული თითქმის ყველა პროცედურა გავლილი გვაქვს და საბოლოო ვერსია არის ჩვენ მიერ დამუშავებული და შეტანილი. გვქონდა წინასწარი კონსულტაციები მერიის არქიტექტურის სამსახურთან და თუ კი რაიმე ხარვეზი იყო, ერთობლივად გავდიოდით,“ – განაცხადა „ბათუმელენთან“ ჯუმბერ ჭყონიამ, კომპანია „ხიდი 2006“-ის დირექტორმა.

მისივე თქმით, პროექტი თურქეთში, სტამბულში მომზადდა, ვინაიდან „რისი გაკეთებაც გვინდოდა, საქართველოში ვერ გავაკეთეთ. რასაც ვაკეთებთ, რევოლუციური პროექტი იქნება სარესტორნო ქსელში, რომელიც ევროპის მასშტაბით ათეულში შევა“.

ჯუმბერ ჯყონია ამბობს, რომ რესტორანთან ერთად გაკეთდება ლაუნჯბარები, იქნება სპეციალური საბავშვო გასართობი დარბაზი, სადაც ბავშვებს ადგილზე ცალკე პერსონალი მოემსახურება: „ამასთან, პროექტის მიხედვით, ობიექტი ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის, ცალკე საპირფარეშოები გაკეთდება ასევე მოზარდებისთვის… საერთოდ, ყველა სტანდარტი, რასაც სახელმწიფო ითხოვს სახანძრო უსაფრთხოების ნორმების ჩათვლით, პროექტში გათვალისწინებულია“.

სან რემო / პროექტი

„სან რემოს“ შენობა პირსის ჩათვლით [1416,7 კვ.მ] და მიმდებარე ტერიტორია [11 138 კვ.მ] ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა, და ეს ქონება 2067 წლამდე იჯარით აქვს აღებული კომპანია „ხიდი 2006“-ს. ამ კომპანიის 100% წილი ბიზნესმენმა ედნარ პაპუნაიშვილმა 2017 წელს შეისყიდა. ამ კომპანიის მესაკუთრე კვლავ ედნარ პაპუნაიშვილია.

ბათუმის მუნიციპალიტეტმა კომპანიას ქონება 49-წლიანი იჯარით 2018 წლის მაისში გადასცა.

„სან რემოს პროექტის განხორციელებას, წინასწარი გათვლებით, ჯამში დაახლოებით 10-12 მილიონი დოლარი დასჭირდება. გვინდა ყველაფერი 2019 წლის ზაფხულის სეზონისთვის მოვასწროთ,“ – ამბობს ჯუმბერ ჭყონია.

ედნარ პაპუნაიშვილს, რომელიც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის მეგობარია, აჭარაში სხვა პროექტებიც აქვს – კურორტ გოდერძიზე საბაგიროსთან აკეთებს ლაუნჯბარს და ასევე უნდა ააშენოს 13 სასტუმრო.

ედნარ პაპუნაიშვილმა იყიდა სახლი მახინჯაურში, რომელიც ადრე ასლან აბაშიძეს, შემდეგ კი „ბათუმის ნავთობტერმინალს“ ეკუთვნოდა. ამ სახლის მიმდებარედ პაპუნაიშვილი კიდევ ერთ ნაკვეთს ფლობს – ჯამში 3265 კვ/მეტრ მიწას და მათზე განლაგებულ შენობებს.

როგორი იქნება „სან რემო“ პროექტის მიხედვით:

ამავე თემაზე:

ზურაბ პატარაძის მეგობარი პირსის, პლაჟსა და მიწის ნაკვეთებს ითხოვს – მერია თანახმაა

რესტორანი „სან-რემო“ გაიყიდა

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: