ბიზნესფორუმის ფარგლებში აჭარას ჩეხური კომპანიების წარმომადგენლები ესტუმრნენ

ფორუმი „საქართველო-ჩეხეთი“ დღეს, 14 სექტემბერს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გახსნა. სტუმრებს ასევე მიესალმა აჭარაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ჩეხეთის რესპუბლიკის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი მარტა ნოვაკოვა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ თანამშრომლობას და დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა აჭარის რეგიონით დაინტერესებისთვის.

თორნიკე რიჟვაძემ ასევე ისაუბრა ფორუმის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ დღევანდელი ღონისძიება ერთგვარი პლატფორმაა ორი ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის გასაცნობად და ახალი ეკონომიკური და საქმიანი ურთიერთობების დასამყარებლად.

„სტაბილური ეკონომიკური და პოლიტიკური გარემო, ისევე როგორც მოქნილი საგადასახადო სისტემა, ქმნის ძალიან მიმზიდველ ატმოსფეროს რეგიონში უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად. არანაკლებ მნიშვნელოვანია ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებაც ჩვენს რეგიონში. ყოველწლიურად ვიზიტორთა რიცხვი 25%-ით იზრდება. ჩეხეთის რესპუბლიკიდან შემოსული ტურისტების რიცხვი კი წელს  50%-ით გაიზარდა. ენერგეტიკა, ტურიზმი და სამშენებლო სექტორი ინვესტირების თვალსაზრისით რეგიონის წამყვან სექტორებს წარმოადგენს,“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ სიტყვით გამოსვლისას.

მარტა ნოვაკოვა

„აჭარა საქართველოს მნიშვნელოვანი რეგიონია, საქართველოს კარგი რეფორმები აქვს მეწარმეებისთვის. გრძელვადიანი თანამშრომლური ურთიერთობები ტურიზმის დარგში აუცილებლად გაძლიერდება. მე ვფიქრობ, რომ აჭარის რეგიონი და განსაკუთრებით ბათუმი მზადაა უფრო მეტი ჩეხი ტურისტის მისაღებად“ – აღნიშნა მარტა ნოვაკოვამ.

ბიზნესფორუმს ჩეხეთის რესპუბლიკის სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი ბორივოჟ მინარი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, ოფიციალური დელეგაციის წევრები, ასევე, აჭარასა და ჩეხეთის რესპუბლიკაში მოქმედი კომპანიების (ლოჯისტიკის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროში) წარმომადგენლები დაესწრნენ.

ბიზნესფორუმი მიზნად ისახავდა ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და ახალი კონტაქტების დამყარებას. ფორუმის მონაწილეებმა აჭარის საპრივატიზაციო ობიექტებზე, საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებზე, რეგიონის ეკონომიკის ძირითად პარამეტრებზე მიიღეს ინფორმაცია.

ფორუმის მონაწილეები, სპეციალური პრეზენტაციებით, აჭარისა და ჩეხეთის რესპუბლიკის საინვესტიციო და ტურისტული კუთხით არსებულ პოტენციალს გაეცნენ. შეხვედრის ფარგლებში ქართულ და უცხოურ კომპანიებს შორის პირისპირ შეხვედრები (B2B) გაიმართა, სადაც მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

ბიზნესფორუმი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით ჩატარდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი