განათლება,მთავარი,სიახლეები

ინგლისური ინტერნეტით ვისწავლე – ბიჭი ხულოდან, რომელმაც ამერიკულ უნივერსიტეტში ჩააბარა

15.09.2018 • 112259
ინგლისური ინტერნეტით ვისწავლე – ბიჭი ხულოდან, რომელმაც ამერიკულ უნივერსიტეტში ჩააბარა

გოგიტა გობაძე ხულოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ სოფელში – დიდაჭარაში ცხოვრობს. სოფელი ზღვის დონიდან 800 მეტრზე მდებარეობს და დაბა ხულოდან 7 კილომეტრითაა დაშორებული. გოგიტას ოჯახში ექვსი ადამიანი ცხოვრობს და ოჯახის ძირითადი შემოსავალი სოფლის მეურნეობაა. როგორ მოახერხა გოგიტამ ინგლისური ენა ისე შეესწავლა, რომ „სან დიეგოს უნივერსიტეტი საქართველოს“ სტუდენტი გახდა, სადაც კონსტრუქციული ინჟინერია არა ქართულად, არამედ ინგლისურ ენაზე უნდა ისწავლოს.

„სკოლაში ინტერნეტით ვერ ვსარგებლობდით, ამიტომ მე ტელეფონით ვყიდულობდი ინტერნეტს და ასე ვსწავლობდი ინგლისურს. ყველაზე მაღალი – 88 ქულა ინგლისურში ავიღე. ვიდეოგაკვეთილებს ვუყურებდი და წიგნებითაც ვმეცადინეობდი. თუმცა, ბოლო ერთი წელი მაინც დამჭირდა რეპეტიტორთან მომზადება. ჩვენს სოფელთან ახლოს ცხოვრობდნენ რეპეტიტორები და იქ დავდიოდი დამატებით გაკვეთილებზე.

ადრე ჰესების მშენებელი კომპანია – „აჭარის წყალი ჯორჯია“ აფინანსებდა სკოლებს და დამატებით გაკვეთილებში ფულის გადახდა არ გვიწევდა მოსწავლეებს, მაგრამ წელს დაფინანსება შეგვიწყვიტეს და ჩვენი ხარჯებით მოგვიხდა მომზადება,“ – გვიყვება გოგიტა.

გოგიტა ამბობს, რომ მაღალმთიან სოფლებში მოსწავლისთვის საჭირო საგანმანათლებლო რესურსების მოძიება რთულია. მისი აზრით, სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს მაღალმთიანი სოფლის სკოლებში მოტივაციის გაზრდას, რადგან კვალიფიციური პედაგოგების ნაკლებობაა.

ამის მიუხედავად, გოგიტა გობაძემ შეძლო და სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, ახლა კი იმ უნივერსიტეტში ისწავლის, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულია საქართველოში.

„აპლიკაცია იანვარში შევავსე, მაგრამ შემდეგ გავიგე, რომ სან დიეგოს უნივერსიტეტში სწავლა ძალიან ძვირია და იქ ჩაბარება გადავიფიქრე. გადავწყვიტე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მებარებინა, სადაც დაფინანსების მოპოვებას უფრო ადვილად შევძლებდი. თუმცა ცოტა ხნის წინ დამირეკეს და მითხრეს, რომ სან დიეგოს უნივერსიტეტში ჩავირიცხე, რადგან პირველი მქონდა მითითებული და ცვლილება აღარ მქონდა შეტანილი,“ – გვეუბნება გოგიტა.

„სან დიეგოს უნივერსიტეტ საქართველოში“ ერთი წლის სწავლის გადასახადი 7500 ამერიკული დოლარია. მაგრამ ეს უნივერსიტეტი აფინანსებს წარმატებულ სტუდენტებს. შესაბამისად, მიღებული ქულების საფუძველზე, სასწავლო გრანტი – 6 500 დოლარი გოგიტას თავად უნივერსიტეტმა გამოუყო, დარჩენილი თანხა კი სახელმწიფოსგან მიღებული გრანტით დაუფინანსდება. „მე, ფაქტობრივად, აღარ მიწევს სწავლის საფასურის გადახდა, ამიტომ გადავწყვიტე, სწავლა სან დიეგოში გავაგრძელო“.

გოგიტა გობაძე უნივერსიტეტში კონსტრუქციულ ინჟინერიას შეისწავლის. მისი აზრით, საქართველოში პროფესიონალი მშენებლების დეფიციტია და პროფესიაც ამ ნიშნით აირჩია. „ხშირად უცხოეთიდან ჩამოჰყავთ მშენებლები, ამიტომ მინდა, რომ ეს საქმე გამოვასწორო,“ – გვეუბნება ის.

გოგიტა დარწმუნებულია, რომ სასწავლო პროგრამას კარგად აითვისებს და სან დიეგოს მხარდაჭერით ამერიკაშიც წავა სასწავლებლად.

მანამდე კი გოგიტა გობაძე თბილისში უნდა გაემგზავროს. როგორც გვითხრა, ბინა ოთხ თანასოფლელთან ერთად იქირავა და ცხოვრებას იქ აპირებს. გოგიტას კლასში სულ 6 მოსწავლე სწავლობდა და უმაღლეს სასწავლებელში სწავლა ხუთმა გააგრძელა.

„კარგი იქნება, უნივერსიტეტებს საერთო საცხოვრებელი რომ ჰქონდეს, ასე ფინანსებსაც დავზოგავდით, ან სახელმწიფოს მხრიდან რომ იყოს ხელშეწყობა“, – ამბობს სტუდენტი.

გოგიტა აპირებს აჭარის განათლების მინისტრსაც შეხვდეს. „დაველაპარაკები, შეიძლება მქონდეს რაიმე ხელშეწყობაო“.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: