მთავარი,სიახლეები

ძალადობის 24 წლის მსხვერპლი: შვიდი წელი მამამთილი მავიწროებდა, უშვილო ხარო

14.09.2018 • 7161
ძალადობის 24 წლის მსხვერპლი: შვიდი წელი მამამთილი მავიწროებდა, უშვილო ხარო

„მე შვიდი წელი მონა ვიყავი,“ – ასე დაიწყო საკუთარი ისტორიის მოყოლა მაიამ [სტატიაში სახელი შეცვლილია]. ძალადობის მსხვერპლი რომ იყო, ამის შესახებ პოლიციელებს რამდენიმე თვის წინ მოუყვა. ამბობს, რომ შედეგი ჩივილს არ მოჰყოლია და ამას ელოდა კიდეც – ძალადობის თვითმხილველი სულ რამდენიმე ადამიანია და ისინი დუმილს ამჯობინებენ. მაიამ მხარდამჭერი ირგვლივ ვერც 8 წლის წინ დაინახა, როცა 16 წლისა გაათხოვეს.

„მიკვირს, ახლა ამდენი რომ ვილაპარაკე,“ – გვითხრა მან საუბრის ბოლოს და საკუთარი დასკვნაც გაგვიზიარა: „ასეთ მდგომარეობაში ადამიანს ყველაზე მეტად ისტორიის გაზიარება და მოსმენა სჭირდება. მე ახლა მხოლოდ საკუთარ თავზე მეშლება ნერვები, რატომ ვითმენდი ამდენ ხანს? არაფერს ვითხოვ. მე უკვე მჯერა საკუთარი თავის“.

ქორწილის მეორე დღესვე მამამთილმა გინება დამიწყო 

ხულოს ერთ-ერთ სოფელში ვცხოვრობდით. მეათე კლასში ვიყავი, როცა დედამ მითხრა, უნდა გაგათხოვოთო. კარგად ვსწავლობდი, არ მინდოდა გათხოვება. მუსიკის გაკვეთლები მიყვარდა განსაკუთრებით. პიანინოს ვუკრავდი, გიტარას, ცეკვაზეც დავდიოდი… მამას უთხრეს, შენი გოგოს მოპარვას აპირებენო და ნერვიულობდა, სკოლაშიც აღარ მიშვებდა. მერე დამელაპარაკა, უნდა გათხოვდე, ასე დალაგდება ყველაფერი შენს ცხოვრებაშიო.

დათო, ჩემი ყოფილი მეუღლე, ნიშნობის ღამეს გავიცანი. ერთად დაგვსვეს, თუმცა ერთმანეთს არ გამოვლაპარაკებივართ. არ იყო ცუდი ბიჭი დათო, რაღაცნაირი ტკბილი იყო. მშობლებზე დამჯერი იყო და თავიდან მეგონა, ეს კარგია-მეთქი. მერე მივხვდი, რომ ძალიან საწყალი იყო, დაბნეული. საკუთარ თავში იყო სულ ჩაკეტილი, არ უყვარდა ლაპარაკი. მე ის მიყვარდა.

საქორწილო კაბაც არ იყო ჩვენი არჩევანი. ნათესავს ჰქონდა კაბების მაღაზია და იქ მიმიყვანეს, რაც იყო შერჩეული, ის ჩამაცვეს. ქორწილი სოფელში გადავიხადეთ ეზოში, ბევრი ხალხი იყო…

ქორწილის მეორე დღესვე მიყვირა მამამთილმა, ამდენი საქმეა და შენ კიდევ გძინავსო. რაღაც ვუპასუხე, არ მახსოვს და შემაგინა. მას შემდეგ შვიდი წელი მაგინებდა, სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდა, მავიწროებდა…

შევშინდი. იტყოდნენ, ვერ ქნა ქალობაო

თავიდან ვიფიქრე, მშობლებს ვეტყვი-მეთქი, მაგრამ ვერ გავბედე, შემრცხვა. ვიცოდი, მეტყოდნენ, ოჯახია, უნდა გაუძლოო. მერე სხვები იტყოდნენ, რომ ვერ ქნა მაგან ქალობაო. ვიფიქრე, ცოტას ავიტან და გამოსწორდებიან-მეთქი. ამაში შევცდი – პირიქით, დღითიდღე მატულობდა აგრესია და ვერ ვხდებოდი, რატომ.

დედამთილი ავადმყოფობდა და, ძირითადად, მაღაზიაში იჯდა, ეზოშივე გვქონდა და ნაწველს იქ ვყიდდით. ჩემი მოვალეობა იყო დილით 4 ძროხის საძოვარზე გაყვანა, ჩამოწველა, ყველის და ნადუღის ამოღება. მამამთილი რძეს კიდევ დამატებით ყიდულობდა და ყველი ამომყავდა. რძის ნაწარმს მაღაზიაში ვყიდდით, ნაწილი კი მამამთილს ბათუმში ჩაჰქონდა ბაზარში გასაყიდად. კიდევ კარტოფილის ბაღს ვუვლიდი… დიდ ტომრებს დავათრევდი, როცა დათო აქეთ არ იყო. ხშირად დაღლილობისგან გულიც წამსვლია ისე, რომ მერე ჩემით მოვფხიზლებულვარ.

არასდროს ვუცემივარ მამამთილს, მაგრამ ეს უარესი იყო… ერთხელ შემასხა მხოლოდ ცხელი ჩაი, ახლაც მაქვს ნაკვალევი მკლავზე. გაბრაზდა, როგორ არ იცი, შენი ქმარი სად არისო.

გათხოვების შემდეგ მეგობარი აღარ მყავდა და არავინ, გამოვიკეტე. მობილური და ტელევიზორიც კი ჩემთვის არ იყო… ერთხელ მამაჩემმა ტელეფონი მიყიდა. ორკარტიანი იყო. ჩემი და დათოს ნომრები ერთად ჩავდეთ და, ძირითადად, დათოს ჰქონდა. მერე დათოს გაუტყდა. არ დამწყვეტია დიდად გული… მაინც არ ვიყენებდი და რა აზრი ჰქონდა: ლაპარაკით აუცილებლად დედამთილის და მამამთილის თვალწინ უნდა მესაუბრა, აბა, რა გაქვს ჩვენთვის დასამალი, ცალკე ვის ელაპარაკებოდიო.

დათომ რამდენჯერმე სცადა ჩემი დაცვა, მეტი რა ქნას ამ ქალმაო. იმასაც უყვირა მამამთილმა, შვილი თქვენ არ გყავთ და საქმე ხომ უნდა ჰქონდესო. დათო პერიოდულად თურქეთში გადადიოდა სამუშაოდ. ბევრს მუშაობდა ისიც ძალიან.

ერთხელ ვუთხარი დათოს, იქნებ წავიდეთ და მარტო ვიცხოვროთ-მეთქი. მაშინვე გამაჩუმა, ეს როგორ, მარტო როგორ ვიცხოვრებთ, ამათ გარეშეო.

აგრესია გაორმაგდა, რადგან შვილი არ გაგვიჩნდა

ქორწინებიდან 4 წლის შემდეგ მამაჩემი მოვიდა და თქვა: თქვენ თუ არ მიიყვანეთ ესენი ექიმთან, მე მიმყავსო. ჩაგვსვა მანქანაში და წაგვიყავანა. ექიმებმა ანალიზები გაგვიკეთეს… დათოს სამი წელი წამლები უნდა მიეღო. 700 ლარის მედიკამანტი ვიყიდეთ და დათომ წამლების მიღება დაიწყო. ერთი წლის შემდეგ მამამთილმა თქვა, რომ წამლები საჭირო არ იყო და მას ვეღარ ვიყიდდით. მისი აზრით, ექიმებმა არაფერი იცოდნენ და უშვილობა რეალურად ჩემი ბრალი იქნებოდა. ამბობდა, ვერ ხედავთ ჩემი შვილი რამხელაა, ტანკივითაა, ამას რა პრობლემა ექნებაო.

ახლა რომ ვაკვირდები, აგრესია ყოველდღიურად იმატებდა, მე კი ამ ყველაფერს შევეჩვიე. ხმას აღარაფერზე ვიღებდი. არც მაშინ ვეპასუხებოდი მამამთილს, როცა შინ მოსულს მისი ავტომანქანა უნდა გამერეცხა. ის კი მოვიდოდა და რაღაცას დაიწუნებდა, არაა კარგად გარეცხილიო.. ხანდახან იმაზეც ეშლებოდა ნერვები, რომ საერთოდ არ ვეპასუხებოდი, დებილი ხარ შენო.

იმ დილით თოვდა, როცა თავის მოკვლა ვცადე… დილა იყო, საქონელი ჩამოვწველე, ამოვედი და მამამთილმა ისევ დამიწყო ყვირილი. აღარ მახსოვს, რა უნდოდა… უჯრიდან საერთო წამლები ამოვიღე და ყველა ერთად დავლიე საძინებელში. მერე ლოგინს ჩავემხე…

როცა გამომეღვიძა, ხულოს საავადმყოფოში ვიყავი უკვე, გადასხმას მიკეთებდნენ. თურმე, ერთი დღე-ღამე მეძინა გათიშულს. დილით ჩემი ძმა მოსულა და საწოლში გათიშული რომ მნახა, საავადმყოფოში თვითონ წამიყვანა. მამამთილს უთქვამს, რომ თოვდა და სასწრაფო ვეღარ გამოიძახა, მოწამლული იქნება, რა ეჭირვებაო.

საავადმყოფოში თავთან მამამთილი მედგა. მითხრა, რა უნდა მეთქვა გამომძიებლებისთვის. პოლიციელს ვუთხარი, რომ ჩემით ავურიე რაღაც წამლები და შემეშალა. ასე იყო საჭირო ოჯახის გადასარჩენად, როგორც ეს მამამთილმა მითხრა.

აღარ ვიცოდი, რა მექნა. არც ის მახსოვდა, როგორ დავლიე წამლები… მამამთილი უარესად აყვირდა, თავის მოსაკლავი მაგას რა სჭირდა, რატომ დალია წამლებიო. ისევ ცუდად ვიყავი და ჩემმა ძმამ ბათუმში ჩამომიყვანა კლინიკაში გამოსაკვლევად. მაშინ გავბედე და ვუთხარი ძმას, რაც ხდებოდა. ვუთხარი და გაგიჟდა, ამას რატომ მალავდიო. მან არ იცოდა, რომ მე თვითმკვლელობა ვცადე.

მინდა, ვისწავლო და ბედნიერი ქალი გავხდე

ყველაზე მეტად ფსიქოლოგი დამეხმარა. რამდენჯერმე შევხდი და ბოლოს გამეცინა: არ გინდა, თავს რატომ იკლავ, წადი… ახლა ხშირად ვიღიმი, რისი უნარიც დაკარგული მქონდა. არც ის მეგონა, თუ ოდესმე გიტარაზე დაკვრას შევძლებდი.

ამას წინათ სახლში ძველი გიტარა მოვძებნე, ის ისევ თავის ადგილზე იდო… ჩამოვიღე და დავუკარი. ძმისშვილები მომვარდნენ, რა კარგი მუსიკა სცოდნია მამიდასო.

ოჯახის წევრები მეუბნებოდნენ, რომ უნდა მეჩივლა პოლიციაში, ან ქონებიდან წილი მომეთხოვა, მაგრამ არ მინდოდა… ოჯახიდან წამოსვლის შემდეგ შემოგვითვალეს, რომ ნამდურავი ავეჯი არ სჭირდებოდათ და უნდა წამოგვეღო. საუბარია ავეჯზე, რომელიც მშობლებმა მზითვად მომიტანეს. ამაზე გავბრაზდი და პირდაპირ პოლიციაში წავედი. გამომძიებელს ჩვენება მივეცი. ვუთხარი, რომ ძალადობის მსხვერპლი ვარ.

დათოს აღარ მოუწერია. გავიგე, რომ მას სხვა ცოლი მოუყვანეს. სასამართლოსთვის მიმართვას ვაპირებ – მხოლოდ ძვირფასეულობის დაბრუნებას ვითხოვ.

მე მჯერა, რომ დამოუკიდებლად ცხოვრებას შევძლებ. მინდა, ვისწავლო. ბუღალტერიის კურსის გავლას ვაპირებ და კიდევ – ბედნიერებას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: