"ბათუმელების“ არქივიდან,მთავარი,სიახლეები

შსს-მ აგვისტოში 14 ნარკორეალიზატორი დააკავა

14.09.2018 • 14571
შსს-მ აგვისტოში 14 ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, აგვისტოს თვეში ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის პასუხისგებაში მისცა 189 პირი, მათ შორის 14 ნარკორეალიზატორი.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, აგვისტოს თვეში აჭარაში ორი პირია დაკავებული. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, 232 აბი „სუბოქსინი“, 8 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი და სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს ბათუმში. მის მიერ ჩადენილი დანაშაული ასევე, 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 180 აბი მეტადონის მარილის შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.

გარდა ამისა, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის და სასაზღვრო გამშვები პუნქტი „სადახლოს“ მიმდებარე ტერიტორიებზე ნარკოდანაშაულისთვის ირანის 4 მოქალაქე დააკავეს. პოლიციამ დაკავებულებისგან 290 შეკვრად დაფასოებული 939 გრამი ჰეროინი ამოიღო. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე მიმდინარეობს.

თბილისში აგვისტოში ნარკოდანაშაულისთვის ირანის კიდევ ერთი მოქალაქეა დაკავებული, რომლის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 21 გრამი ჰეროინი და სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალების 105 აბი.

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას 9 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ნარკოტიკების არაერთგზის უკანონო გასაღების, ცეცხლსასროლი იარაღისს და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: