მთავარი,სიახლეები

აივ ინფიცირებული ქალი: ადამიანების დამოკიდებულებაა მომაკვდინებელი და არა შიდსი

14.09.2018 • 7108
აივ ინფიცირებული ქალი: ადამიანების დამოკიდებულებაა მომაკვდინებელი და არა შიდსი

4 თვის ფეხმძიმე იყო, როცა გაიგო, რომ აივ ინფექცია შიდსი ჰქონდა, ქმარმა გადასდო – არც მან იცოდა, რომ ინფიცირებული იყო. ჯანმრთელი შვილი შეეძინათ. ერთადერთი, რაც მაშინ ამ დაავადების შესახებ წყვილმა იცოდა, იყო ის, რომ სიტყვა „შიდსი“ საშინლად და უიმედოდ ჟღერდა.

ბათუმის შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდის ბათუმის ფილიალში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთ-ერთმა ინფიცირებულმა საკუთარ გამოცდილებაზე გვიამბო:

კ. ჯ:  „ძალიან მიჭირდა ამ ყველაფრის ოჯახის წევრებისთვის განდობა. ერთხელ ვცადე ყველაფერი მესამე პირში მომეყოლა ახლობლებთან, თითქოს ჩემი ამბავი ვინმე სხვას გადახდა და ასე ვამოწმებდი დაავადებისადმი მათ რეალურ დამოკიდებულებას. ერთმა, ძალიან ახლო მეგობარმა, მესამე პირში ნაამბობზე  მითხრა, აივ ინფიცირებულებს გარეთ გასვლაც უნდა ეკრძალებოდეთო. ძალიან მეწყინა და ვუთხარი, მე რომ იგივე დამემართოს, რას იტყვი-მეთქი? გადაირია, შენ ეგ როგორ დაგემართებაო. ჰოდა, ვუთხარი, რომ დამემართა და ინფიცირებული ვარ-მეთქი. ვერაფერი მითხრა, ჩამეხუტა და ატირდა“.

34 წლისაა, მამას ვერაფერს ეუბნება, ძმამ იცის, რომ სუსტადაა და ხშირად ხდება ავად, მაგრამ რატომ, არ იცის.

ყოველთვის ადევნებს თვალს მძიმე ქრონიკული დაავადებების შესახებ გადაცემებს და ძალიან ახლობლებს უთქვამთ ხშირად, „რა გაყურებინებს ჭლექიანების გადაცემებსო“.

„ამ დროს რა ცეცხლი მეკიდება, ვერავინ გაიგებს. სულ უფრო ვიკეტები და ვრწმუნდები, რომ როგორი ახლობელიც არ უნდა იყოს, თუ სიმართლეს გაიგებს ჩემზე, არ მიმიღებს. ამიტომ მირჩევნია ვდუმდე. არ მინდა ბოლომდე ვიცოდე, ვინ როგორია ჩემ ირგვლივ. ხანმოკლე ცხოვრებაში არ მინდა ეს ყველაფერი გავიგო და მერე გული დამწყდეს“, – ამბობს კ.ჯ.

თავად ძალიან აქტიურია, ესწრება შიდსის ცენტრის ყველა საინფორმაციო შეხვედრასა და ღონისძიებას. თუმცა, როგორც კ. ჯ. გვიყვება, მისი მეუღლე ძალიან ჩაიკეტა, ხალხმრავალ ადგილებში გამოჩენისგან თავს იკავებს, თუმცა წამლებს რეგულარულად სვამს და მკურნალობს.

„იმუნიტეტი 900 მაქვს, 60-მდეა ვირუსული დატვირთვა, რაც თითქმის ნულის ტოლია,“ -ამბობს ის.

34 წლის კ.ჯ ჩვეულებრივად ცხოვრობს აივ ინფექციასთან ერთად. თანამედროვე მსოფლიოში ეს დაავადება ფატალურად არ სრულდება, ძვირადღირებული და ეფექტური მკურნალობის ხელმისაწვდომობის წყალობით. როგორც აივ ინფიცირებული ამბობს, ხშირად ადამიანების სტერეოტიპული დამოკიდებულება უფროა გამანადგურებელი და მომაკვდინებელი, ვიდრე თავად შიდსი.

შიდსის ცენტრის ოფიციალური მონაცემების მიხედვით,  2018 წლის 13 სექტემბრის მდგომარეობით საქართველოში 7231 აივ ით ინფიცირების 7231 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან  5410 – მამაკაცია,  1821 – ქალი, პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა. 2018 წელს ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მეტი – 469 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  აჭარაში აივ ინფიცირების  814 შემთხვევაა გამოვლენილი, საქართველოს დანარჩენ რეგიონებში კი ინფიცირებულთა რაოდენობა ასე ნაწილდება:

წყარო: ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი

„შიდსი ისეთივე ქრონიკული მართვადი დაავადებაა, როგორც დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ყველა ის დაავადება, რასაც მედიკამენტოზურად ვებრძვით. გვყავს ინფიცირებულები, რომლებმაც 1995 წლიდან დაიწყეს წამლების მიღება, მას შემდეგ დაქორწინდნენ, ყველა მათგანს ჯანმრთელი შვილები გაუჩნდა და ცხოვრობენ. არავინ არის ისეთი, ვინც წამლებს იღებდა რეგულარულად და შიდსისგან გარდაიცვალა. სტიგმა ამ შედეგების შემდეგ, ცხადია, განახევრდა, მაგრამ მაინც დიდი პრობლემაა ექიმებში, საზოგადოებაში.

„მეოცე საუკუნის ჭირს“, „ნარკომანებისა და მეძავების დაავადებას“ – რაც სიმართლეს არ შეესაბამება – რას არ ეძახდნენ შიდსს, რაც იმით იყო გამოწვეული, რომ წამალი არ არსებობდა. ამ სტიგმის დაძლევა, ცხადია, რთულია, მაგრამ დადებითი რეზულტატის შემდეგ მითები თითქმის განახევრდა“, – ამბობს იზა ბოდოკია, შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდის დირექტორი.

                                                                                        ვისთვისაა აუცილებელი შიდსის ანალიზი

აივ-ით (ადამიანის იმუნოდეფივიტის ვირუსით) დაინფიცირების საშიშროება ყველა ადამიანს აქვს, მაგრამ გადადების რისკი იზრდება გარკვეული ქცევების არსებობის შემთხვევაში. ამიტომ გაიგეთ თქვენი აივ სტატუსი, თუ:

    • ერთხელ მაინც გაგიკეთებიათ ნარკოტიკი
    • თქვენი მეუღლე/სქესობრივი პარტნიორი არის ან იყო ნარკოტიკის მომხმარებელი
    • გქონიათ შემთხვევითი დაუცველი სქესობრივი კონტაქტები
    • გაქვთ ან გქონდათ რომელიმე სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია
    • გადატანილი გაქვთ ან ამჟამად ავად ხართ B ან C ან D ჰეპატიტის ვირუსით
    • დაგიდგინდათ ტუბერკულოზი
    • ხშირად იტარებთ სამედიცინო მანიპულაციებს
    • გაგიკეთებიათ ტატუირება ან პირსინგი
    • ხართ სისხლის რეციპიენტი

    თუ ფიქრობთ, რომ ერთხელ მაინც გქონდათ ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე სარიკსო ფაქტორი, ნუ გადადებთ, მიაკითხეთ შიდსის ცენტრს ან დარეკეთ ცხელ ხაზზე:  239 80 18

    რატომ არის საჭირო, ადამიანმა იცოდეს საკუთარი აივ სტატუსი

    • რათა დროულად მოხდეს მკურნალობის დაწყება, რომელიც აჩერებს დაავადების პროგრესირებას და მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს სიცოცხლეს
    • რათა ინფიცირებულმა ადამიანმა მეტი ყურადღება მიაქციოს თავის ჯანმრთელობას და თავიდან აიცილოს სხვა ადამიანების, მათ შორის ახლობლების, ინფიცირება და შესაბამისად – დაავადების გავრცელება

_______________________________

გადადით ლინკზე და გაიგეთ მეტი შიდსის ვირუსის შესახებ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: