ჩეხეთის რესპუბლიკის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი აჭარაში

ჩეხეთის დელეგაცია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. დღეს ბათუმში ჩეხეთის რესპუბლიკის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი მარტა ნოვაკოვა ჩამოვიდა. ოფიციალურ დელეგაციაში არიან ჩეხეთის რესპუბლიკის სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი ბორივოჟ მინარი და, ასევე, ჩეხური კომპანიების წარმომადგენლები.

დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლებთან, ასევე დაესწრებიან ბიზნესფორუმს „საქართველო-ჩეხეთის რესპუბლიკა“, რომელიც დღეს სასტუმრო „ჰილტონში“ გაიმართება.

აჭარის მთავრობის ცნობით, ბიზნესფორუმი მიზნად ისახავს ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და ახალი კონტაქტების დამყარებას. ფორუმის მონაწილეები აჭარის საპრივატიზაციო ობიექტებზე, საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებზე, რეგიონის ეკონომიკის ძირითად პარამეტრებზე მიიღებენ ინფორმაციას.

შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკის დელეგაციასთან. ფოტო: აჭარის მთავრობა

მარტა ნოვაკოვას უკვე შეხვდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე. მან აღნიშნა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის ისეთ სფეროებში, როგორიცაა: კულტურა, ჯანდაცვა, ეკონომიკა და თავდაცვა დინამიკურად ვითარდება.

____________

მთავარ ფოტოზე: ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ჩეხეთის მინისტრს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე დახვდა. ფოტო: აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.