ყოფილი ხელვაჩაურის ტერიტორიის წყალმომარაგების ქსელის შექმნა დაიწყო

ყოფილი ხელვაჩაურის ტერიტორიაზე, სადაც აქამდე არ არსებობდა წყლის ცენტრალური სისტემა, წყალმომარაგების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელის შემქნის სამუშაოები დღეს დილიდან დაიწყო.

კომპანიის ინფორმაციით, დაგეგმილი სამუშაოების დასრულების შემდეგ 8000-მდე აბონენტს წყალმომარაგება უწყვეტად, 24 საათის განმავლობაში თვითდენით, საწნევო ტუმბოების გარეშე მიეწოდება.
I ეტაპზე წყალმომარაგების ქსელი შეიქმნება ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ხახულისა და გოდერძი ჩოხელის ქუჩების მონაკვეთში. პროექტის ღირებულება 1 მილიონ 700 ათას ლარს შეადგენს.
პროექტის II ეტაპს, რომელიც მოიცავს გოდერძი ჩოხელის ქუჩის იქეთ ტერიტორიას, ბათუმის მერიის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამმართველო განახორციელებს. სამუშაოების ღირებულება 2 მილიონ 600 ათასი ლარია. ტენდერი, რომლის მიხედვითაც გადაწყდება, თუ ვინ შეასრულებს ამ სამუშაოებს, უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

წყალმომარაგების ქსელის საერთო სიგრძე მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელის ჩათვლით 85 კმ-ს შეადგენს. პროექტის საერთო ღირებულება 14 მილიონი ლარია.

ბათუმს ახალშემოერთებულ (ყოფილი ხელვაჩაურის) ტერიტორიაზე წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური ქსელი აქამდე არ არსებობდა. დღემდე მოსახლეობა  მიწისქვეშა წყლებს იყენებს.

დაწყებული სამუშაოები 2019 წლის პირველ კვარტალში, დაახლოებით თებერვლამდე დასრულდება. პროექტის II ეტაპის ვადებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია კი ტენდერის ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ ყოფილი ხელვაჩაურის ტერიტორიაზე კანალიზაციის სისტემა კვლავ არ არსებობს, მოსახლეობა აქ საკანალიზაციო ჭებით სარგებლობს.

ამავე თემაზე:

დააფინანსებს თუ არა გერმანული ბანკი კანალიზაციის მოწყობას ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებზეც

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან