რას შეცვლის ბათუმისთვის ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი

ბათუმს ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მიანიჭეს. გადაწყვეტილება ევროპის დედაქალაქებისა და ქალაქების სპორტის ფედერაციამ – ACES Europe აგვისტოში მიიღო. ბათუმი ამ სტატუსის მქონე 2019 წელს იქნება. რას შეცვლის სპორტის ქალაქის სტატუსი ბათუმისთვის?

„2019 წლიდან სტატუსის ფარგლებში ბათუმში ინტენსიურად უნდა გაიმართოს მასობრივი სპორტული და კულტურული ღონისძიებები, რისი მდიდარი გამოცდილებაც საქართველოს ზღვისპირა ქალაქს უკვე აქვს…“ – აღნიშნულია წერილში, რომელიც საქართველოს განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ამ ამბის შესახებ აქვს გამოქვეყნებული. აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროში, ასევე მერიაში ვერ გვითხრეს: კონკრეტულად რას შეცვლის ბათუმის სპორტულ ცხოვრებაში ევროპული სტატუსი.

„მთავარი მათთვის არის მასობრივი სპორტის ხელშეწყობა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს სპორტული აქტივობით დაკავებული. ისინი პროფესიული სპორტის ხელშეწყობით ნაკლებად არიან დაინტერესებული… ყველაზე მეტად რაც მათ მოეწონათ, იყო ველობილიკები ბათუმის ქუჩებში, ასევე სატრენაჟორო სივრცეები და მინი სპორტული სტადიონები საცხოვრებელი კორპუსის ეზოებში. ეს მათ საკმარისად ჩათვალეს ამ სტატუსის მოსანიჭებლად,“ – ამბობს ლელა სურმანიძე, ბათუმის მერის მოადგილე.

ლელა სურმანიძე გვიყვება, რომ ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსის მისაღებად ბათუმის მერიამ მიმართა ACES Europe-ს. მიმართვის შემდეგ ივლისში ფედერაციის ხუთკაციანი ჯგუფი ჩამოვიდა და სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. ასევე შესაძლებლობა – რამდენად აქვთ ადამიანებს ბათუმში სპორტით დაკავების საშუალება.

„რეკომენდაცია ჰქონდათ ხანდაზმულებთან დაკავშირებით. გვითხრეს, რომ მათი დაკვირვებით ხანდაზმულები ნაკლებად ჩანან ველობილიკებზე, ან სატრენაჟორო ადგილებზე. ვუთხარით, რომ ამის ნაკლები ტრადიციაა ქალაქში. მათ მოგვცეს რეკომენდაცია, რომ მუნიციპალიტეტმა აქტიურად იმუშაოს ამ შესაძლებლობების გაფართოვებაზე,“ – გვითხრა ლელა სურმანიძემ.

ბათუმის მერის მოადგილის თქმით, მერიას კონკრეტული დავალებები ACES Europe-გან არ მიუღია. ლელა სურმანიძე დავალებებს დეკემბრისთვის ელოდება, როცა ბათუმს სპორტის ქალაქის სტატუსს ოფიციალურად მიანიჭებენ. ბათუმისთვის ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსის მინიჭების ცერემონია ბრიუსელში, ევროპარლამენტის შენობაში 4 დეკემბერს გაიმართება. შესაძლოა, ანალოგიური ქალაქები კიდევ რამდენიმე იყოს, თუმცა ბათუმი პირველი ქალაქია საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში, რომლესაც ეს სტატუსი მიანიჭეს. ACES Europe-ის ინტერნეტგვერდის მონაცემებით, 2018 წელს ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი სულ 19 ქალაქს აქვს.

ევროპის დედაქალაქებისა და ქალაქების სპორტის ფედერაცია – ACES Europe ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსს ქალაქებს, ასევე პატარა ქალაქებს და თემს ანიჭებს. ფედერაცია წლის სპორტის დედაქალაქსაც ასახელებს. ეს სტატუსი 2019 წელს მხოლოდ ბუდაპეშტს ექნება.

ევროპის დედაქალაქებისა და ქალაქების სპორტის ფედერაციის – ACES Europe ინტერნეტგვერდზე აღნიშნულია, რომ ცნობადობის გაზრდის ხელშეწყობასთან ერთად, ამ სტატუსის მინიჭების მიზანი სპორტული ინფრასტრუქტურის გაზრდაა, ასევე ფედერაცია სტატუსის მქონე ქალაქებს სხვადასხვა გრანტის მოპოვებაში ეხმარება.

„სტატუსის მინიჭებამდე ჩვენ საწევრო გადასახადი გადავიხადეთ, ეს 2500 ევრო იყო,“ – ამბობს ლელა სურმანიძე. მერის მოადგილის განმარტებით, თვითმმართველობა სპორტის შესახებ კანონის შეცვლას ელოდება, რის შემდეგაც შესაძლოა კომპეტენციები ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის გაიმიჯნოს.

„მაგალითად, საუბარია იმაზე, რომ შესაძლოა, სპორტული კლუბები ცენტრალურ დონეზე დაფინანსდეს… ამის შესაბამისად აისახება ცვლილებები ბიუჯეტში. ჩვენ ამ ეტაპზე მოვითხოვეთ მონაცემები მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოსგან. გვინდა, დავაზუსტოთ, რამდენ მინი სტადიონს, ან ტრენაჟორს სჭირდება შეკეთება. ჩვენ ვაპირებთ, ამ კუთხით მეტი პროექტი დაფინანსდეს. ასევე მომავალ წელს უფრო მეტი რაოდენობით გვექნება ისეთი ღონისძიება, სადაც მხოლოდ პროფესიონალები არ მონაწილეობენ, მაგალითად, ველოგარბენები, ან ჩვეულებრივი გარბენები. წელს სამი გარბენის ორგანიზატორი ჩვენ ვიყავით,“ – აღნიშნავს ლელა სურმანიძე.

როდის აპირებს მერია კონკრეტულად „ბათუმიველოს“ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და განახლებას – „ბათუმელები“ არაერთხელ წერდა გაფუჭებულ ველოსპიედებზე და ტურისტებზე, რომლებიც სისტემის გაუმართაობის გამო წუხილს გამოთქვამდნენ.

„ვიფიქრებთ ველობათუმის სისტემის განხლებასა და გაფართოვებაზე. ჯერ მაგაზე საუბარი არ გვქონია,“ – გვითხრა ბათუმის მერის მოადგილემ, ლელა სურმანიძემ.

2019 წლის პროგრამები აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროში 13 სექტემბერს განიხილეს. სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში სპორტული აქტივობის შესახებ მხოლოდ ეს წერია:

„სპორტის მიმართულებით დადებით ტენდეციად შეიძლება ჩაითვალოს დაფინანსების პროგრამული ზრდის დინამიკა ბოლო წლების განმავლობაში. 2019 წელს დაფინანსდება სპორტის 23 ოლიმპიური და 13 არაოლიმპიური სახეობა. რეგიონში გაიმართება საერთაშორისო დონის ასპარეზობები. ერთჯერადი ფულადი ჯილდოებით წახალისდება წარმატებული სპორტსმენები.“

„კონკრეტული სიახლე, პროგრამა ბათუმის ევროპის სპორტის ქალაქის გამო არ გვაქვს. ეს ბათუმის მერიამ უნდა გააკეთოს, რადგან ბათუმი აჭარის მუნიციპალიტეტებს შორის ყველაზე ძლიერი მუნიციპალიტეტია,“ – ამბობს მინდია ქათამაძე, აჭარის სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

მინდია ქათამაძე მიიჩნევს, რომ სტატუსი სპორტული ღონისძიებების რაოდენობის და ხარისხის გაზრდას გამოიწვევს. თუმცა მან ვერ გვითხრა, კონკრეტულად რა გზით იქნება ეს შესაძლებელი. ბათუმის მერიის მსგავსად, სამინისტროშიც აცხადებენ, რომ ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტს წლის ბოლოსკენ განიხილავენ. ამ ეტაპზე აჭარის განათლების სამინისტრო მომავალი წლისთვის იგივე მიზნობრივი პროგრამების განხორციელებას გეგმავს, რაც წელს ფინანსდება.

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი