მთავარი,სიახლეები

„ჰაერი აღარ შემოდის და სინათლე“ – საჭადრაკო ოლიმპიადის წინ დამალული საბჭოთა კორპუსები

13.09.2018 • 5016
„ჰაერი აღარ შემოდის და სინათლე“ – საჭადრაკო ოლიმპიადის წინ დამალული საბჭოთა კორპუსები

„ეს გააკეთეს იმისთვის, რომ ხალხს თვალი აუხვიონ. ეს კორპუსები რომ ბანერის გარეშე ენახა ვინმეს, იტყოდა, დედა, ეს სად ვარო. ამხელა ოლიმპიადის წინ რომ არ გააკეთეს არაფერი, ოლიმპიადის მერე გააკეთებენ ვითომ?“ – კითხულობს ლერმონტოვის ქუჩაზე მცხოვრები გოჩა ფაღავა. ბათუმის მერიამ მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის წინ სარეკლამო ბანერი მის საცხოვრებელ კორპუსსაც ჩამოაფარა.

საჭადრაკო ოლიმპიადის სარეკლამო ბანერს ყველა იმ კორპუსზე ნახავთ, რომელიც ყინულის სახლიდან ჩანს. ოლიმპიადა სწორედ აქ იმართება. მოპირდაპირე მხარეს მდებარე ექვსივე კორპუსის წინ, მთელ სიმაღლეზე, სამშენებლო ხარაჩოებია მოწყობილი, ხარაჩოზე კი სხვადასხვა სახის ბანერია გადმოფენილი.

„ჰაერი აღარ შემოდის და სინათლე. ვითომ თქვეს, ბადეაო, მაგრამ ჰაერი არ შემოდის…“ – გვითხრა აქ მცხოვრებმა ნატა ადეიშვილმა.

მოქალაქეების ნაწილი უსაფრთხოების პრობლემაზეც საუბრობს. ისინი განმარტავენ, რომ აივნიდან მარტივად შესაძლოა ბავშვი რკინის ხარაჩოებზე გადაძვრეს და გადავარდეს.

ლია კენჭაძე: „მე ბავშვები არ მყავს, მაგრამ ვისაც ჰყავს, ის დარდობს, აივნის კარს ღიად ვეღარ ტოვებენ. ყველა სართულის აივნიდან იოლია ხარჩოებზე გადაძვრეს ვინმე“.

„ოლიმპიადის მერე მოხსნიან ამ ხარაჩოებს და წავა ცხოვრება…“ – ამბობს გოჩა ფაღავა. მისი თქმით, მოსახლეობა ოლიმპიადის დაწყების დროს ყინულის სახლთან ხელმძღვანელობას შეხვდება და იქ მოითხოვს კონკრეტული პრობლემების მოგვარებას.

„სახურავიდან წყალი ჩამოდის, ფასადი მისახედია… მერია არ მოსულა აქ და მუშისთვის რა უნდა მეთქვა,“ – აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს გოჩა ფაღავამ.

„მე, პირადად, შევხვდი მოსახლეობას და ვუთხარი, რომ ფასადი ამ მოკლე დროში ვერ მოწესრიგდებოდა…“ – გვითხრა სულხან ევგენიძემ, ბათუმის მერიის ააიპ „ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამმართველოს“ ხელმძღვანელმა. მისი თქმით, მერიის ტენდერი ბანერების განთავსებაზე ი.მ. „ველოდ სანაიამ“ მოიგო. სარეკლამო მომსახურებისთვის ბიუჯეტიდან დაახლოებით 105 ათასი ლარი დაიხარჯა. მერიის წარმომადგენელი ამბობს, რომ ოლიმპიადის დასრულებისთანავე ბანერებს ჩამოხსნიან.

„ხელშეკრულებაში ასევე გვიწერია, რომ კომპანია გაარემონტებს შენობის იმ ნაწილს, რაც დაზიანდა ამ ბანერების განთავსების შედეგად. მოსახლეობა ასევე ითხოვდა კორპუსების ფერდის მოწყობას. ისინი ჩემთან კაბინეტშიც იყვნენ მოსულები. ვუთხარი, რომ განცხადება უნდა შემოეტანათ და მერია შეისყიდის პროექტს. როგორც ცნობილია, თანადაფინანსებით ხორციელდება ეს პროექტები… იქ იყო საუბარი, რომ სახურავის ნაწილი მასალა კარგია და არ უნდა გამოიცვალოს და ასე შემდეგ. განცხადება, მე როგორც ვიცი, ამ დრომდე არ შემოსულა,“ – ამბობს სულხან ევგენიძე.

რაც შეეხება უჰაერობას, სახლის ჩაბნელებას და უსაფრთხოებას – „თავიდან ყველა თანახმა იყო, მერე ვიღაც გამოჩნდა, როგორც ყოველთვის და თქვა, რომ უჰაერობა იქნებაო… ვუთხარი, ამხელა ოლიმპიადა ტარდება, ფანჯრებსაც გააღებთ და ჰაერიც იმოძრავებს-მეთქი. უსაფრთხოების კუთხით ჩვენ გავაფრთხილეთ მოსახლეობა, რომ ფრთხილად იყვნენ, ან იქნებ ჩაკეტოთ დროებით ფანჯრები-მეთქი. მაგიც რომ არ იყოს, შეიძლება ისეც ავიდეს ბავშვი ფანჯარაზე და ღმერთმა დაიცვას, გადმოვარდეს,“ – გვითხრა სულხან ევგენიძემ.

რატომ არ მოხატა მერიამ კორპუსის კედლები, რაც ბანერებისგან განსხვავებით უფრო დიდხანს დარჩებოდა კედლებზე და ნაკლებად სახიფათოც იქნებოდა? – სულხან ევგენიძის თქმით, „მოხატვა ვერ მოესწრებოდა. გარდა ამისა, შენობის ნაწილს აქვს მიშენება-მოშენება და ვერ დაიფარებოდა. ასევე ბანერებზე ორგანიზატორების შესახებაც არის ინფორმაცია მოცემული.“

43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა „ბათუმი 2018“ ბათუმში 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე გაგრძელდება და მასში მსოფლიოს 189 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: