მთავარი,სიახლეები

„ენერგო-პრო“: კერძო ნაკვეთებში გადამცემ ხაზებს არ გვადგმევინებენ – დენის დეფიციტი ბათუმში

13.09.2018 • 2362
„ენერგო-პრო“: კერძო ნაკვეთებში გადამცემ ხაზებს არ გვადგმევინებენ – დენის დეფიციტი ბათუმში

ახალაშენებული შენობების ელექტროქსელზე დაერთება ბათუმში საკმარისი სიმძლავრის არარსებობის გამო ვერ ხერხდება. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში [სემეკი] „ბათუმელებს“ ორი თვის წინ უთხრეს, რომ მოსახლეობა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ არ აძლევს საშუალებას, შემოიტანოს დამატებითი სიმძლავრეები ბათუმში ელექტროენერგიის მოხმარების მკვეთრად გაზრდის გამო. დამატებითი სიმძლავრის შემოსატანად კი საჭიროა გადამცემი ხაზი „ერგე 1“-ის გაძლიერება.

„ერგე 1“-ის რეკონსტრუქციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ იმის გამო ვერ იწყებს, რომ მას გადამცემი ხაზის ანძებთან, რომლებიც კერძო ნაკვეთებშია, მოსახლეობა არ უშვებს. „ერგე 1“-ის ძირითადი ნაწილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის. ხელვაჩაური, ახალშენი, განახლება და ერგე – ის დასახლებებია, სადაც მოსახლეობა საკუთარ ნაკვეთებში გადამცემი ხაზის არსებობას თუ იქ სამუშაოების ჩატარებას აპროტესტებს.

ხაზის კერძო ნაკვეთებიდან გატანას ან მოსახლეობისთვის კომპენსაციის შესაძლო გაცემას სასტიკად ეწინააღმდეგება სემეკი. კომისიაში აცხადებენ, რომ ასეთ შემთხვევაში, ეს აისახება ტარიფზე და გააძვირებს დენის გადასახადს, ამიტომ მოსახლეობასთან საერთო ენა უნდა გამოინახოს.

ამ დროისთვის მოსახლეობასთან შეთანხმება მიღწეული არ არის.

„ჩვენი კომპანია აღნიშნულ საკითხზე მუშაობას აქტიურად. „ენერგო-პრო ჯორჯია“ კონსულტაციებს აწარმოებს ხელისუფლებასთან, სამოქალაქო ორგანიზაციებთან და უშუალოდ მოსახლეობასთან. ამ ეტაპზე მოსახლეობას განმარტებითი წერილები გაეგზავნათ, წერილთან ერთად მოსახლეობა საექსპერტო დასკვნასაც მიიღებს – ორჯაჭვა 110 კვ ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზით წარმოქმნილი ელექტრული და მაგნიტური ველების დაძაბულობების ზღვრულად დასაშვები მნიშვნელობების შესახებ“, – გვითხრეს „ენერგო-პრო ჯორჯიაში“.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ბათუმში არსებული დატვირთვის ზუსტი პროგნოზირება შეუძლებელია: „მისი ტენდენცია არ არის თანმიმდევრული და ახასიათებს მკვეთრი აღმასვლა, რასაც ადგილი ჰქონდა, მაგალითად, 2017 წლის აგვისტოს და 2018 წლის ივნისის თვეში. პიკური დატვირთვის ანალოგიური მკვეთრი ზრდის შემთხვევაში, 2019 წელს არსებული ხაზები ვეღარ უზრუნველყოფს პიკური დატვირთვის დაკმაყოფილებას, რაც რეალურ საფრთხეს შეუქმნის მთელი ქალაქის ელექტრომომარაგებას. შესაბამისად, აუცილებელია ელექტროგადამცემი ხაზი „ერეგე 1“-ის გაორჯაჭვიანება“.

ვინაიდან მათ კუთვნილ ობიექტებს„ ენერგო-პრო ჯორჯია“ ქსელში ვერ რთავდა, ოთხმა კომპანიამ საჩივრით სემეკს მიმართა. სემეკმა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ვადა 2018 წლის პირველ ოქტომბრამდე მისცა, თუმცა ახალ ობიექტებს, როგორც ჩანს, ქსელში ვერც ამ დროისთვის ჩართავენ.

აღნიშნული ხაზის გაორჯაჭვიანებამდე ვერ მოხდება ბათუმში მშენებარე რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი კორპუსის ქსელზე დაერთებაც. ახალი საავადმყოფო კი, ჯერ კიდევ 2018 წლის მაისში უნდა ამოქმედებულიყო. მეტიც, თუ როდის დასრულდება ახალი საავადმყოფოს მშენებლობა, დღესაც გაურკვეველია. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ დრომდე პროექტში ცვლილებების შეტანა დასრულებული არ არის. ახალი საავადმყოფოს გახსნა კი  დამოკიდებულია საბოლოო პროექტზე, რომელიც 20 სექტემბრისთვის უნდა იყოს მზად.

„ერეგე 1“-ის გაორჯაჭვიანებამდე ქსელზე ვერც ბათუმში მშენებარე საფეხბურთო სტადიონს დააერთებენ.

„ერგე-1“-ის გაძლიერების გარეშე ახალი ობიექტების ქსელში ჩართვით კი, როგორც სემეკში გვითხრეს, შესაძლოა მთლიანად გამოირთოს ეს ქსელი და არა მარტო ბათუმს, არამედ მთლიანად აჭარის რეგიონს შეექმნას საფრთხე ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით.

 

მთავარი ფოტო: ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებარე კორპუსი/ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ამ თემაზე:

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ელექტროენერგიის მოხმარება აჭარაში 20%-ით გაიზარდა

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: