მთავარი,სიახლეები

რა პრობლემები არსებობს არასრულწლოვნების გასამართლების დროს – ადვოკატების დისკუსია

12.09.2018 • 2774
რა პრობლემები არსებობს არასრულწლოვნების გასამართლების დროს – ადვოკატების დისკუსია

12 სექტემბერს ბათუმში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პრობლემებზე ადვოკატებმა დისკუსია გამართეს. შეხვედრა ადვოკატთა ასოციაციის ბათუმის ოფისში გაიმართა.

“ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ის, რომ აღკვეთი ღონისძიების შეფარდების დროს სასამართლოს არასრულწლოვნის მიმართ იგივე მიდგომა აქვს, რაც სრულწლოვანთან მიმართებაში,” – ამბობს ადვოკატი ზაზა პაპიძე. იგი ადვოკატთა ასოციაციის აჭარის რეგიონულ ორგანიზაციაში ადვოკატთა უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეა.

ზაზა პაპიძის თქმით, პრობლემაა ე.წ. საპროცესო წარმომადგენლის დანიშვნაც, როცა არასრულწლოვნის მოწმის სახით დაკითხვა სჭირდება დაცვის მხარეს.

“მაგალითად, ოჯახში ძალადობის დროს მოწმეა არასრულწლოვანი, რომლის ჩვენებაც გვჭირდება. ამ დროს კანონით სავალდებულოა საპროცესო წარმომადგენლის (სოციალური მუშაკი) დანიშვნა, რის უფლებაც ჩვენ, ადვოკატებს არ გვაქვს. საპროცესო წარმომადგენელი პროკურორმა უნდა დანიშნოს ან მოსამართლემ. პრაქტიკაში პროკურორი და მოსამართლეც ამაზე უარს გვეუბნება,” – განმარტავს ზაზა პაპიძე.

ადვოკატ მალხაზ ზოიძის თქმით, პრობლემა არსებობს სწრაფი მართლმსაჯულების კუთხით და პროცესები ხშირად იწელება დროში.

ონისე მარგიანი, ადვოკატთა ასოციაციის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარე:

“მე მაქვს ამჟამად მიმდინარე საქმე, სადაც ორ არასრულწლოვანს განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებიან… რეალურად სხეულის დაზიანების შემთხვევა იკვეთება, მაგრამ პროკურატურამ მკვლელობის მცდელობის მუხლით წაუყენა ბრალი არასრულწლოვნებს და სასამართლომ მათ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 117-ე მუხლი რომ ყოფილიყო კვალიფიკაცია, მაშინ პატიმრობას აღარ შეუფარდებდნენ.

მოსამართლე არასრულწლოვნის შემთხვევაშიც კვალიფიკაციაზე გადაწყვეტილების მიღების დროს მსჯელობს და არა მანამდე. ამის გამო ბრალდებული არასრულწლოვნები ახლაც პატიმრობაში რჩებიან…”

ეს პრობლემები სხვა ადვოკატებმაც დაადასტურეს. ადვოკატთა ასოციაცია არასრულწლოვანთა კოდექსში ცვლილების შეტანის კუთხით უფლებამოსილ პირებთან ამ თემის გააქტიურებას აპირებს.

ადვოკატ დავით ჯაფარიძის თქმით, პრობლემაა ქართულ ენაზე საჩივრის გაგზავნა ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში, რადგან იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები სასამართლოს განსხვავებულად აწვდიან ინფორმაციას და თარგმანს მიზანმიმართულად ამახინჯებენ:

“სხვანაირად თარგმნიან და მერე სასამართლო საქმეს წარმოებაში აღარ იღებს…”- განაცხადა დისკუსიაზე ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ.

ადვოკატების თქმით, პრობლემაა ასევე განრიდების მიღწევა პროკურატურასთან. განრიდებას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ითვალისწინებს.

“პროკურატურას ურჩევნია საპროცესო შეთანხმება, ვიდრე განრიდება,”- ამბობენ ადვოკატები.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: