მთავარი,სიახლეები

პროკურატურა ანგისის სტადიონის მშენებლობის დოკუმენტაციის შესწავლას აპირებს

12.09.2018 • 2523
პროკურატურა ანგისის სტადიონის მშენებლობის დოკუმენტაციის შესწავლას აპირებს

პროკურატურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრიფინგს გამოეხმაურა. ამ პარტიის წევრმა, რეზო ხარაზმა, დღეს, 12 სექტემბერს, განაცხადა, რომ პროკურატურას ბოლო პერიოდში სხვადასხვა საქმეზე მიაწოდა ინფორმაცია, თუმცა გამოძიება არ დაწყებულა და არც ინფორმაცია მიუწოდებიათ პარტიისთვის.

„დასახელებული  საქმეებიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურაში შემოსულია ერთადერთი განაცხადი სტადიონის სარემონტო სამუშაოების დროს შესაძლო დანაშაულთან  დაკავშირებით,“ – განუმარტეს „ბათუმელებს“ პროკურატურის პრესცენტრში. განმარტება პროკურატურამ წერილობით მოგვაწოდა.

პროკურატურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, საუბარია ბათუმის ანგისის სტადიონზე. „ამ საქმეზე პროკურატურას გამოთხოვილი აქვს ინფორმაცია შესაბამისი უწყებიდან, რათა შეისწავლოს დოკუმენტაცია და დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს  შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება,“ – აღნიშნულია წერილში.

პროკურატურის პრესცენტრის განმარტებით, სხვა საქმეების შესახებ „ნაციონალურ მოძრაობას“ პროკურატურისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია.

„ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საოლქო პროკურატურისთვის  შესაძლო დანაშაულის შესახებ მიწოდებული ინფორმაციის რეაგირების გარეშე დატოვებასთან დაკავშირებით, არის დეზინფორმაცია და  მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას,“ –  გვიპასუხეს პროკურატურის პრესცენტრში.

ანგისის საწვრთნელი სტადიონი სარემონტო სამუშაოების შემდეგ აპრილში გაიხსნა, თუმცა აგვისტოში ბათუმის „დინამომ“ განაცხადა, რომ მინდვრის საფარის დაზიანების გამო რამდენიმე შეხვედრა ქუთაისში გაიმართება. ბათუმის მერიაში განმარტავენ, რომ დაზიანებულ სტადიონს ის კომპანია აღადგენს, რომელმაც სარემონტო სამუშაოები ჩაატარა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: