ბათუმის უფასო სასადილოებში 4 828 ადამიანი იკვებება – მერია დღეში ერთ პირზე 1.23 ლარს ხარჯავს

ბათუმში მუნიციპალური სასადილოების ბენეფიციართა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 6 %-ით გაიზარდა. ქალაქში მდებარე 6 უფასო სასადილოში ყოველდღიურად სადილს 4 828 ბენეფიციარი (1555 ოჯახი) იღებს.

უფასო სასადილოებში იმ  მოქალაქეებს შეუძლიათ სადილობა,  რომლებიც სოციალურად დაუცველის სტატუსით სარგებლობენ და ვისი ქულაც 60 ათასზე ნაკლებია. პროგრამით მოსარგებლეთა გარდა, სარეზერვო სიაში მყოფი 350 ელოდება თავის რიგს, თუ როდის შეძლებს უფასოდ სადილის მიღებას.

უმუშევრობა, ავადმყოფი შვილი ან ქმარი, ერთადერთი შემოსავლის წყარო პენსია  –  მუნიციპალურ სასადილოების ბენეფიციართა ისტორიები ერთმანეთს ჰგავს. არავის აქვს სამსახური და არც იმედი, რომ იპოვის.

ლეილა აბაშიძე 53 წლისაა. ორ შვილს მარტო ზრდის. ამბობს, რომ დამლაგებლადაც კი ვერ იპოვა სამუშაო. მას ყოველდღე სადილი მუნიციპალური სასადილოდან მიაქვს სახლში. სამ ადამიანზე ისე ანაწილებს, რომ ვახშმადაც ეყოთ.

ბათუმის #1 სასადილოში, რომელიც სადილს ყოველდღიურად 1046 ადამიანისთვის ამზადებს, გამოკრულია განცხადება, რომლის მიხედვითაც აკრძალულია საკვების პოლიეთილენის პარკებში ჩასხმა. მოქალაქეებს თავიანთი კონტეინერები მოაქვთ, ზოგს პლასტმასის, ზოგს მინის და ისე მიაქვთ სადილი სახლში. უშუალოდ სასადილოში მხოლოდ 15  ადამიანი სადილობს.

უფასო სასადილო

12 სექტემბრის მენიუ – სადილი 11 ადამიანისთვის
ოსპის სუპი, ბადრიჯანი, კომპოტი და ხუთპურ-ნახევარი

კატლეტი, თევზი, საქონლის ხორცი, წიწიბურა, სოსისი, ბრინჯი, კარტოფილი, ლობიო, ბორშჩი, მაკარონის სუპი, პური და კომპოტი –  მუნიციპალურ სასადილოში მენიუ ყოველდღიურად იცვლება. კვირის დღეების მიხედვით უცვლელი რჩება მხოლოდ პური და კომპოტი.

ბათუმის მერია თითოეულ ბენეფიციარზე 1.90 ლარს ხარჯავს, აქედან უშუალოდ კვებაზე  დღეში 1.23 ლარს იხარჯება.  ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტოს ხელმძღვანელი ასლან გეგიძე ამბობს, რომ მომავალი წლიდან ბიუჯეტი გაიზრდება და მოქალაქეების კვებაზე 1.40 ლარი დაიხარჯება.

პირველი მუნიციპალური სასადილო ბათუმში 2006 წელს გაიხნა და მას, პირველ ეტაპზე, 300 ბენეფიციარი ჰყავდა. წლების მანძილზე ბენეფიციართა რაოდენობა იზრდებოდა, 2012 წელს 2050, 2018 წელს 4828 ბენეფიციარი, 2019 წლისთვის კი 5128-მდე გაიზრდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი