მთავარი,სიახლეები

პროკურორის განმარტება „ქურდული სამყაროს წევრობის საქმეზე“

12.09.2018 • 1708
პროკურორის განმარტება „ქურდული სამყაროს წევრობის საქმეზე“

„ამ საქმეში 4 დაზარალებულია, 4 ადამიანს აქვს დაზარალებულის სტატუსი,“ – უპასუხა პროკურორმა ფრიდონ ქარცივაძემ „ბათუმელების“ შეკითხვას სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა წინასასამართლო სხდომაზე ბათუმში „ქურდული სამყაროს წევრობის საქმეზე“ დაკავებულების საქმე განიხილა.

„რას გვედავებით, როცა დაზარალებული საქმეში არ არსებობს“, – მიმართა პროკურორებს ერთ-ერთმა ბრალდებულმა ივანე გიგიაძემ.

პროკურორის თქმით, დაზარალებულად ცნობილი პირები სასამართლოსაც მისცემენ ჩვენებას.

„ქურდული სამყაროს წევრობის“ ბრალდებით 11 პირი სამართალდამცველებმა 17 ივლისს დააკავეს. მათ წინასწარი პატიმრობა 20 ივლისს შეუაფარდა მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა. 10 პირი წინასწარ პატიმრობაში რჩება, მეთერთმეტე – მინდია ლავასოღლია, რომელიც დღემდე იძებნება.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ადვოკატებმა პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა სხვადასხვა არგუმენტით მოითხოვეს. ადვოკატებმა ასევე თქვეს, რომ საქმეში დაზარალებული არავინაა და პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს.

პროკურორმა ფრიდონ ქარცივაძემ ასევე გვითხრა, რომ საქმეში „პირდაპირი მტკიცებულებებიც“ არსებობს, თუმცა არ დაგვიკონკრეტა, რომელია ასეთი მტკიცებულება. საუბარია ისეთ მტკიცებულებაზე, რომელიც პირის დანაშაულებრივ ქმედებას პირდაპირ ადასტურებს.

„ეს საკითხები არსებითი განხილვის სხდომაზე უნდა განვიხილოთ… სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა ცოტა ხნის წინ იმ პირის მიმართ, ვისაც ასევე „ქურდული სამყაროს წევრობას“ ედავებოდა გამოძიება,“ – აღნიშნა დღევანდელ პროცესზე მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა, როცა ის ადვოკატებს უსაბუთებდა, თუ რატომ უნდა დარჩნენ ბრალდებულები წინასწარ პატიმრობაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: