მთავარი,სიახლეები

ლარის გაუფასურება და საწვავის ფასების ზრდა – საქართველო 2018 წელს (ინფოგრაფიკა)

12.09.2018 • 3327
ლარის გაუფასურება და საწვავის ფასების ზრდა – საქართველო 2018 წელს (ინფოგრაფიკა)

2018 წლის 8 თვეში, ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, გაუარესებულია ლარის გაცვლითი კურსი და ქვეყნის სავაჭრო ბალანსი, გაზრდილია საწვავის ფასი, შემცირებულია ინვესტიციები.

საწვავის [ზოგადად სამომხმარებლო] ფასების დინამიკას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური [საქსტატი] დეტალური ინდექსით გამოსახავს. თუ ამ ინდექსებს გადავხედავთ, ბენზინის ფასი აგვისტოს თვეში იანვართან შედარებით 7 პუნქტითაა გაზრდილი, ხოლო დიზელის ფასი – თითქმის 11 პუნქტით.

ბენზინის ფასი დღეს ბაზარზე 2,18 ლარიდან 2,59 ლარამდე მერყეობს, ხოლო დიზელის ფასი – 2,08 ლარიდან 2,56 ლარამდე.

რაც შეეხება ლარის ოფიციალურ გაცვლით კურსს აშშ დოლართან მიმართებაში, იანვარის ბოლოს კურსი იყო 2,49, ხოლო დღეს, 12 სექტემბერს, არის – 2,60.


ეკონომისტთა ერთი ჯგუფის თქმით, ლარის გაცვლით კურსზე გავლენას მაკროეკონომიკური ფაქტორები ახდენს. ამ ფაქტორების გამო გაუარესებულია ქვეყნის სავაჭრო ბალანსი, რაც ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზია.

მაკროეკონომიკური ფაქტორები ეკონომისტთა პროგნოზით უარყოფითად აისახება ასევე ინვესტიციებზეც, ხოლო ლარის კურსი [აშშ დოლართან მიმართებაში] უახლოეს პერიოდში 2,6-დან 2,7-ს შორის იმერყევებს.

საქსტატის მონაცემებით:

[checklist]

  • 2018 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იმპორტსა და ექსპორტს შორის სხვაობამ, 547 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა. ანუ ქვეყნის სავაჭრო ბალანსი 547 მილიონი დოლარით გაუარესდა.
  • რაც შეეხება უცხოურ ინვესტიციებს, 2017 წლის პირველ ორ კვარტალში საქართველოში 749,4 მილიონი აშშ დოლარის უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 73,2 მილიონით ნაკლები – 676,2 მილიონი აშშ დოლარის.

[/checklist]

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2018 წლის დასაწყისში ინფლაციის მაჩვენებელი შემცირდა და, პროგნოზების შესაბამისად, წლის განმავლობაში მიზნობრივ დონესთან (3 პროცენტი) ახლოს მოძრაობს.

თუმცა წლიური ინფლაციის დინამიკას თუ გადავხედავთ, მიმდინარე წლის აგვისტოში, თებერვალთან შედარებით, ინფლაციის მაჩვენებელი გაზრდილია:

„აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 3,1 პროცენტი შეადგინა. არსებული პროგნოზებით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია წლის განმავლობაში და ასევე საშუალოვადიან პერიოდში, მიზნობრივი მაჩვენებლის ირგვლივ იმერყევებს. რეგიონში განვითარებული მოვლენების ფონზე გაიზარდა მაკროეკონომიკური რისკები, რამაც ფინანსურ ბაზრებზე მერყეობის ზრდა გამოიწვია. თუმცა, ამ რისკების რეალიზების შემთხვევაშიც, ინფლაციის მაჩვენებლის მიზნობრივი დონიდან მნიშვნელოვანი გადახრა მოსალოდნელი არ არის“, – აცხადებს ეროვნული ბანკი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: