მთავარი,სიახლეები

რა პროგრამებს გეგმავს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2019 წელს – ბიუჯეტი იზრდება

12.09.2018 • 2827
რა პროგრამებს გეგმავს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2019 წელს – ბიუჯეტი იზრდება

დღეს, 12 სექტემბერს, სამინისტროში 2019 წლის პროგრამების პროექტების საჯარო განხილვის მეორე ეტაპი გაიმართა. სამინისტრო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად 32 პროგრამას განახორციელებს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსახლეობის მომართვიანობისა და მოთხოვნების გათვალისწინებით,  2019 წლისათვის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებში ცვლილებები იგეგმება.

  • სამინისტრო ონკოჰემატოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის საჭიროების შემთხვევაში ქვეპროგრამის ფარგლებში პირველად დაუფინანსებს ძვლის ტვინის აუტოლოგიურ ტრანსპლანტაცის – 80 000 ლარით და ძვლის ტვინის ალოგენურ ტრანსპლანტაციას -150 000 ლარით.
  • „მოსახლეობისათვის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების“ პროგრამით განხორციელდება ძვლის ტვინისა და ღვიძლის ტრანსპლანტაციის ძვირადღირებული სამედიცინო მომსახურების ხარჯების დაფინანსება (სულ 10 პაციენტისთვის) ღვიძლის ტრანსპლანტაციის საჭიროების შემთხვევაში გაიზრდება პაციენტების დაფინანსება და ნაცვლად 50 000 ლარისა, გახდება 65 000 ლარი.
  • გაფანტული სკლეროზით დაავადებულ პაციენტებს დადასტურებული დიაგნოზით დაუფინანსდებათ გაფანტული სკლეროზის მკურნალობისათვის საჭირო მაღალეფექტური მედიკამენტების მკურნალობის კურსის ღირებულება (წლის განმავლობაში არაუმეტეს 10 პაციენტი). თითოეულ პაციენტზე წლიური ლიმიტი შეადგენს 25 000 ლარს. შესაბამისად, გაიზრდება ქვეპროგრამის ბიუჯეტი 500 000 ლარით და გახდება 1 800 000 ლარი.
  • ,,მოსახლეობის საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსების ქვეპროგრამით” გაიზრდება ბენეფიციარების დაფინანსების ზღვრული ტარიფი (დაფინანსების არსებული პროპორციების დაცვით) და ნაცვლად 15 000 ლარისა გახდება 25 000 ლარი. შესაბამისად გაიზრდება ქვეპროგრამის ბიუჯეტი 200 000 ლარით და გახდება 700 000 ლარი.
  • „ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების“ ქვეპროგრამით განხორციელდება ძვირადღირებული (რომელთა ღირებულება სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული ტარიფით აღემატება წლიურ ლიმიტს -15 000 ლარს) ქირურგიული ოპერაციული მკურნალობის (როგორც გეგმიური ასევე ურგენტული) თანაგადახდა სრულად სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული ტარიფის ფარგლებში. გაიზრდება ქვეპროგრამის ბიუჯეტი 150 000 ლარით და გახდება 400 000 ლარი.
  • “ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა სამედიცინო მომსახურების“ ქვეპროგრამაში მოიმატებს ტარგეტული, იმუნოთერაპიული და ბისფოსფონატების ჯგუფის მედიკამენტების დაფინანსების წლიური ლიმიტი (5000 ლარით) და გახდება 15 000 ლარი.
  • ძუძუს კიბოთი დაავადებულ პაციენტებს საჭიროებიდან გამომდინარე ჰორმონდამოკიდებული HER-2 – მეტასტაზური ძუძუს კიბოს დიაგნოზის შემთხვევაში სრულად დაუფინანსდებათ მედიკამენტ ევეროლიმუსის (აფინიტორი) მკურნალობის კურსის ღირებულება (ერთ პაციენტზე 8 ციკლი). წლის განმავლობაში არაუმეტეს 10 პაციენტი. გაიზრდება ქვეპროგრამის ბიუჯეტი გახდება 2 000 000 ლარი.
  • სოციალური დაცვის მიმართულებით დაგეგმილია 2 ახალი პროგრამის ამოქმედება, კერძოდ, „მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიისა და თანდაყოლილი ამოვარდნილობის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია“ და „სმენაპროტეზირებულ ბავშვთა რეაბილიტაცია“.
  • ფართოვდება მარტოხელა დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამა, მომავალი წლიდან პროგრამას ბენეფიციარებად დაემატებიან სხვადასხვა პრობლემის მქონე დედები.

სამინისტროს ცნობით, ასევე, გაიზრდება სოციალური დაცვის თითქმის ყველა პროგრამის ბიუჯეტი და ბენეფიციართა რაოდენობა.

გეგმის თანახმად, 2019 წელს სამინისტროს ნაერთი ბიუჯეტი მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შედარებით გაიზრდება 1 282 515 ლარით და იქნება 18 531 135 ლარი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: