განათლება,მთავარი,სიახლეები

სამი გოგო ერთი სოფლის, ერთი სკოლის, ერთი კლასიდან 100-პროცენტიანი გრანტით

11.09.2018 • 81048
სამი გოგო ერთი სოფლის, ერთი სკოლის, ერთი კლასიდან 100-პროცენტიანი გრანტით

ნია, ნინი და ვიოლეტა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა კვირიკეს საჯაროს სკოლის მოსწავლეები იყვნენ. წელს სამივე სტუდენტია და სამივემ ეროვნულ გამოცდებზე 100-პროცენტიანი სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა. გოგონები თანასოფლელები,  მეგვარეები და ნათესავები არიან.

ვიოლეტა შაქარიშვილი თბილისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართალს ისწავლის. ამბობს, რომ იურისტობა მისი ბავშვობის ოცნებაა. კითხვაზე – პროფესიის არჩევისას რა იყო მისი ინსპირაციის წყარო, ვიოლეტა ამბობს, რომ ეს ადამიანის უფლებებია. ვიოლეტას იურისტობის გარდა კიდევ ერთი გატაცება აქვს, – აქამდე ფეხბურთს თამაშობდა.

„გამიმართლა, რომ იქ ჩავირიცხე, სადაც მინდოდა. მართალია, ხუთ საგანში ვემზადებოდი, მაგრამ  შედეგით კმაყოფილი ვარ“, – გვეუბნება ის.

ვიოლეტა ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში კარგად სწავლობდა და ვერცხლის მედალოსანიც არის, გრანტის მისაღებად მაინც დასჭირდა რეპეტიტორის დახმარება.

ვიოლეტა შაქარიშვილი

„ქობულეთში დავდიოდი მოსამზადებლად, ეს 4 000 ლარი დამიჯდა. ვფიქრობ, იძულებული ხარ მოემზადო, რადგან ეროვნულზე ითხოვენ უნარების ჩაბარებას. ეს ისეთი საგანია, რომელსაც თავისებური მიდგომა სჭირდება. სკოლაში ყველა ბავშვს არ აქვს შესაძლებლობა ინდივიდუალურად გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები, რადგან კლასში ბევრი ბავშვია და მასწავლებელი ვერ ახერხებს იმუშაოს თითოეულ ბავშვთან“.

ვიოლეტამ იცის, რომ იურისტისთვის დასაქმება საკმაოდ რთულია, რადგან მაღალი კონკურენციაა ამ სფეროში. მაგრამ, მისი აზრით, ადამიანის უფლებების სფეროში ჯერ კიდევ ბევრი რამ არის საქართველოში გასაკეთებელი და ის სწორედ ამ მიმართულებით აპირებს მუშაობას.

„ძალიან მინდა, რომ გაცვლით პროგრამაშიც მოვხვდე და უცხოური გამოცდილებაც მივიღო ჩემს სპეციალობაში. თუ ეს არ გამოვიდა, მაშინ ვაპირებ, მაგისტრატურა გერმანიაში გავიარო“.

ვიოლეტა ამბობს, რომ ძალიან უყვარს სპორტი და წლების მანძილზე საქართველოს გოგონათა ფეხბურთის ნაკრებში თამაშობდა. „არ ვიცი ამისთვის დამრჩება თუ არა კიდევ დრო, თუმცა მინდა, რომ თამაში გავაგრძელო“.

ნია შაქარიშვილი თავისუფალ უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობებზე ისწავლის. სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, თუმცა, როგორც ვიოლეტა, ისიც მიიჩნევს, რომ აბიტურიენტს დამატებითი მომზადება მაინც სჭირდება:

ნია შაქარიშვილი

„სკოლა უნდა გაძლევდეს საშუალებას, ეროვნული გამოცდები დამატებითი მომზადების გარეშე ჩააბარო: გჭირდება აღიდგინო 12 წლის განმავლობაში განვლილი მასალა. გარდა ამისა, გვიწევს ზოგადი უნარების სწავლა, უცხო ენის უკეთესად დაუფლება და ა.შ. ჩემი აზრით, ქართული განათლების სისტემა უნდა შეიცვალოს და ბოლო დამამთავრებელ კლასებში მოსწავლემ ის საგნები უნდა ისწავლოს, რასაც ეროვნულ გამოცდებზე აბარებს. სხვა შემთხვევაში, რეპეტიტორის ინსტიტუტი ყოველთვის იქნება“.

ნია ამბობს, რომ სამომავლოდ დიპლომატიურ სამსახურში მუშაობაზე ოცნებობს.

„დიდი ხანია გადაწყვეტილი მაქვს, რომ დიპლომატი გამოვიდე. მიყვარს მოგზაურობა და ვფიქრობ, თუკი წარმატებული ელჩი ვიქნები, სხვადასხვა ქვეყანაში მომიწევს ცხოვრება.

პირველ ეტაპზე მინდა ჩინეთში წავიდე ელჩად, რადგან ძალიან მომწონს ჩინური კულტურა. დიდი ხანია მაინტერესებს ეს ქვეყანა. ზოგადად, აღმოსავლეთი მაინტერესებს“, – გვეუბნება ის.

ნიაც, ვიოლეტას მსგავსად, ფეხბურთით არის გატაცებული, ისინი ერთად თამაშობდნენ კიდეც ნაკრებში და 2012 წელს, აშშ-ში დისნეის მსოფლიო ჩემპიონატზეც იასპარეზეს.

„ამჟამად მხოლოდ მაყურებლის როლში ვარ და ჩემს სამომავლო კარიერაზე ვფიქრობ“, – გვეუბნება ნია.

ნინი შაქარიშვილი

ნინი შაქარიშვილიც ოქროს მედალოსანია. მან 100 პროცენტიანი სახელმწიფო გრანტი მოიპოვა და კავკასიის უნივერსიტეტში, არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლობს. ეს ფაკულტეტი ასარჩევ სიაში პირველი მიუთითა.

„მანამდე ექიმობა მინდოდა, თუმცა გაზაფხულზე შევცვალე გადაწყვეტილება და არქიტექტურაზე ჩავაბარე.

თავისუფალი დრო თითქმის არასდროს მქონდა, რადგან სკოლაშიც კარგად ვსწავლობდი. ოქროს მედალზე დავამთავრე, მაგრამ მაინც ვემზადებოდი, რადგან მიუხედავად ამდენი სწავლისა და შრომისა, სკოლა ბოლომდე მაინც ვერ გაძლევს იმას, რაც ეროვნული გამოცდებისთვის გჭირდება“.

ნინის თქმით, მოსწავლეს აუცილებლად უწევს ზოგად უნარებში, უცხო ენაში  მომზადება.

„კლასში ბევრი ბავშვია და რთულია მომზადება, ფაქტობრივად, გრამატიკა არ ისწავლება და აქაც მასწავლებლის დახმარება გჭირდება. სკოლას აქვს ერთი პრობლემა – სისტემა არ გაძლევს იმ ცოდნის მიღების საშუალებას, რაც შემდეგ საჭიროა. არის წიგნების პრობლემაც და კიდევ ბევრი რამის“.

ნინი ამბობს, რომ ბავშვობაში ხატავდა და არქიტექტორობა ამიტომ გადაწყვიტა.

„ამ გადმოსახედიდან რთულია ქართული არქიტექტურის შეფასება, რადგან ბევრი რამ უნდა ვისწავლო, მაგრამ მშენებლობებში ფაქტია, რომ ბევრი რამ შესაცვლელია“, – გვეუბნება ის.

ნინი, ვიოლეტას მსგავსად, სწავლის გაგრძელებას გერმანიაში გეგმავს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: