ქობულეთში ზღვისპირა პარკის მოსაწყობად 3 მილიონამდე ლარი დაიხარჯება

ქალაქ ქობულეთის სანაპირო ზოლში, მდინარე აჭყვიდან სატუმრო „ჯორჯია პალასამდე“, 850 მეტრზე, ზღვისპირა პარკი მოეწყობა. პარკის მოსაწყობად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 3 მილიონ 11 ათას 440 ლარია გათვალისწინებული. ქობულეთის მუნიციპალიტეტმა შესაბამისი ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა.

პროექტის მიხედვით, პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა სანიაღვრე სისტემა, განათება, მინისტადიონი, ადაპტირებული ბორდიურები, დამონტაჟდება სკამები, სხვადასხვა ატრაქციონი; დაიგება დეკორატიული ფილები. ამასთან, ამ სამუშაოს შესრულებისას გათვალისწინებული ხეების ამოძირკვა კონტრაქტორმა აუცილებლად უნდა შეათანხმოს შესაბამის სამსახურებთან.

აუქციონში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 22 სექტემბერს დაიწყება და 27 სექტემბერს დასრულდება. ზღვისპირა პარკი კი, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 300 დღეში უნდა მოეწყოს.

სატენდერო პირობის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით, ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, 2019 წლის პირველი ივლისიდან 2019 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში შესაძლებელია შეჩერდეს სამუშაოების მიმდინარეობა [სამუშაოების გარკვეული ეტაპები] და გაგრძელდეს ტურისტული სეზონის დასრულებისთანავე.

ამასთან, ვინაიდან დაგეგმილია ქალაქ ქობულეთის სანაპირო ზოლში არსებული ნაპირდამცავი საფეხურებიანი კედლის რეაბილიტაციის [I ეტაპი] სამუშაოები, პარალელურ რეჟიმში სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, მიმწოდებელმა მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით უნდა უზრუნველყოს ზღვისპირა პარკის მოწყობის სამუშაოების სრული კოორდინირება ნაპირდამცავი საფეხურებიანი კედლის რეაბილიტაციიის სამუშაოებთან მიმართებაში.

სახელშეკრულებო თანხის გარკვეული ნაწილი [არაუმეტეს 313 870 ლარის ფარგლებში] ქობულეთის მუნიციპალიტეტმა შესაძლოა კონტრაქტორს 2018 წელს გადაუხადოს. დარჩენილი თანხის ანაზღაურება კი განხორციელდება 2019 წელს.

ქობულეთის ზღვისპირა პარკის მოწყობა / ტოპოგეგმა სატენდერო დოკუმენტებიდან

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com