ბათუმში ძმები ნობელების მუზეუმის რეკონსტრუქცია იგეგმება

„აჭარის მუზეუმს“ ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიური მუზეუმის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებისთვის ბიუჯეტში 185 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. შენობა ბათუმში, თამარის დასახლებაში, ლესელიძის ქუჩაზე, N3-ში მდებარეობს. სამუშაოებს „აჭარის მუზეუმი“ ელექტრონული ტენდერით შეისყიდის.

პროექტის მიხედვით, იგეგმება არსებული შენობის რემონტი, ასევე გარკვეული დეტალების დამატება.

როგორც სატენდერო კომისიაში გვითხრეს, შეივსება თავისუფალი ადგილები, შენობას დაემატება კაფე, სხვადასხვა სათავსო, ლითონის დეკორატიული ორსართულიანი კარკასი, მოეწყობა ეზო, გამწვანება, შენობა იქნება ადაპტირებული: „კარგი პროექტია, რომლის განხორციელებით, შენობა არ დაკარგავს თავის ვიზუალს, ღირებულებას და იგი უფრო თანამედროვე გახდება“.

„აჭარის მუზეუმს“ ტენდერი უკვე გამოცხადებული აქვს. წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 17 სექტემბერს დაიწყება და 20 სექტემბერს დასრულდება. შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ამიტომ, სატენდერო პირობის თანახმად, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2015 წლის სექტემბრიდან 2018 წლის სექტემბრამდე შესრულებული უნდა ჰქონდეს ურბანული სახეობის უძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 360 000 ლარის ოდენობით.

მუზეუმის შენობაზე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღეში უნდა დამთავრდეს.

მუზეუმის შენობის პროექტი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს შეკვეთით მომზადდა.

პროექტს „აჭარის მუზეუმი“ განახორციელებს. ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „აჭარის მუზეუმი“ აჭარის მთავრობის 2018 წლის 3 მაისის დადგენილებით შეიქმნა.

ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმი 2007 წელს დაარსდა. მუზეუმი სწორედ იმ შენობაში მდებარეობს, სადაც საუკუნის წინ განთავსებული იყო ძმები ნობელების ნავთობსამრეწველო ამხანაგობის „ბათუმის კანტორა“. მუზეუმში დაცულია ძველი ბათუმის ეკონომიკური და კულტურული განვითარების ამსახველი 2000-მდე ექსპონატი.

ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com