ბათუმის მერიის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს


სათათბირო ორგანოს – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს კახაბერ გუჩმანიძე უხელმძღვანელებს. ბათუმის მერიის ცნობით, კახაბერ გუჩმანიძე დღეს, 10 სექტემბერს, ღია კენჭისყრით აირჩიეს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს დამსწრე წევრებმა. საბჭოს ასევე ეყოლება თავმჯდომარის მოადგილე და მდივანი, რომლებსაც მორიგ სხდომაზე აირჩევენ.

კახაბერ გუჩმანიძე  ამჟამად საერთაშორისო ორგანიზაცია CENN- ის კოორდინატორია აჭარის რეგიონში, ასევე არის სხვადასხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული პროექტების ექსპერტი, ნარჩენების მართვის კუთხით ეწევა საკონსულტაციო-საექსპერტო საქმიანობას.

მრჩეველთა საბჭო. ფოტო: ბათუმის მერია

ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანო – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, ახალი შემადგენლობით მიმდინარე წლის ივნისში შეიქმნა.

საბჭოს შემადგენლობაში შედიან მეწარმე იურიდიული პირები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ამხანაგობები და  ბათუმის მოსახლეობის წარმომადგენლები. საბჭოს მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის, სამოქალაქო ინიციატივების, რეკომენდაციების, მოსაზრებებისა და რჩევების შემუშავება და წარდგენის პროცესის ხელშეწყობა.

შეხვედრას ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე, ასევე, ბათუმის მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და დაქვემდებარებული ორგანიზაციების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com