მთავარი,სიახლეები

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარეს ახალი მოადგილე ჰყავს

10.09.2018 • 9567
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარეს ახალი მოადგილე ჰყავს

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის მესამე მოადგილედ ქრისტინე ძიძიგური დაინიშნა. დეპარტამენტში მისი საქმიანობა საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირებასა და სერვისების განვითარებას შეეხება.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, ქრისტინე ძიძიგური პროფესიით სოციოლოგია და აქვს 7-წლიანი სამუშაო გამოცდილება  გაყიდვების მენეჯმენტისა და საერთაშორისო რეკლამის მიმართულებით. პრესსამსახურისვე ინფორმაციით, ქრისტინე ძიძიგური 2016-2017 წლებში იყო ამერიკული დიზაინ ტურისტული კომპანია „ნომად ჰილის“ წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში;  2014-2016 წლებში ის კოორდინაციას უწევდა ევროკავშირისა და ნატოს პროექტებს საქართველოში. 2010-2014 წლებში მუშაობდა პარიზში ფრანგული მაღალი მოდის სააგენტოებში და პოპულარიზაციას უწევდა ფრანგული მაღალი მოდის ბრენდებს მსოფლიო მასშტაბით და 2014 წლიდან დღემდე საქველმოქმედო „ქართული ფონდის“ თანადამფუძნებელია.

ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხებს სოციოლოგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. 2011-2014 წლებში სწავლობდა რობერტ სორბონის სახელობის ფრანგული ენისა და ცივილიზაციის სასწავლებელში – აღნიშნულია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

ქრისტინე ძიძიგურის ქმარი ხუან იოანე ბაგრატიონია. ცოლ-ქმარი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გარემოცვაში პირველად 28 აგვისტოს გამოჩნდა. წყვილი თორნიკე რიჟვაძესთან ერთად მარიამობის წირვას დაესწრო. წყვილი ასევე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად ესწრებოდა 8 სექტემბერს სარფში გამართულ კოლხობის დღესასწაულს.

ქრისტინე ძიძიგური მეუღლესთან და აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად მარიამობის წირვაზე

გადაბეჭდვის წესი