რატომ არავის აინტერესებს ბავშვთა თავშესაფრის მოწყობა ბათუმში



ბავშვებს, რომლებსაც ბათუმის ქუჩებში, ან ბულვარში უწევთ ღამის გათენება, სახელმწიფო ამ ეტაპზე ვერაფერს სთავაზობს – თავშესაფარი მათთვის არ არსებობს. სახელმწიფო ამბობს, რომ მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრისა და თავშესაფრის მოსაწყობად თანხას გამოყოფს, მაგრამ პროგრამა არასამთავრობო ორგანიზაციამ უნდა განახორციელოს. ჯანდაცვის სამინისტრომ „ინტერესის გამოხატვის“ მოთხოვნა უკვე მეორედ გამოაცხადა – მსურველი არ ჩანს.

სოციალური მუშაკები პირად საუბრებში ყვებიან, რომ ბავშვთა ზრუნვის კუთხით ერთ-ერთი პრობლემა თავშესაფრის არარსებობაა. ამის აუცილებლობა განსაკუთრებით მაშინ ჩნდება, როცა ბავშვი ძალადობის მსხვერპლია და სააგენტომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მისი ოჯახში დატოვების ან მინდობით აღზრდაში გაყვანის შესახებ. ამ პროცესს ხანდახან რამდენიმე თვე სჭირდება. ამ დროს ბავშვი ისევ ქუჩაში რჩება, ღია ცის ქვეშ.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს „ინტერესის გამოხატვის მოთხოვნის“ მიხედვით, დღის ცენტრში ორჯერადი კვება უნდა იყოს, თავშესაფარში – სამჯერადი. ცენტრში უნდა მუშაობდეს სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგიც. სამინისტროს მოთხოვნაა არასამთავრობო ორგანიზაციას ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება ჰქონდეს. გარდა ამისა, „ორგანიზაცია უნდა ფლობდეს ან მოიპოვოს სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზია.“

„ინტერესის გამოხატვაში“ არ წერია ფასი – რას გადაუხდის სახელმწიფო არასამთავრობო ორგანიზაციას თავშესაფრის, ან დღის ცენტრის მოწყობის შემთხვევაში. სოციალური მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, რომ კონკრეტული ფასი ტენდერის პირობებში გაიწერება, თუკი დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაცია გამოჩნდება. დღის ცენტრის და თავშესაფრის მომსახურების ფასები მთავრობის განკარგულებით არის განსაზღვრული.

მესამე სექტორში მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო ვაუჩერი ამ კუთხით ძალიან  მცირეა და „თავშესაფრის შენახვა გაჭირდება“. სახელმწიფო კი, ანუ ამ შემთხვევაში სოციალური მომსახურების სააგენტო თანხის სიმცირეს არ იმჩნევს და არგუმენტად ქუთაისი, რუსთავი და თბილისი მოჰყავს, სადაც ანალოგიური დაფინანსებით დღის ცენტრიც არსებობს და თავშესაფარიც.

„ღამის თავშესაფარი სრული დატვირთვით მუშაობს… აქ ადგილი მხოლოდ მაშინ თავისუფლდება, თუკი რომელიმე ბავშვი თავშესაფრიდან გაიპარება,“ – გვიყვება თამარ შარაშიძე, საქველმოქმედო ფონდ „საქართველოს კარიტასის“ ბავშვთა პროგრამის მენეჯერი. ამ ორგანიზაციას აქვს მოწყობილი დღის ცენტრი და თავშესაფარი თბილისსა და რუსთავში. თამარ შარაშიძის თქმით, თითო ბავშვის თავშესაფრით სარგებლობაზე ორგანიზაციას დღეში 19 ლარი ერიცხება, დღის ცენტრში კი – 9 ლარი.

„თანხა შესაძლოა მცირეა, მაგრამ მუშაობს ამ თანხით ცენტრი თბილისში, რუსთავში… რეალურად რთული თემაა და არავის უნდა შეეჭიდოს,“ – ამბობს რუსუდან სალუქვაძე, სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის უფროსის მოადგილე.

„ძალიან კარგად იცის სააგენტომ და სამინისტრომაც, რომ ეს ვაუჩერი ხარჯის დაახლოებით 50 პროცენტს ფარავს. ამიტომაც არ ინტერესდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები პროგრამით. ჩვენ ხარჯებს ვფარავთ ჩვენი ორგანიზაციის პარტნიორების მხარდაჭერით,“ – აღნიშნავს ფონდ „საქართველოს კარიტასის“ წარმომადგენელი, თამარ შარაშიძე.

ბავშვებისთვის თავშესაფრის მოწყობის საჭიროება ბათუმში განსაკუთრებით ზაფხულში ჩნდება, როცა სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ბავშვებიც რჩებიან ქუჩაში. გასული წლის ზაფხულის შემდეგაც ჯანდაცვის სამინისტრომ დღის ცენტრის და თავშესაფრის მოწყობაზე ტენდერი გამოაცხადა, თუმცა იგი ჩავარდა. სამინისტრომ ანალოგიური პირობები ჩადო წელსაც, როცა „ინტერესის გამოხატვის მოთხოვნა“  განათავსა Jobs.ge-ზე. სოციალური მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, რომ სიახლე შენობაა, რომელსაც ბათუმის მერია გამოყოფს პროგრამით დაინტერესებული ორგანიზაციისთვის.

„ჩვენ გვქონდა შეხვედრა ბათუმის მერიასთან. მივიღეთ დაპირება, რომ ისინი გამოყოფენ შენობას და გაარემონტებენ კიდეც. ეს შენობა გადაეცემა ორგანიზაციას იმ ვადით, რა ვადითაც ისინი დღის ცენტრს ან თავშესაფარს მოაწყობენ. ეს მნიშვნელოვანი ხელშეწყობაა,“ – ამბობს რუსუდან სალუქვაძე, სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის უფროსის მოადგილე.

„ჯერჯერობით ეს საკითხი არ განიხილება, კონკრეტული შენობა შერჩეული არ არის,“ – გვითხრეს ბათუმის მერიის პრესსამსახურში. აქ ვიკითხეთ, არის თუ არა შერჩეული სადმე შენობა, რომელსაც ბათუმის მერია არასამთავრობო ორგანიზაციას უსასყიდლოდ გადასცემს პროექტის განხორციელების ვადით.

სოციალური მომსახურების სააგენტო ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა, რომლებიც ბავშვთა უფლებებზე მუშაობენ. „ინტერესის გამოხატვის“ ბოლო ვადა 15 სექტემბერია. სააგენტოს ინფორმაციით, დაინტერესება ამ დროისთვის ორ ორგანიზაციას უკვე აქვს გამოხატული: „განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს“ და „იალქანს“.

„ჩვენ ჯერ ვფიქრობთ, არ მიგვიღია გადაწყვეტილება, განაცხადიც არ შეგვიტანია. შენობის პრობლემა გვაქვს. თუკი მერია ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, შენობის გარეშე თავშესაფრის მოწყობა შეუძლებელია. გადაწყვეტილება გუნდმა უნდა მიიღოს და ჯერ შეჯერებული არ ვართ,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ მაია ქათამაძემ. ის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ხელმძღვანელია. ამ ორგანიზაციას წლებია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დღის ცენტრი აქვს.

განაცხადით ჯანდაცვის სამინისტროს უკვე მიმართა საქველმოქმედო ფონდმა „იალქანი“. „იალქანს“ განაცხადი მხოლოდ დღის ცენტრის მოწყობაზე აქვს შეტანილი. აქაც ყურადღებას შენობაზე ამახვილებენ და ამბობენ, რომ თუკი მერია შესაბამის შენობას არ გამოყოფს, პროექტის განხორციელება შეუძლებელი იქნება.

„ღამის თავშესაფარი კიდევ უფრო რთული და ძვირადღირებული სერვისია, ჩვენ და არც სახელმწიფო ამისთვის მზად არ ვართ… დღის ცენტრისთვისაც ძალიან მცირეა თანხა, მაგრამ ჩავთვალეთ, რომ არ იქნებოდა სწორი, თუკი ამის გამო უარს ვიტყოდით. დონორების მხარდაჭერის გარეშე ამ პროგრამის განხორციელება შეუძლებელი იქნება,“ – ამბობს თიკო აბაშიძე, ფონდ „იალქანის“ ხელმძღვანელი.

თიკო აბაშიძე აცხადებს, რომ შენობასთან დაკავშირებით უკვე ჰქონდა მოლაპარაკება ბათუმის მერიასთან, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ მისთვის უცნობია.

„შემომთავაზეს იმ შენობის ნაწილი ურეხში, სადაც ამჟამად ალკოჰოლდამოკიდებული ადამიანები გადიან რეაბილიტაციას. ეს ადგილი რომც გადმოგვეცეს და გაემიჯნოს დღის ცენტრს, იქ მუდმივად ჩხუბია, პოლიციის გამოძახება და ასე შემდეგ… ბავშვების გვერდით ასეთი გარემო მისაღები არ იქნება.

შენობა, რომლის გადმოცემასაც აპირებდა მერია, სარემონტოა. დონორი ორგანიზაცია მეუბნება, რომ ის გაარემონტებს შენობას, თუკი მერია უზუფრუქტით გადმოგვცემს ფართობს, მერია კი გარანტიას მთხოვს დონორისგან, რომ რემონტს აუცილებლად ჩაატარებს. მოკლედ, საბოლოო პოზიცია უცნობია,“- გვითხრა თიკო აბაშიძემ.

შშმ ბავშვების დღის ცენტრი აქვს ორგანიზაციას – „თანა“. მისი დირექტორი, ნანა საყვარელიძე ამბობს, რომ მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრის მოწყობით არ დაინტერესებულა.

„ეს არის ძალიან რთული პროგრამა, მას სჭირდება შესაბამისი გამოცდილება… ამ დროს ანაზღაურება ძალიან ცოტაა. მსგავსი ცენტრი გასაკეთებელია აუცილებლად, მაგრამ ამას სჭირდება დაკვირვებული მიდგომა და ყველაფრის გათვლა. შშმ ბავშვების შემთხვევაში სახელმწიფო იხდის დღეში 11 ლარს, რეალურად საჭიროა 21 ლარი. ჩვენ სხვადასხვა პროგრამას ვახორციელებთ და ამით გავდივართ…

ვფიქრობ, სახელმწიფომ უნდა აიღოს ეს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და მოაწყოს დღის ცენტრი. ასევე თავშესაფარი მიუსაფარი ბავშვებისთვის“, – ამბობს ნანა საყვარელიძე.

„ბათუმელები“ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციასაც დაუკავშირდა. გვითხრეს, რომ მათ ამ მიმართულებით გამოცდილება არ აქვთ და არც სურვილი გასჩენიათ – სახელმწიფო ვაუჩერის სიმცირის გამო.

ამ მიმართულებით გამოცდილი ორგანიზაცია „კარიტასია“, რომელიც ბათუმში თავშესაფრის ან დღის ცენტრის მოწყობას არ აპირებს.

„ჩვენ საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული, სხვისთვის დაგვითმია…“ – გვითხრა თამარ შარაშიძემ, საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასის“ ბავშვთა პროგრამის მენეჯერმა.

 

 

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი