მთავარი,სიახლეები

საქართველოს მოქალაქეებმა თურქ დამსაქმებლებს პროკურატურაში უჩივლეს

06.09.2018 • 4530
საქართველოს მოქალაქეებმა თურქ დამსაქმებლებს პროკურატურაში უჩივლეს

ორდუს პროვინციაში, უნიეში მყოფი საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც მეათე დღეა კუთვნილ ხელფასს ელოდებიან, საქართველოში თანხის გარეშე ბრუნდებიან. მიუხედავად დაპირებისა, დამსაქმებელმა მათ ხელფასი არ გადაუხადა.

ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცნობით, დაზარალებულებს სამართლებრივი დახმარება გაეწიათ და უნიეს პროკურატურაში საქართველოს 17 მოქალაქის განცხადებაც შევიდა. თავდაპირველად უნიეში საქართველოს 28 მოქალაქე ითხოვდა კუთვნილი ხელფასის მიღებას. 4 სექტემბერს 11 მოქალაქე საქართველოში დაბრუნდა, 17 კი უნიეში დარჩა.

„დავალიანების სრული თანხიდან – 29 500 თურქული ლირა ან $4500, გადახდილია 20 000 თურქული ლირა.  დღეისათვის დავალიანება ისევ შეადგენს 9500 თურქულ ლირას ან $1500.
დარჩენილ 17 მოქალაქეს გაეწია სამართლებრივი დახმარება და სარჩელი შეტანილია უნიეს პროკურატურაში. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თითოეულ თურქ დამსაქმებელს (სულ ხუთი დამსაქმებელი) ელოდება ჯარიმა 80 000 თურქული ლირის ან $12 300 ოდენობით,” – ნათქვამია საკონსულოს მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებულ განცხადებაში.

ტრაპიზონში, საქართველოს გენერალური კონსულის ცნობით უნიეში მყოფი საქართველოს 17 მოქალაქისთვის, საქართველოში დასაბრუნებლად უნიეს მერიამ  ავტობუსი გამოყო.  დაზარალებულები საქართველოში 7 სექტემბერს დაბრუნდებიან.

მთავარი ფოტო: უნიეში მყოფი საქართველოს მოქალაქეები

©ზია ბაირაქი

ამავე თემაზე:

ახალი კანონი მათთვის, ვინც თურქეთში სეზონურად მუშაობს – დამსაქმებელი ვეღარ მოგატყუებთ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: