„მუსიკა ჩართეთ, ვიცეკვო უნდა“, – მოხუცები ზრუნვის ცენტრიდან

„11 თვე, 3 კვირა და კიდევ 4 დღე აქ ვარ,“ – თქვა მან დამარცვლით და ფანჯარასთან ჩამოჯდა. მერე გაკვირვებით შემხედა, რადგან ვკითხე: რატომ ითვლით ასე დღეებს? ამბობს, რომ ყოველი წუთი მნიშვნელოვანია და იმ დღის გათენებას ელის, როცა შვილიშვილებს ნახავს. ნელი [სტატიაში სახელები შეცვლილია] ერთ-ერთია, ვინც ბათუმის სამედიცინო ცენტრში ფსიქიკური პრობლემის მქონე ხანდაზმულთა თავშესაფარში ცხოვრობს. თავშესაფარში სულ 50 მოხუცის ადგილია. ერთი წლის წინ გახსნილ თავშესაფარში ყველა ადგილი დაკავებულია. 6 მოხუცი კი რიგში დგას.

„თავშესაფარს არ ვეძახით, ცუდად ხვდებათ ადამიანებს ყურში არსებული სტიგმის გამო. მოხუცებსაც არ მოსწონთ, არც მათ შვილებს. ეს ხანდაზმულთა სადღეღამისო ზრუნვის ცენტრია,“ – გვიხსნის ეკა ზოიძე, ბათუმის სამედიცინო ცენტრის დირექტორი. შენობის მესამე სართულზე ავდივართ, თეთრ ფოიეში ხანდაზმულები შეკრებილი უკვე გვხდებიან: მდივნებზე ჩამომსხდარან, ტელევიზორი ჩაურთავთ და დუმან.

„ლაპარაკით დაღლილები ვართ ჩვენ“, – ამბობს ერთი ირონიით და მიღიმის. მერე ვეკითხები, ტელევიზორის ყურების გარდა, კიდევ რას აკეთებთ-მეთქი. „ვცეკვავთ“, – ერთხმად მპასუხობენ ისინი და იღიმიან.

„ცეკვა თითქმის ყველას უყვარს, მუსიკაც ჩავუწერეთ ამას წინათ. ქართული მუსიკები მოითხოვეს,“ – მიყვება მომვლელი და მოხუცების გვერდით ჯდება. მოხუცები საუბარს იწყებენ. ყვებიან, როგორ ემადლირებიან ზრუნვის ცენტრს, როგორი სისუფთავე აქვთ, კარგი კვება…

მოხუცებს ზრუნვის ცენტრში რამდენიმე ექთანი და მომვლელია. ცენტრს ექიმი-ფსიქიატრის გარდა ნევროლოგი და კარდიოლოგიც ემსახურება. დღეში ცენტრის ბენეფიციარებს სამჯერადი კვება აქვთ. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ხანდაზმულის აქ მოთავსება საპენსიო ასაკიდან შეიძლება. ერთი პაციენტის მომსახურების საფასური თვეში 750 ლარია. აჭარაში მცხოვრები მოხუცების ხარჯს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ფარავს, სხვა რეგიონების მცხოვრებლებს კი ფულის გადახდა უწევთ. ასეთი ცენტრში სულ 4 მოხუცია.

„მუსიკა ჩართეთ, ვიცეკვო უნდა,“ – ამბობს ერთი და ფეხზე დგება. მუსიკა ირთვება. ის ნელი მოძრაობით იწყებს ცეკვას. მეორეც დგება, მესამეც. „ხომ ლამაზი გოგოები ვართ?“ – კითხულობს ერთი. „გთხოვთ, ჩემს დედამთილს აჩვენეთ ეს კადრები, ნახოს, როგორ ვცეკვავ,“ – ამატებს ისევ ის, ცეკვა პირველმა რომ დაიწყო და ფოიეს თეთრ კედლებზე გამოფენილი მოხუცების ნახატებისკენ აპარებს თვალს.

ნელი: აქ არ მინდა მნახონ შვილიშვილებმა

ნელი 70 წლისაა. ეს ის მოხუცია, დღეებს რომ ითვლის. მასთან ოთახში შევდივარ და ვუსმენ.

„შვილიშვილი მყავს ოთხი, უფროსი ბიჭი 20 წლის ხდება უკვე. იცი, როგორ მენატრება, ვერ გიხსნით… არა, არ მინდა, რომ მნახონ. რომ ვნახო შვილიშვილები, დამიბრუნდება ყველა ტკივილი. აქ არ მინდა, რომ მოვიდნენ. ასე რომ მოხდეს, აქ ვეღარ უნდა გავჩერდე მაშინ.

შვილიშვილები აფხაზეთში გავზარდე. იქ ჩემი მული ცხოვრობდა, გალში. ისინი პეტერბურგში გადავიდნენ საცხოვრებლად და გალის სახლში თავისი მული დატოვა, ავადმყოფობდა ის ქალი და მე ვუვლიდი. 40 კილო იყო რომ დამიტოვა, მე 70 კილო დავახვედრე. ყველას მოსწონდა ჩემი გაკეთებული საჭმელები. ჰოდა, იქ გადავდიოდი ფარული გზებით, წყალშიც გამიცურავს… ზუგდიდში არის „მარშუტკა“ და იმას გადავყავდი ფარულად.

ერთხელ, იქედან როცა ვბრუნდებოდი, რუსმა გენერლებმა გამაჩერეს. ვუთხარი, შვილიშვილია ჩემი და კბილი სტკივა, უნდა გამიშვა-მეთქი. ჩემს სიძეს იცნობდნენ და გამომიშვეს.

მეუღლე ოთხი წლის წინ მომიკვდა. ის რომ მოკვდა, მოკვდა ჩემი ცხოვრებაც… ძველებური წესით გამათხოვეს. სახეზე არც შემიხედია, ისე. გავყევი თუ არა, ჯარში გაიწვიეს. იქედან რომ დაბრუნდა, მე უკვე შვილი მყავდა. რა სჯობია ახალგაზრდობას, კარგად რომ ხარ, არ გგონია, ცუდი თუ იქნება რამე.

აქ კარგია ყველაფერი, ოჯახზე მეტია, მაგრამ ოჯახს მაინც ვერ სჯობია რამე.

 

ნატო: კარგი იქნება, აივნიანი სახლი…

„მოწყენილი ვარ, სულ მოწყენილი“ – გვითხრა ნატომ, რომელიც ნელისთან ერთად ცხოვრობს. ნატო ფიქრობს, რომ ხანდაზმულებს რამე საქმე უნდა ჰქონდეთ.

„10 წუთი რომ უსაქმოდ დავრჩე, უკვე ვერ ვისვენებ, რამე მინდა ვაკეთო… ხანდახან გოგოებს ვთხოვ და სარეცხს ვფენ. სხვა რა შეიძლება გავაკეთო აქ? ქსოვა შემიძლია, ძაფს დავართავ, გავჩეჩავ, დავართავ…

ახლა წინ რომ სახლი შენდება, იქ უნდა გადაგვიყვანონ. გვითხრეს, რომ იმ შენობას დიდი აივნები ექნება, ეს კარგია. ჩვენ ხშირად ეზოში ჩავყავართ სასეირნოდ, ზოგს უჭირს სიარული და აქ რჩება. აივანი როცა გვექნება, ისინი აივანზე მაინც გამოვლენ.

აქ გვივლიან, თმები შეგვჭრეს, მანიკურიც კი გამიკეთეს,“ – ამბობს ის და საკუთარ ხელებს აკვირდება.

ნატო მოხუცების ხელნაკეთ ნივთებს მაჩვენებს: ფერადი თვლებით მორთულ ნატვრის ხეს, თმის სამაგრებს, ასევე ფერადს.

 

ნუგზარი: ჩემ სანახავად არავინ მოდის

„აი, ნუგზარი ჩაწერეთ, მაგას ისეთი ენა აქვს…“ – მითხრეს მოხუცებმა, როცა ფოიეში დავბრუნდი.

ნუგზარი გურიიდანაა. მოხუცებს და მომვლელებს ის ერთნაირად უყვართ, რადგან იუმორის კარგი გრძნობა აქვს. ნუგზარი ქუდების სიყვარულითაც გამორჩეულია. ერთი ქუდი ახურავს, მეორე – ხელში უჭირავს. „აი „ზაპასიო“, – მიღიმის.

„ავტოელექტრიკოსი ვარ მე, პროფტექნიკუმი მაქვს მის დროზე დამთავრებული, 28 წელი ვიმუშავე. მერე მაცივრების ხელოსანიც ვიყავი, აქაც რომ გაფუჭდება რამე, მე მეუბნებიან.

უცოლშვილო ვარ. თავიდან მე დამიწუნეს, მერე მე დევიწუნე და დავრჩი ასე… მე რომ მომეწონა, ის გოგო მისმა მშობლებმა არ ქნეს, არ ვიცი, რატომ, მაგრამ ასე მოხდა. ვარ ახლა აქ და ერთმანეთს ჩანაფიქრებს ვუზიარებთ?

ხანდახან მარტო ყოფნა მინდა, სიმშვიდე, ოთახში ვიკეტები, არავის ვუშვებ… მერე ვმშვიდდები.

არავინ მოდის ჩემს სანახავად, სულ არავინ.“

ნუგზარს მომვლელმა შეახსენა, რომ ძმა ნახულობს. „ჰო, იყო ამას წინათ, შემოიარა,“ – დასძინა მან და თავზე შემოიწყო ორივე ხელი.

საუბრის დროს ფოიეში მხოლოდ ერთი მოხუცი მოძრაობდა ხელში პარკით. მომვლელების თქმით, გურამს სახლში წასვლა უნდა და მუდმივად ემზადება, ყოველდღე.

„ჰო, მივდივარ. დამირეკეს და მოდიან უკვე, გზაში არიან… აქაც კარგია, მაგრამ სახლში მინდა, მანდარინში მაქვს სამუშაო,“ – გვითხრა მან აჩქარებით და ისევ დერეფანს გაუყვა.

 

სამედიცინო ცენტრის დირექტორი: სხვადასხვა კატეგორიის თავშესაფარი გვჭირდება

„ბათუმის სამედიცინო ცენტრის დირექტორი“ ეკა ზოიძე ამბობს, რომ ქვეყანაში სხვადასხვა კატეგორიის თავშესაფრის საჭიროება არსებობს. მისი თქმით, 6 მოხუცი ამჟამადაც ელის ზრუნვის ცენტრში მოხვედრას.

„ვარჩევთ დიაგნოზის მიხედვით… სხვადასხვა სახის პრობლემა იკვეთება. არსებობენ მოხუცები, რომლებიც შესაძლოა გაუშვა, თუ სახლში მომვლელი ჰყავს. ერთი მოხუცია, ვისი ყველა შვილი თურქეთშია წასული, სად გავუშვათ? ისინი ძალიან სენსიტიურები არიან, ყველაფერს გრძნობენ, ახლოს მიაქვთ გულთან,“ – გვიყვება ეკა ზოიძე.

სახელმწიფო ვაუჩერი ექვსთვიანია. ამ ვადის გასვლის შემდეგ, თუკი სამედიცინო ჩვენება დადებითია, მოხუცს შეუძლია ცენტრი დატოვოს. ცენტრის დირექტორის თქმით, ასეთი სულ რამდენიმე შემთხვევა იყო.

ბათუმის სამედიცინო ცენტრის სადღეღამისო ზრუნვის განყოფილებაში ის მოხუცები ხვდებიან, ვისაც ფსიქიკური დაავადება მწვავე ფორმით არ აქვთ და სტაციონარში განთავსება არ სჭირდებათ.

ბათუმის სამედიცინო ცენტრის შენობას არემონტებენ. აქ მრავალპროფილური სამედიცინო კლინიკა უნდა გაიხსნას. ცენტრის დირექტორი, ეკა ზოიძე ამბობს, რომ მრავალპროფილურობა სტიგმის შემცირებას შეუწყობს ხელს. „არ მინდა, მუდმივად ფსიქიატრიულად მოიხსენონ ეს კლინიკა, დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს,“ – ამბობს ის.

ფსიქიკური პრობლემის მქონე რამდენი ადამიანი ცხოვრობს საქართველოში? – ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში გვითხრეს, რომ ამ მონაცემს პირდაპირ ვერ გვეტყვიან და საჯარო ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ.

2014 წლის მონაცემებით კი, საქართველოში 85 ათასამდე ადამიანი იყო რეგისტრირებული, როგორც ფსიქიკური დაავადების მქონე. ფსიქიკურად დაავადებული ადამიანებისთვის ზრუნვის ცენტრი ბათუმის გარდა ხონის ფსიქიატრიის ეროვნულ ცენტრშია, სადაც ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე 100 ადამიანის მოთავსებაა შესაძლებელი.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი