მთავარი,სიახლეები

იანვრიდან საწარმოები არაიდენტიფიცირებული ცხოველის რძეს აღარ ჩაიბარებენ

06.09.2018 • 2063
იანვრიდან საწარმოები არაიდენტიფიცირებული ცხოველის რძეს აღარ ჩაიბარებენ

2019 წლის პირველი იანვრიდან რძის გადამამუშავებელი საწარმოები  რძეს აღარ შეიძენენ იმ ფერმერებისგან, რომლებსაც ცხოველები არ ჰყავთ  სურსათის ეროვნულ სააგენტოში იდენტიფიცირებული. ამ  ცვლილებებისა და იდენტიფიკაციის პროგრამასთან დაკავშირებით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია – FAO-მ დასავლეთ საქართველოში ფერმერებთან და რძის სექტორში წარმოდგენილ მეწარმეებთან საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანია, ერთი მხრივ, ფერმერთა დროული ინფორმირება ახალი რეგულაციის შესახებ, ხოლო მეორე მხრივ, სასოფლო-სამეურნეო, კერძოდ კი, მეცხოველეობის სექტორში ჩართული ყველა დაინტერესებული მხარისთვის ცხოველთა იდენტიფიკაციის ეროვნული სისტემისა და ცხოველიდან ადამიანზე გადამდები დაავადებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

ცხოველთა იდენტიფიკაციის პროგრამა, რომელიც საქართველოში 2012 წლიდან მიმდინარეობს, გულისხმობს მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის იდენტიფიცირებას საყურე ნიშნებით და ცხოველთა რეგისტრაციას სურსათის ეროვნული სააგენტოს ელექტრონულ ბაზაში:

პროგრამის მიზანი ცხოველის და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების მიკვლევადობაა. ანალოგიური მიზანი აქვს იმ რეგულაციასაც, რომელიც პირველი იანვრიდან ამოქმედდება.

საქართველოს მთავრობის №152 დადგენილებით, რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დამტკიცდა, რომელიც ადგენს მოთხოვნებს რძის, რძის ნაწარმის და რძის შემცველი პროდუქტის მიმართ და ამ პროდუქტების წარმოების, ეტიკეტირებისა და ბაზარზე განთავსების პირობებს არეგულირებს.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის [FAO], იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის ხელმძღვანელის, მიხეილ სოხაძის განმარტებით, რეგულაცია მიკვლევადობის და რძის პროდუქტების ხარისხისა და კეთილსაიმედოობის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს:

„ცვლილების უმთავრესი მიზანი რძის და რძის პროდუქტების მომხმარებელთა დაცვაა. რძის გადამამუშავებელი საწარმოები ჩაიბარებენ რძეს მხოლოდ იმ ფერმერებისგან, რომელთა ცხოველებიც იდენტიფიცირებულია შესაბამისი საყურე ნიშნებით. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ცხოველზე განხორციელებულია სახელმწიფო კონტროლი, ვაქცინირებულია და შემოწმებულია ვეტერინარის მიერ, რასაც მინიმუმამდე დაჰყავს ზოონოზური, ანუ ცხოველიდან ადამიანზე გადამდები დაავადებების რისკი“, – აცხადებს მიხეილ სოხაძე.

შეხვედრის ფარგლებში ასევე ისაუბრეს ისეთ ზოონოზურ [ცხოველიდან ადამიანზე გადამდები] დაავადებებზე, როგორიცაა: ჯილეხი, ბრუცელოზი, ცოფი და სხვა.

FAO-ს ინფორმაციით, იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში, საქართველოში მობინადრე ყველა ფერმერის წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელს, განურჩევლად ცხოველების რაოდენობისა, სახელმწიფო ვეტერინარი წელიწადში რამდენჯერმე უტარებს სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ უფასო ვაქცინაციას [ჯილეხი, ბრუცელოზი, ცოფი და სხვ…] და ახდენს საქონლის იდენტიფიკაციას საყურე ნიშნებით. ვაქცინაციისა და იდენტიფიკაციის პროგრამისთვის სახელმწიფო ყოველწლიურად ოთხი მილიონ 500 000 ლარს ხარჯავს, სერვისები ფერმერებს უფასოდ მიეწოდება.

იდენტიფიკაციის სისტემის მიზანია, ცხოველთა მიკვლევადობა და ქვეყანაში კეთილსაიმედო ეპიდემიოლოგიური გარემოს შექმნა. ეს პირდაპირ კავშირშია როგორც ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლესთან, ასევე ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ზრდასთან.

ცხოველთა იდენტიფიკაცია 2016 წლიდან დაიწყო. რეგისტრაციის პროგრამა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს და ავსტრიის განვითარების სააგენტოების ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: