მთავარი,სიახლეები

სპეცმასწავლებლის ხელფასი 500 ლარი იქნება

06.09.2018 • 28089
სპეცმასწავლებლის ხელფასი 500 ლარი იქნება

საქართველოს განათლების მინისტრის ინფორმაციით, ინკლუზიური განათლების პედაგოგთა ხელფასი 400-500 ლარით განისაზღვრება. მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობის წევრებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მომუშავე პედაგოგებისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი დღეს, 6 სექტემბერს, წარუდგინა.

ახალი სასწავლო წელი სკოლებში 17 სექტემბერს დაიწყება. ამ დროისთვის შემუშავებული უნდა იყოს სკოლებში სპეციალური მასწავლებლების პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა, რომელიც აქამდე არ არსებობდა. თუმცა, როგორც სამინისტროში გვეუბნებიან, „სამინისტროების გაერთიანების და რეორგანიზაციის პროცესების გამო, ამ საკითხზე გადაწვეტილების მიღება დაგვიანდა“.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსის, ეკა დგებუაძის თქმით, სპეცმასწავლებლებთან დაკავშირებული პროექტი ჯერ კიდევ შეთანხმების პროცესშია და „საბოლოო სახე არ აქვს“.

ახალი პროექტის მიხედვით, სკოლებში მომუშავე სპეციალურ მასწავლებლებს უფლება არ ექნებათ დამატებით სხვა საგნის საათებიც შეითავსონ, რადგან სპეცმასწავლებლების ხელფასი უნდა გაუთანაბრდეს პროფესიული განვითარების სქემაში ჩართული პედაგოგის ხელფასს.

„პარალელურად, იწერება დაფინანსების მოდელი, რის საფუძველზეც მოხდება სპეცმასწავლებლის დაფინანსება. ცალსახაა, რომ მათი ხელფასი იზრდება და მასწავლებლის ხელფასს უთანაბრდება, განვითარების სქემას მიებმება.

სპეციალური მასწავლებლებისთვის პროფესიული განვითარების ცალკე სქემა იწერება, ეს სრულიად ახალი პროფესია იქნება, სხვა მოთხოვნები იქნება, ისინი სხვა საგნებს იმიტომ ვეღარ შეითავსებენ, რომ ორ სქემაში ერთად ვერ ჩაერთვებიან“, – ამბობს ეკა დგებუაძე.

მისი თქმით, ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით სკოლებში 1700-მდე სპეციალური მასწავლებელი მუშაობს, თუმცა უცნობია, აქედან რამდენი პედაგოგი ისურვებს სპეციალური მასწავლებლის სტატუსით საქმიანობის გაგრძელებას და რამდენი აირჩევს სხვა საგანს.

„გარდამავალ პერიოდში შეიძლება შეიქმნას ადამიანური რესურსების პრობლემა, მაგრამ ნელ-ნელა, თუ გვინდა, რომ ეს სფერო განვითარდეს, სპეცმასწავლებლები უნდა ჩაერთონ ცალკე სქემაში“, – ამბობს დგებუაძე.

დგებუაძის თქმით, პედაგოგების არჩევანის შესახებ ინფორმაცია, სავარაუდოდ, სწავლის დაწყების შემდეგ გახდება ცნობილი.

სპეცმასწავლებლის ფუნქციებში შედის როგორც მოსწავლის საჭიროებების გათვალისწინება და მასთან ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა, ასევე სკოლის ადმინისტრაციისათვის, მასწავლებლებისა და მშობლებისათვის რეკომენდაციების შემუშავება, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა, ალტერნატიული სასწავლო რესურსების შექმნა-მოძიება და სხვა.

2018 წლის 20 ივლისს, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანამდე, სპეციალურ მასწავლებელს სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლის სტატუსი ჰქონდა. შესაბამისად, მათზე არ ვრცელდებოდა კანონით გათვალისწინებული სოციალური შეღავათები, არ ექცეოდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში, არ არსებობდა შრომის ანაზღაურების ზრდის შესაძლებლობა.

ცვლილებების შემდეგ, როგორც სამინისტროში აცხადებენ, სპეციალური მასწავლებლის ხელფასის დაანგარიშება საჯარო სკოლის მასწავლებლის მსგავსად, სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით მოხდება (განათლება და კვალიფიკაცია, სამუშაო სტაჟი, სამუშაო დატვირთვა და ა. შ.) და მათი საშუალო ხელფასი 400-500 ლარის ფარგლებში განისაზღვრება. მთავრობის დადგენილებით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის ასევე იცვლება სკოლების დაფინანსება.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: