მთავარი,სიახლეები

როგორ უნდა დაიცვან ბავშვებმა და მოზარდებმა თავი ინტერნეტში – სპეციალისტების რჩევები

06.09.2018 • 4443
როგორ უნდა დაიცვან ბავშვებმა და მოზარდებმა თავი ინტერნეტში – სპეციალისტების რჩევები

ქართულ ინტერნეტსივრცეში, განსაკუთრებით ფეისბუქზე, დღემდე ბევრი გვერდია, რომელთა მთავარი მიზანიც მოზარდების პირადი მიმოწერისა თუ ინტიმური სურათების უნებართვოდ გამოქვეყნებაა. შემდეგ ამ მოზარდებს სრულიად უცხო ადამიანები მკაცრად აკრიტიკებენ და აბულინგებენ. ბულინგი  კი ზოგჯერ ფატალურადაც მთავრდება. მოდით, კიდევ ერთხელ გადავხედოთ, რა საფრთხეები არსებობს ინტერნეტში ბავშვებისა და მოზარდებისთვის და ვნახოთ, რა რეკომენდაციებს იძლევიან კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები.

ონლაინუსაფრთხოების კომპანია getsafeonline  მშობლებს ურჩევს, რომ 10 წლამდე ბავშვების გაჯეტებზე [ტელეფონი, კომპიუტერი…], რომლითაც ისინი ინტერნეტს უკავშირდებიან, დააყენონ “მშობლის მიერ კონტროლის” ფუნქცია. როგორ უნდა გააქტიუროთ სხვადასხვა სისტემასა თუ საიტზე ბავშვებისთვის უსაფრთხო რეჟიმი? – „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა [IDFI]“ გზამკვლევი მოამზადა, რომლის ნახვაც შეგიძლიათ ამ ბმულზე.

10-13 წლამდე ასაკის ბავშვეთან მიმართებაში კი getsafeonline წერს: “დაელაპარაკეთ თქვენს ბავშვს იმის შესახებ, თუ როგორი შინაარსის მასალები არსებობს ინტერნეტში. ისინი შეიძლება ეძებდნენ ინფორმაციას მათი სხეულის ცვლილებების შესახებ, აინტერესებდეთ როგორია ურთიერთობები. მათ კარგად უნდა ესმოდეთ, რომ დაუშვებელია საკუთარი შიშველი სხეულის ფოტოების ვინმესთვის გაზიარება”.

ბრიტანული გამოცემა guardian-ი მოზარდებისა და მშობლებისთვის ინტერნეტუსაფრთხოების სპეციალისტების რჩევებს აქვეყნებს. ერთ-ერთი მათგანი, ტრეისი ჰალვერი, სატელეკომუნიკაციო კომპანია Verizon-ის იდენტიფიკაციის მთავარი სპეციალისტის რჩევაა, რომ დაიმეგობროთ შვილები სოციალურ ქსელებში:

“დარწმუნდით, რომ თქვენი ბავშვები მესიჯობენ და ეთანხმებიან მეგობრებში დამატებას მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც იცნობენ. ხშირად ონლაინმეგობრების რაოდენობა “პოპულარობის ინდექსია” ბავშვებში. ადამიანებმა, რომელთაც ცუდი მიზნები ამოძრავებთ, იციან ეს და ცდილობენ დაუკავშირდნენ ბავშვებს შენიღბულად და ასე შეიპარონ ბავშვის “შიდა წრეში”. დარწმუნდით, რომ თქვენ არ გაქვთ ჩართული ისეთი რეჟიმი, რომელიც მისი მეგობრების ან პოსტების ნახვას დაგიფარავთ.
ზომიერების ფარგლებში გააკონტროლეთ თქვენი ბავშვის მობილური ტელეფონი, ნახეთ რა აპლიკაციები აქვს დაინსტალირებული, თუ რომელიმე ქსელი გეუცხოვათ, მოძებნეთ ინტერნეტში და დარეგისტრირდით, რომ ნახოთ რა სერვისს სთავაზობს ის მომხმარებელს”.

ინტერნეტტექნოლოგიების უსაფრთხოების კომპანია Sentor-ის ინფორმაციის უსაფრთხოების მთავარი კონსულტანტი იასპერ კრაკადი თავისი შვილების მაგალითზე სხვა ბავშვებსაც ურჩევს, როგორ განასხვავონ ესა თუ ის ფოტო ღირს გამოსაქვეყნებლად თუ არა: “ვთხოვე ჩემს შვილებს, რომ დავემეგობრებინე ყველა სოციალურ ქსელში, სადაც ისინი რეგისტრირებულები არიან (facebook, Twitter და ა.შ.). შემდეგი რჩევა, რაც მე მათ მივეცი, არის ის, რომ თუ აქვეყნებენ ფოტოს ან კომენტარს და ფიქრობენ, რომ არ მოეწონებოდათ ეს ფოტო/ტექსტი მენახე მე, მათ მამას, მაშინ ეს მასალა არ იმსახურებს საჯაროდ გამოქვეყნებას”.

“არასოდეს დატოვოთ ბავშები ინტერნეტთან უმეთვალყურეოდ”, –  ამბობს დეივ კინგი, ონლაინრეპუტაციის მენეჯმენტის კომპანია Digitalis-ის აღმასრულებელი დირექტორი. – “პირველი და ფუნდამენტური პრინციპი არის ის, რომ არასოდეს ჩემი შვილები არ ათვალიერებენ ინტერნეტს მარტო… გარდა ამისა, კომპიუტერები, რომლებზეც ბავშვებს აქვთ წვდომა,სახლში ისეთ ადგილზე დევს, რომ ჩვენთვისაც დასანახი იყოს. ჩვენ ვცდილობთ ვუთხრათ მათ ინტერნეტში უხამსი შინაარსისა და ცუდი ადამიანების არსებობის შესახებ. როგორც ადრე გვაფრთხილებდნენ, დაგვეძახა მშობლებისთვის, თუ ქუჩაში უცხო ადამიანი დაგვეკონტაქტებოდა, ახლა იმავეს ვთხოვთ ჩვენს შვილებსაც, ოღონდ ონლაინზეც. ჩვენ ვესაუბრებით მათ ონლაინტროლებზე, ბულინგზე, პედოფილებზე ვირტუალურ და რეალურ სამყაროში. ჩვენ გვჭირდება ბავშვების გონიერება, როგორც ქუჩაში, ისე ინტერნეტში”.

“ისაუბრეთ ღიად ყველა თემაზე” – მარკ გიბსონი, ვებკომპანია Bloxx-ის გაყიდვების დირექტორი:

“მე ორი შვილი მყავს – 11-ის და 14-ის. ყოველთვის ვცდილობ შვილებთან მქონდეს ძალიან ღია ურთიერთობა და ვისაუბროთ ყველაფერზე. ეს ნიშნავს, რომ როცა ისინი დაინახავენ სექსუალური შინაარსის მასალებს ინტერნეტში, რაც გარდაუვალია, იმის ნაცვლად, რომ თავად იფიქრონ რა არის ეს, ჩვენ ვლაპარაკობთ ამაზე. სწორზე და არასწორზე, რას ნიშნავს ყველაფერი ეს და ა.შ. ასე ღია საუბრით მალევე ცხადი ხდება მათთვის, თუ რა არის შესაფერისი ქცევა და რა არა”.

[yellow_box]რეკომენდაციები მოზარდებს[/yellow_box]

არასოდეს გააკეთო ონლაინში ისეთი რამ, რასაც პირისპირ არ იზამდი. “მაგალითად, მიხვალთ ქუჩაში სრულიად უცხო ადამიანთან და დაუწყებთ საუბარს? შეურაცხყოფთ უცხო ან ნაცნობ ადამიანს კაფეში? მხოლოდ იმიტომ, რომ ეკრანი გიქმნით გარკვეულ ბარიერს და გაშორებთ იმ ადამიანს, ვისაც ესაუბრებით, თავს დაცულად არ უნდა გრძნობდეთ. მუდამ უნდა გახსოვდეთ, რომ ონლაინსივრცე იგივე რეალური სამყაროა”, – ამბობს შილა მეკმენასი, ანტივირუსი Norton-ის ონლაინუსაფრთხოების სპეციალისტი.

“თუ გახვალთ სახლიდან, შემოსასვლელ კარს ღიას დატოვებთ? დაელაპარაკებით უცხო ადამიანებს ქუჩაში, რომლებზეც არაფერი იცით? და გაყვებით მათ განმარტოებულ ადგილას? ეუბნებით უცხო ადამიანებს თქვენს საიდუმლოებებს და პირად მონაცემებს? ადამიანი შეიძლება სულაც არ იყოს ის, ვისადაც თავს გაჩვენებთ და 10 წლის გოგონა შესაძლოა 60 წლის კაცს ემესიჯებოდეთ”, – ამბობს სიუ გოლდი, იურიდიული კომპანია Osborne Clarke-ს მონაცემთა დაცვის გუნდის წევრი.

“როცა რაღაც უკვე დაწერე, მას ვეღარ წაშლი”

დევიდ რობინსონი, ელექტრონიკისა და ინტერნეტტექნოლოგიების მწარმოებელი იაპონური კომპანია Fujitsu UK & Ireland-ის უსაფრთხოების მთავარი ოფიცერი, ბავშვებს ახსენებს, რომ ყველაფერს, რასაც ისინი აკეთებენ ონლაინში, სამუდამოდ რჩება ინტერნეტში და შესაძლოა ოდესღაც ძალიან უსიამოვნოდ მიუბრუდეთ: “ინტერნეტში არ გამოთქვათ ისეთი რამ, რასაც არ ილაპარაკებდით თქვენს ოჯახთან. იფიქრეთ რას აკეთებთ და რას ამბობთ, შესაძლოა თქვენ ზიანს აყენებთ ვინმეს ან საკუთარ თავს.
გახსოვდეთ, როცა რაიმეს დაწერთ ინტერნეტში, მას ვეღარ წაშლით (გარდა გუგლის სერვისისა “უფლება იყო დავიწყებული”, რომელიც მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებში მუშაობს).
თუ რაიმე საკამათოს ამბობთ, იგი დაკოპირდება ბევრჯერ და ყოველთვის მოგიბრუნდებათ, უკვე მოზრდილ ცხოვრებაშიც, როცა კოლეჯში, უნივერსიტეტში ჩაბარებას გადაწყვეტთ ან სამსახურში დასაქმებას”.

ბრიტანული ორგანიზაცია safetynetkids ინტერნეტში საფრთხეების თავიდან ასაცილებლად ბავშვების ურჩევს:

  1. არასოდეს დაპოსტოთ ონლაინ ისეთი პერსონალური ინფორმაცია, როგორიცაა საკუთარი (ან სხვისი) სახლის მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, მობილურის ნომერი და სხვა.
  2. კარგად დაფიქრდით, სანამ საკუთარ ფოტოს ან ვიდეოს გამოაქვეყნებთ ან ვინმეს გაუგზავნით. გამოქვეყნებიდან წამებში სურათი უკვე შეიძლება ათასობით ადამიანმა ნახოს, წამებში შესაძლებელია მისი ჩამოტვირთვა, ან სქრინის გადაღება, ამიტომ უმჯობესია ფოტო/ვიდეომასალის გამოქვეყნებამდე დაფიქრდეთ, რამდენად ღირს, რომ ეს სურათი უცხო ადამიანებსაც ჩაუვარდეს ხელში.
  3. არასოდეს მისცეთ ვინმეს თქვენი პაროლი, გარდა მშობლისა.
  4. არასოდეს შეუთანხმდეთ შეხვედრაზე ადამიანებს, რომლებიც ონლაინგაიცანით. თუ ასეთ რამეს გთხოვენ, აუცილებლად უთხარით მშობელს ან თქვენთვის სანდო, ზრდასრულ ადამიანს.
  5.  ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ონლაინში ყველა ის არ არის, ვისადაც თავს ასაღებს.
  6. კარგად დაფიქრდით, როცა რაიმეს პოსტავთ, ხომ არ შეიცავს ეს კომენტარი თქვენს ან ვინმეს შესახებ პირად ინფორმაციას ან ისეთ დეტალებს, რომელთა გაჟღერებაც თქვენ ან სხვა ადამიანს არ ესიამოვნება ან ზიანს მიაყენებს.
  7. პატივი ეცით სხვის აზრს – სხვისი აზრის საპასუხოდ ან გამოსახულების შესახებ შეურაცხმყოფელი კომენტარების წერა არასოდესაა კარგი ტონი. თუკი ვინმეს აზრს არ ეთანხმებით, ეს არ ნიშნავს, რომ უხეშად უნდა დაელაპარაკოთ.
  8. თუ ხედავთ ონლაინსივრცეში ისეთ რამეს, რაც დისკომფორტს გიქმნით, თავს დაუცველად გრძნობთ და ღელავთ: დატოვეთ ვებგვერდი, გამორთეთ კომპიუტერი (ან ინტერნეტი) და აუცილებლად გაუზიარეთ ეს ამბავი თქვენთვის სანდო, ზრდასრულ ადამიანს.

[red_box]როგორ უნდა მოიქცეთ[/red_box]

თუ ინტერნეტში გაგივრცელეს (ან გემუქრებიან გავრცელებით) ინტიმური სურათები, პირადი მიმოწერები, რაც ზიანს აყენებს თქვენს იმიჯს, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ პოლიციას, ასევე საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდს ნომერზე: 116 111 | 0322 421 422, სადაც პრობლემის მოგვარების პარალელურად დაცული იქნება თქვენი კონფიდენციალობა.

ინტერნეტში ნებისმიერი საეჭვო მიმოწერის, მუქარის, უხამსი შემოთავაზების, აკიდების, ბულინგისა თუ სხვა უსიამოვნო ქმედების შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინეთ თქვენთვის სანდო, ზრდასრულ ადამიანს.

ქართულ ონლაინსივრცეში არსებობს კარგად ორგანიზებული, სწორედ ასეთ პრობლემებზე მომუშავე ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც აუცილებლად დაგიჭერენ მხარს, დაგეხმარებიან შეუფერებელი შინაარსის მასალების გასაჩივრებაში და დაგაკავშირებენ საჭირო სპეციალისტებთან.


საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი ახორციელებს პროექტს – „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“. პროექტის პარტნიორები არიან: რეაბილიტაციის და განვითარების საქველმოქმედო ცენტრი „თანაზიარი”, კავშირი „სთეფ ფორვარდი“ და International Child Catholic Bureau (BICE). პროექტის ასოცირებული პარტნიორები არიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და Child Helpline Intrenational.

ამავე თემაზე:

როცა შენს შიშველ ფოტოს ან ვიდეოს სხვას უგზავნი – სპეციალისტების რეკომენდაციები

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: