„ბათუმის ორსახოვნება“-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფორუმი ბათუმში

ბათუმში, 30 სექტემბერიდან 6 ოქტომბერის ჩათვლით, „ინტერკულტურული დიალოგისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფორუმი“ გაიმართება, სახელწოდებით, – „ბათუმის ორსახოვნება – ნეოლიბერალური კაპიტალიზმი და პოსტსაბჭოთა ქალაქის უთანასწორობა“.

ფორუმზე მოწვეულნი არიან რეგენსბურგის უნივერსიტეტის პროფესორი, გერ დოიზინგსი, რომელიც ერთ-ერთი თანაავტორია პროექტისა – „ქალაქის მეთოდოლოგია“ (Engaged Urbanism: Cities and Methodologies) და ოკსანა ზაპოროჟეცი, მოსკოვის ეკონომიკის უმაღლესი სკოლის პროფესორი.

პროექტის მხარდამჭერია როზა ლუქსემბურგის ფონდი.

„ბათუმი წარმოადგენს ქალაქს, რომელიც ყველაზე უკეთ ასახავს პოსტსაბჭოთა ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ტრანსფორმაციის შედეგებს.

ბათუმმა ბოლო წლების მანძილზე რადიკალური ცვლილებები განიცადა და დღეს ეს არის ადგილი, სადაც ნეოლიბერალური ცხოვრების სტილი და უკიდურესი გაჭირვება თანაარსებობს, როგორც ერთი ურბანული სივრცის ორი განსხვავებული რეალობა.

ქალაქის სოციალური სიკეთეები და საზოგადოებრივი სივრცეები განიცდის რღვევას კომერციული ინტერესების სასარგებლოდ. ამავდროულად ბათუმი საკმაოდ დიდი ისტორიული მეხსიერების მატარებელია, რაც ჯერ კიდევ ასახულია ქალაქის სივრცით მოწყობაში,“ – აღნიშნულია ფორუმის პრესრელიზში.

ორგანიზატორთა ინფორმაციით, ექვსი დღის განმავლობაში, ბათუმის და არა მხოლოდ ბათუმის მაგალითზე, ქართველი ლექტორები მოწვეულ უცხოელ პროფესორებთან ერთად ისაუბრებენ ქალაქის განვითარების პრობლემებზე.

„მსმენელები მომხსენებლებთან ერთად კრიტიკულად გაანალიზებენ უთანასწორობის გავლენას ქალაქის ურბანულ და სოციალურ სტრუქტურაზე,“ – გვითხრეს ორგანიზატორებმა.

შეხვედრის თემატიკა მოიცავს როგორც თეორიულ კომპონენტს (ლექციები, ტრეინინგები), ისე პრაქტიკულ ნაწილს – ექსკურსია ბათუმში, რომლის დროსაც მონაწილეებს შეეძლებათ მოამზადონ ფოტომასალა და სურვილისამებრ დაწერონ ესეი მათთვის საინტერესო თემაზე.

დასკვნით ეტაპზე მონაწილეები ჯგუფში მცირე პრეზენტაციას გააკეთებენ მათ მიერ მომზადებულ მასალაზე.

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ 18-29 წლამდე ახალგაზრდებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან თანამედროვე ქალაქის განვითარებისა და უთანასწორობის პრობლემატიკით.

მონაწილეობასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს (მგზავრობა, განთავსება, კვება) ფარავს ორგანიზატორი მხარე.

დაინტერესებულმა პირებმა 15 სექტემბრის ჩათვლით უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com