აჭარის მთავრობა: სარფის საბაჟოზე ოქტომბრიდან რიგები აღარ იქნება

„რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ სარფის საბაჟოზე რიგები აღარ იქნება,“ – აცხადებენ აჭარის მთავრობის პრესცენტრში. ინფორმაცია სარფის საბაჟო პუნქტზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მონახულების შესახებ აჭარის მთავრობამ გაავრცელა.

სარფის საბაჟოზე თურქეთის მხრიდან სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. თურქული მხარის ინფორმაციით, რეაბილიტაციის პროცესი ოქტომბრის ბოლოს დასრულდება. ამ დრომდე სარფის საბაჟოზე ხშირად იქნება რიგები.

აჭარის მთავრობის ინფორმაცით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სარფის საბაჟოზე მიმდინარე სამუშაოებს თურქეთის სავაჭრო პალატებისა და ბირჟების გაერთიანების თავმჯდომარესთან, რიფათ ჰისარჯიკლიოღლუსთან ერთად გაეცნო. თურქულ მხარესთან გამართულ შეხვედრას ბათუმში თურქეთის გენერალური კონსული მაქბულე ქოჩაკიც ესწრებოდა.

„რეაბილიტირებული სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის მიმოსვლისას მომსახურების ხარისხის და გამტარუნარიანობის გაზრდას,“ – აღნიშნულია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი