რას ირჩევენ გოგოები აჭარის მთაში

„მაღალმთიანეთში მცხოვრები ქალების მხსნელები შვილები არიან. შვილები, რომლებმაც განათლება მიიღეს, ახლა ვალდებულნი არიან, თავიანთ დედებს დაეხმარონ,” – ასე მიიჩნევენ ზემო აჭარაში მცხოვრები გოგოები. ახლა გოგოები გამოწვევის წინაშე დგანან – ისინი იბრძვიან დამოუკიდებლობისთვის, ხარისხიანი, მათთვის სასურველი განათლებისათვის, დასაქმებისათვის. გოგოებს მიაჩნიათ, რომ განათლება ერთგვარი თავდაცვის საშუალებაა, რომ განათლების გარეშე ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწევენ და ვერ განვითარდებიან.

ნახეთ ხუთი გოგოს ისტორია. სამმა ჯერ ზუსტად არ იცის, რა პროფესიას აირჩევს, ერთმა უნივერსიტეტი დაამთავრა და სამსახურს ეძებს, ერთიც სტუდენტია და ცდილობს ცხოვრებაში საკუთარი გზა იპოვოს.

ნესტან ანანიძე ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

ნესტან ანანიძე, 19 წლის:

„ჩემს ოჯახში ბებიაჩემს და დედაჩემს არ მიუღიათ უმაღლესი განათლება. ვფიქრობ, ეს ფაქტორი დაეხმარა დედაჩემს, კარგად გაეანალიზებინა რამდენად მნიშვნელოვანია განათლება ქალისთვის, იმისთვის, რომ ჰქონდეს დამოუკიდებელი ცხოვრება, დამოუკიდებელი შემოსავალი და საკუთარი აზრი. ყველაფერი გააკეთა, რომ მის ოთხივე გოგო შვილს – მე და ჩემს დებს, განათლება მიგვეღო.

მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ წარმატებული ვყოფილიყავი, კარგად მესწავლა. ის, რაც დედაჩემს დააკლდა განათლების მხრივ, ჩემში ჩადო. უნივერსიტეტში პროფესიის არჩევის მხრივაც არავის შევუზღუდივარ. თსუ-ში ჩავაბარე იურიდიულ ფაკულტეტზე.

განათლება არ არის მხოლოდ წიგნების წაკითხვა და გაზეპირება. განათლება ქალს ეხმარება თუნდაც იმაში, რომ არავისზე დამოკიდებული არ იყოს. თუნდაც თავი რომ დაიცვას და  არავის დააჩაგვრინოს. პროფესიის მხრივ წარმატებული და განათლებული ქალი ოჯახშიც დაფასებული იქნება.

სწორედ ამ მიზნისკენ მივდივარ მეც. მინდა ჩემი გზა ვიპოვო ამ ქვეყანაში. მაღალმთიან აჭარაში განათლება პრობლემურია. კი, ჩვენს თაობაში ყველას აქვს განათლების მიღების შანსი. ჩემს თაობაში ყველა  ცდილობს უმაღლესი განათლება მიიღოს. ყველა მშობელი ორიენტირებულია, რომ თავის გოგო შვილს და არამარტო  ბიჭს მისცეს განათლება, თუმცა აქ უკვე ხარისხზეა საქმე. ყველა თვლის, რომ უნდა იყოს უმაღლესდამთავრებული და დიპლომი ჰქონდეს, მაგრამ ეს რეალურად არ ნიშნავს განათლებას.

ხშირად გოგოებს აიძულებენ იმ პროფესიაზე ჩააბარონ, რომელიც არ უნდათ და არ აინტერესებთ. ოჯახი უწყვეტს, რაზე ისწავლოს. ასეთი განათლების მიღება გოგოს საკუთარ თავს ვერ აპოვნინებს. ჩვენ სწორედ იმიტომ ვიღებთ განათლებას, რომ ჩვენი თავი ვიპოვოთ.

გადაწყვეტილი მაქვს სისხლის სამართლის მიმართულებით წავიდე. არაერთი შემთხვევა გამიგია და მეც ხშირად ვყოფილვარ მამაკაცების მხრიდან ზეწოლის მსხვერპლი. ვთვლი, რომ თუ ვიქნები იურისტი, ასე უფრო დავეხმარები ქალებს, რათა თავი დაიცვან. რა თქმა უნდა, დავბრუნდები ხულოშიც. სწორედ ამიტომ წავედი თბილისში სასწავლებლად, რომ უკან დავბრუნდე და აქაურ ქალებს და არამარტო, დავეხმარო რომ გაძლიერდნენ და ისწავლონ თავის დაცვა.

ქალებს აქ არ აქვთ საშუალება, რომ ოჯახს გარეთ გაიხედონ. მათი ერთადერთი საზრუნავია ოჯახი, ოჯახი და ოჯახი. არ აქვთ ჰობის ქონის უფლება. აქაური ქალები არიან ძალიან ნიჭიერები, მაგრამ შეზღუდული არიან საზოგადოების მხრიდან. არ აქვთ საშუალება, საკუთარი თავი გამოსცადონ იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც აქვთ უნარები. მხოლოდ შვილები, ოჯახის შემოსავალი, ქმარი და ა.შ. აქაურ ქალებს უფრო მეტი შეუძლიათ, ვიდრე მხოლოდ ოჯახის გაძღოლაა.

ვფიქრობ, მათი  ხსნა შვილებშია, რომლებსაც დაახარჯეს თავიანთი  ენერგია და წლები.  შვილები აუცილებლად უნდა დაეხმარონ თავიანთ მშობლებს, რომ აღარ იყვნენ ისე შეზღუდულები და იყვნენ თავისუფლები. შვილები უნდა დაეხმარონ იმაში, რომ იმ განათლებით, რომელიც მიიღეს, დარჩენილი ცხოვრება გაულამაზონ“.

თინიკო ზოსიძე ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

თინიკო ზოსიძე, 15 წლის:

„მეათე კლასში გადავედი წელს, 15 წლის ვარ და ვსწავლობ შუახევში, ჯაბნიძეების საჯარო სკოლაში. სასკოლო საგნებიდან ყველაზე მეტად ქართული მომწონს. შეიძლება ითქვას, რომ კარგად ვსწავლობ. გატაცებული ვარ ცეკვით, მინდა მოცეკვავე გამოვიდე. რა მინდა იცით? სახელგანთქმული რომ გავხდე. ამაში განათლება დამეხმარება.

ჩემს თანატოლებს მინდა ვუთხრა, რომ არ გათხოვდნენ,  სჯობს ჯერ ისწავლონ. მაგალითად, ახლა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწავლაა. საზღვარგარეთ მინდა წასვლა სასწავლებლად“.

თამთა თავართქილაძე  ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

 თამთა თავართქილაძე, 17 წლის:

„მეთორმეტე კლასში ვარ, აბიტურიენტი. ვცხოვრობ ხულოში. პირველივე კლასიდან ვიცოდი, რომ ჩემი მომავალი დაკავშირებული იქნებოდა საუნივერსიტეტო ცხოვრებასთან და აუცილებლად უნდა მიმეღო უმაღლესი განათლება. ეს საფუძველი ოჯახიდან მოდიოდა, ყველას აქვს უმაღლესი განათლება.

ვიცი, რომ განათლების გარეშე ვერაფერს მივაღწევ, გზას ვერ გავიკვალავ. ჯერ პროფესია არჩეული არ მაქვს, მაგრამ, ალბათ, ისეთ სფეროს ავირჩევ, რომელიც მნიშვნელოვანია ჩემი ქვეყნისთვის. ჩემს კლასში ვართ 40-მდე ბავშვი და მინიმუმ 35 მაინც აპირებს უნივერსიტეტში ჩაბარებას. სხვები კოლეჯს ირჩევენ. არავინ არ აპირებს დარჩეს სწავლის გარეშე.

მე, პირადად, არ შევსწრებივარ, მაგრამ გამიგია ამბები, თუ როგორ გაათხოვეს ადრეულ ასაკში გოგოები და ამით წაართვეს განათლების უფლება.

ხულოში ერთადერთი ადგილი, სადაც შეგვიძლია შევიკრიბოთ და საინტერესოდ გავატაროთ დრო, არის ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკა კარგად მუშაობს და ცდილობს შეგვკრას მთელი რაიონის ბავშვები. ბიბლიოთეკა დაკეტილი რომ იყოს, სად უნდა წავიდეთ, არ ვიცი“.

ზეინაბ ვახტანგიძე ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

ზეინაბ ვახტანგიძე, 13 წლის:

„13 წლის ვარ. წელს მერვე კლასში გადავედი. ყოველ ზაფხულს მთაში ვატარებ. აქ ბებოსთან ერთად ამოვდივარ. თითქმის ყველა საოჯახო საქმეში ვეხმარები. მე და ბებო შრომას ვინაწილებთ. კარგად ვსწავლობ ქართულს და ისტორიას. ვიცი, რომ განათლებას მივიღებ, თუმცა ჯერ არ ვიცი რა პროფესიას ავირჩევ. ყველაზე მეტად სტილისტობა მომწონს.  შეიძლება სტილისტი გავხდე”.

გალინა ფუტკარაძე ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

გალინა ფუტკარაძე, 23 წლის:

„საშუალო განათლება შუახევში, შუბნის საჯარო სკოლაში მივიღე. კლასში 10 ვიყავით. უმრავლესობამ უნივერსიტეტებში ჩავაბარეთ. ახლა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობ, მაგისტრატურის მეორე კურსზე ვარ. ბაკალავრიატი დავამთავრე ბიოლოგიის განხრით. მაგისტრატურაც ამ ხაზით გავაგრძელე, ბიომრავალფეროვნების მიმართულებით. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს სპეციალობა, ძალიან მიყვარს და სულ ვამბობ – კიდევ ერთხელ რომ მომიწიოს ჩაბარება უნივერსიტეტში, ისევ ბიოლოგიაზე ჩავაბარებ-მეთქი. ბიოლოგიის მიმართ ინტერესი ჩემი პედაგოგის დამსახურებაა. ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ საგანი შემყვარებოდა.

მაღალმთიანეთში ვცხოვრობთ, მაგრამ ჩვენი სკოლა ძალიან კარგი სკოლაა. საკმაოდ ძლიერი და გამოცდილი პედაგოგებიც გვყავს. უნივერსიტეტში ისე ჩავაბარე, რეპეტიტორთან არ მივლია, ჩემით ვმეცადინეობდი და ისე გავხდი სტუდენტი. უმრავლესობა ჩვენი სოფლიდან ასე აბარებს ეროვნულ გამოცდებს. დამატებით მასწავლებელთან არავინ დადის სამეცადინოდ.

წელს მაგისტრატურასაც ვამთავრებ, მაგრამ ჯერ არ ვიცი, სად და როგორ ვიპოვი სამსახურს. ბოტანიკურ ბაღში, გარემოს დაცვაში, სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ლაბორატორებში შემიძლია ვიმუშაო. ბევრჯერ გავაგზავნე „სივი“, მაგრამ პასუხი ყოველთვის იყო – „ამჟამად არ გვაქვს ვაკანსია“. ორთვიანი სტაჟირება გავიარე ბოტანიკურ ბაღში, გარემოს დაცვის სამმართველოში ვიყავი სტაჟირებაზე სამი თვე. სულ ვცდილობ განვვითარდე და კარგი სპეციალისტი გავხდე.

ჯერჯერობით იმედს არ ვკარგავ, რომ  ჩემი პროფესიით დავსაქმდები. იმიტომ ვარ ამ წუთას სოფელში, რომ არ მინდა სხვა მიმართულებით ვიმუშაო – მარკეტში ან სადმე კონსულტანტად. ვსწავლობ ამდენს და აუცილებლად ჩემი პროფესიით უნდა ვიმუშაო. ჩემთვის, ჩემი მომავლისთვის  დასაქმება უმნიშვნელოვანესია”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი