მთავარი,სიახლეები

როგორ შეიძლება ქუჩისთვის სახელის შეცვლა – საიას განმარტება

31.08.2018 • 3859
როგორ შეიძლება ქუჩისთვის სახელის შეცვლა – საიას განმარტება

ბათუმის საკრებულო ლერმონტოვის ქუჩისთვის ამერიკელი სენატორის და საქართველოს მხარდამჭერის – ჯონ მაკკეინის სახელის მინიჭების საკითხის განხილვას აპირებს. ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარემ, სულიკო თებიძემ დღევანდელ სხდომაზე თქვა.

რამდენიმე თვის წინ, მარტში, საკრებულომ უარი თქვა გრიბოედოვის ქუჩისთვის ცხინვალში გატაცებული და შემდეგ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის სახელის მინიჭების საკითხის განხილვაზე. მაშინ იურიდიულმა კომისიამ მსჯელობის შემდეგ განმარტა, რომ საკრებულოს შესაბამისი უფლებამოსილება არ ჰქონდა, თუ სამთავრობო კომისიის თანხმობას არ მიიღებდა. სამთავრობო კომისიისთვის მაშინ ბათუმის საკრებულოს არ მიუმართავს.

რა პროცედურაა გასავლელი ქუჩისთვის სახელის შესაცვლელად და ვისი უფლებამოსილებაა ამის გაკეთება? – „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის უფროსი, ანნა მდინარაძე განმარტავს, რომ ქუჩების სახელდების, მათ შორის, სახელის შეცვლის საკითხი მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებაა, თუმცა მას საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სამთავრობო კომისიის დასკვნა სჭირდება მიზანშეწონილობის შესახებ.

„საკრებულო გადაწყვეტილებას იღებს მთავრობის დადგენილებით და საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. თავდაპირველად, ინიციატივა უნდა წარედგინოს საკრებულოს. ინიციატივის წარდგენაზე უფლებამოსილია მერი, გამგებელი, საკრებულოს წევრი, ამომრჩევლების ერთი პროცენტი და ასე შემდეგ. ინიციატივას თან უნდა ერთვოდეს მოტივაცია და დასაბუთება, ასევე გეოგრაფიული ობიექტის – ამ შემთხვევაში, ქუჩის აღწერა. შესაბამის კომისიას აქვს ვალდებულება 10 სამუშაო დღეში გამოაქვეყნოს საჯაროდ ინიციატივა და მოსახლეობასთან გაიაროს კონსულტაცია. ამის შემდეგ უნდა დაწეროს დასაბუთებული დასკვნა სახელდების მიზანშეწონილობის თაობაზე. დაკვნა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ეგზავნება.

საკრებულოს თავმჯდომარე მიმართავს საჯარო რეესტრს განცხადების დასარეგისტრირებლად, რომელსაც თან უნდა დაერთოს საკრებულოს კომისიის დასკვნა, თავად ინიციატივა, მოსახლეობასთან კონსულტაციის ამსახველი დოკუმენტი და საკრებულოს სამართლებრივი აქტის პროექტი. საკრებულოს თავმჯდომარეს ასევე აქვს ვალდებულება, რომ ეს ინფორმაცია შესათანხმებლად გაუგზავნოს გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდებათა დადგენის ნორმალიზების გამოყენების რეგისტრაციის აღრიცხვის და დაცვის მიზნით შექმნილ გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიას. ამ კომისიამ უნდა დაწეროს დასკვნა. თუ სამთავრობო კომისიიდან იქნება თანხმობა, საკრებულო ორი მესამედით იღებს გადაწყვეტილებას და მიიღებს განკარგულებას ქუჩის სახელდების შესახებ.

საბოლოო გადაწყვეტილება საკრებულომ უნდა გადაუგზავნოს საჯარო რეესტრს, ასევე აღმასრულებელ ორგანოს, ანუ მერიას და ცესკოს. ქუჩის სახელდების შესახებ გადაწყვეტილება უნდა გამოქვეყნდეს „საკანონმდებლო მაცნეში“, – გვითხრა ანნა მდინარაძემ.

რა ხდება სამთავრობო კომისიის უარის შემთხვევაში? – იურისტი განმარტავს, რომ სამთავრობო კომისიის დასკვნის გარეშე საკრებულო გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: