მთავარი,სიახლეები

მეთხილეებმა კომპენსაციის მოთხოვნით ქობულეთი-ოზურგეთის ცენტრალური გზა გადაკეტეს

31.08.2018 • 1523
მეთხილეებმა კომპენსაციის მოთხოვნით ქობულეთი-ოზურგეთის ცენტრალური გზა გადაკეტეს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყავროკასთან ფერმერებმა, რომლებიც წელს თხილის მოუსავლიანობის გამო დაზარალდნენ, ქობულეთი-ოზურგეთის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა გადაკეტეს. ისინი ადგილზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მისვლას და კომპენსაციის დაპირებას ითხოვენ.

ადგილზე იმყოფება ქობულეთის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ბონდო თედორაძე, რომელმაც „ბათუმელებს“ უთხრა, რომ დაშლას არ აპირებენ:

„ ჩვენ გვაქვს გზა გადაკეტილი, სანამ მთავრობის თავმჯდომარე არ მოვა, მოსახლეობას არ შეხვდება და კონკრეტულ დაპირებას არ მისცემს, მანამდე ვიდგებით აქ. ვითხოვთ კომპენსაციების გაცემას. ერთადერთი შემოსავალი ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის არის თხილი და ციტრუსი. თხილი განადგურებულია და ციტრუსი ნადგურდება, რადგან ციტრუსზე შესეულია ფაროსანა. სოფლებიდან ჩავიდა ხალხი ბათუმში მთავრობის თავმჯდომარესთან და არ შეხვდა. ახლა ვითხოვთ, რომ მთავრობის თავმჯდომარე მოვიდეს აქ.“

ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია.

აქცია ქობულეთში. ბონდო თედორაძის ფოტო

ქობულეთში მცხოვრებმა ფერმერებმა ბათუმში, აჭარის მთავრობის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს 23 აგვისტოსაც.  ისინი ამბობენ, რომ მოსავლის 90 პროცენტი გაუფუჭდათ და კომპენსაციას ითხოვენ.

იმავე დღეს, 23 აგვისტოს,  აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, მამუკა თურმანიძემ განაცხადა, რომ აჭარის მთავრობა მეთხილე ფერმერებისთვის კომპენსაციის საკითხს არ განიხილავს. 

აჭარის  მთავრობა ფერმერებს იმ ფინანსურ კომპანიებთან შუამდგომლობას სთავაზობს, რომლებთანაც ფერმერებს ვალდებულებები აქვთ აღებული:

„მთავრობამ იმუშავა ეფექტურად, უკვე მიღწეულია შეთანხმება კერძო საფინანსო ორგანიზაციებთან,  ჩვენს მოქალაქეებს გადაუვადდებათ მიმდინარე ვალდებულებები, რაც საფინანსო ორგანიზაციებთან აქვთ აღებული.“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: